მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
"მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი
უსჯულოებისანი"
თანამედროვე მსოფლიო "ინტეგრაციულმა" პროცესმა
მოიცვა. "მსოფლიო შეერთებული შტატების" შექმნისათვის ინტენსიური მუშაობა
ყველა დონეზე მიმდინარეობს. მსოფლიო საინფორმაციო საშუალებები თავგამოდებით
უწევენ რეკლამას ამ იდეას (საქართველოში ამ კამპანიის ავანგარდში "რუსთავი
2" და "24 საათი" დგანან) და ვაი მას, ვინც საწინააღმდეგო
აზრის გამოთქმას გაბედავს – მას დაუყოვნებლივ მიაკერებენ ბნელეთის მოციქულის,
ჩამორჩენილი ადამიანის ანდა ფანატიკოსის იარლიყს, და თუ დროულად არ მოეგო
გონს, კაცობრიობისა და პროგრესის მტრების რიგებში გაამწესებენ.
პოლიტიკური ინტეგრაციის
პარალელურად მიმდინარეობს რელიგიური ინტეგრაცია, რაც მდგომარეობს ეკუმენისტურ
და პანეკუმენისტურ მოძრაობაში. დღესდღეობით უკვე შექმნილია ყველა მწვალებლობის,
ურჯულოებისა და სიცრუის ერთიანი ფრონტი "ეკლესიათა მსოფლიო საბჭო",
რომლის მიზანია ანტიქრისტესთვის ტახტრევანის გამზადება. სწორედ ამ საბჭოში
შესვლას ქადაგებენ ეკუმენიზმის აპოლოგეტი იდეური თუ ოცდაათ ვერცხლად
სულგაყიდული მოღვაწენი, მათ შორის - მაღალი სახელმწიფო თუ საეკლესიო პირები.
დასავლეთ ევროპის
მიტროპოლიტ აბრაამისა და დმანელ ეპისკოპოს ზენონის პუბლიკაციებს შეძლებისდაგვარად
პასუხი გავეცით გაზეთ “ქრონიკას” (ა.წ. 5-11 აპრილი) მეშვეობით, ვინაიდან
გაზეთ “24 საათმა”, რომელშიც გამოქვეყნდა დასახელებული პირების პუბლიკაციები,
ჩვენი საპასუხო წერილის დაბეჭდვაზე უარი გვითხრა. წინამდებარე წერილში კი
გვინდა გამოვეხმაუროთ მეუფე აბრაამის ახალ პუბლიკაციას "ევროპული
ინტეგრაცია - გზა თუ გამოსავალი?", რომელიც 2004 წლის 13 აპრილს კვლავ
გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნდა. ახალ პუბლიკაციაში იგი უფრო
პოლიტიკოსად გვევლინება, ვიდრე სასულიერო პირად და ისტორიულ-პოლიტიკური წიაღსვლებით
სურს დაასაბუთოს ეკუმენისტური ინტეგრაციის კანონზომიერება საქართველოში.
სტატიის დასაწყისში მეუფე ბრძანებს: "ჩვენმა ერმა იცის თავისი ისტორია,
ჭეშმარიტი სარწმუნოება არასოდეს მიუტოვებია და სიცოცხლის ფასად მუდამ ურყევად
იცავდა მას". ჭეშმარიტად მართებული სიტყვებია. ერმა იცის თავისი ისტორია,
რასაც, მეუფის პუბლიკაციიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით თავად მეუფეზე.
ისტორიული ფაქტების დამახინჯებას და გაყალბებას რომ თავი დავანებოთ, მეუფე მის
მიერვე მოხმობილი სიტყვების სიღრმეს ვერ ჩაწვდა, ვერ ჩაწვდა საქართველოსა და
მისი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სულისკვეთებას. ვინც საქართველოს ისტორია
იცის, იგი არასდროს იტყვის მეუფის მსგავსად, რომ ისტორიულად "ევროპული
ორიენტაცია ჩვეულებრივი და კანონზომიერი მოვლენა" ყოფილიყოს ჩვენთვის.
იგი თავს მოხვეული ორიენტაციაა. მეტიც, ევროპული ორიენტაცია, რომელიც თავს
იჩენს XVI-XVII საუკუნეებიდან, არამც თუ მხსნელად, არამედ ახალ უფრო დიდ ჭირად
დაემატა იმ დროს მუსულმანურ სამყაროსთან მებრძოლ ქართველ ერს.
მეუფე წერს:
"მიუხედავად იმისა, რომ მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ რელიგიურ-კონფესიური
თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებით განსხვავებებს
ქონდა ადგილი, საქართველოს ეკლესიის მესვეურნი მაინც ერთგულნი იყვნენ ევროპული
ორიენტაციისა, მეთოთხმეტე საუკუნეში, გიორგი მეხუთეს მეფობის დროს, კათოლიკური
საეპისკოპოსოს სმირნიდან თბილისში გადმოტანაც და ქართული ეკლესიის მხრიდან ამ
ფაქტის შეწყნარებაც ამის დასტურია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
აქტიურად ცდილობდა ევროპის ქვეყნების ყურადღება მიეპროთ საქართველოსადმი (XVII
საუკუნეში – ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVIII საუკუნეში – კი სულხან-საბა
ორბელიანი). ორიენტაციის ჭრილშია ასევე განსახილველი XVIII საუკუნის 50-იან
წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახმაურებული კონფლიქტი
კათოლიკოს პატრიარქ ანტონ I-სა და ნინოწმინდელ ეპისკოპოს ზაქარია გაბაშვილს
შორის. ანტონის გადაყენება და ზაქარიას მომხრეთა გამარჯვება ევროპული
ორიენტაციის მარცხად უნდა ჩაითვალოს, რაც ჯერ 1783 წელს გიორგიევსკის
ტრაქტატით, ხოლო 1801 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
დაკარგვით დამთავრდა. ამას მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
უძველესი ავტოკეფალიის ხელყოფა".
ისტორიული ფაქტების
მზაკვრული დამახინჯებით მეუფე აბრაამი ქართველ ხალხს თვალებში "ფქვილსა"
და ნაცარს აყრის. მის მიერ სახელდებული “ევროპული ორიენტაცია” ისტორიის
პრიზმაში “კათოლიციზმზე ორიენტაციასთან” იგივდება, თანამედროვე გაგებით კი
“ეკუმენისტურ ორიენტაციას” გულისხმობს. დამაფიქრებელია, რომ დასავლეთთან
ინტეგრაციის წინაპირობად ჩვენი ეკლესიის ეკუმენისტური მეტამორფოზაა მიჩნეული,
რაც სინამდვილეში ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფისა და მწვალებლობაში
შთავარდნის მოთხოვნას ნიშნავს. საქართველოს ისტორია კი უტყუარად ადასტურებს,
რომ ზოგიერთი ჩვენი სამარცხვინო ხელისუფალისა თუ მღვდელმთავრის "კათოლიციზმისაკენ"
მიდრეკა ხდებოდა მიზეზი ღმრთის რისხვისა და სქართველოს გაპარტახებისა, ხოლო
ასეთი ტენდენციის ტრადიციად დასახვა, მეტადრე სასურველად და კანონზომიერად
მიჩნევა დიდი სიცრუეა, საქართველოსა და მისი ეკლესიის ღალატია, მისი
მოწამებრივი ისტორიის შეურაცხყოფაა.
XIII საუკუნის
30 წლებში რუსუდან მეფე რომის პაპ გრიგოლ IX-ს სთხოვდა დახმარებას და აღუთქვამდა
საქართველოს ეკლესიის შეერთებას რომის ეკლესიასთან. რომთან ამგვარ ურთიერთობას
მოჰყვა "კათოლიკე" მისიონერთა შემოსვლა სქართველოში. ეს გახლდათ
პირველი ღალატი მართლმადიდებლობისა და დიდი წინაპრების: დავით IV აღმაშენებლის,
დემეტრე I-ის, გიორგი III-ის და თამარის სახელმწიფო პოლიტიკისა, რასაც შედეგად
მოჰყვა ჯალალ-ედ-დინის შემოსევა და დიდი მონღოლობა. საქართველოს სახელმწიფო
ორად გაიყო.
ის, რომ გიორგი
V-ის დროს პაპიზმი არ იყო შეწყნარებული საქართველოში და რომ საქართველო არ იყო
ორიენტირებული რომზე, იქიდანაც ჩანს, რომ რომის პაპი, რომელიც მოუწოდებს
საქართველოს მისი ეკლესიის რომის მფარველობაში გადასვლისაკენ, წერს ქართველ
ხელისუფალს: "უკეთუ თქვენ მოიმიზეზებთ, რომ ეს შემოერთება თვინიერ
მსოფლიო კრებისა შეუძლებელიაო, ჩვენც მოგახსენებთ, რომ მზადა ვართ მოვახდინოთ
ეს კრება, უკეთუ მოითხოვეთ თქვენ და თქვენმა ეპისკოპოსებმაო" (მ. თამარაშვილი,
"ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", თბილისი, 1902 წ.),
საიდანაც ჩანს, რომ საქათრთველოს ხელისუფალი და ეკლესია მსოფლიო კრებების
ერთგული იყო და დარჩა. ხოლო რომის თვალთმაქცობა, თითქოს მას შეეძლო მსოფლიო
კრების მოწვევა, ცნობილი მწვალებლობაა და უარყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის
მიერ. თავად მიხეილ თამარაშვილი გიორგი მეფის ამ გულგრილობას პაპის წინადადების
მიმართ ასე ამართლებს: "ამ ნათხოვნის შემოერთების სისრულეში მოუყვანებლობის
მიზეზი სხვა არა იყო, თუ არა ისა, რომ გიორგი მეფე განუწყვეტლივ გართული იყო
სხვა და სხვა საერო საქმეებში და საამისოდ არ ეცალა" (გვ 31). ახსნა
გულუბრყვილოა, ფაქტი – დადასტურებული.
რაც შეეხება
მეუფე აბრაამის მიერ ნახსენებ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილს, ეს ის "კათოლიკე"
ნიკოლოზ ირბახია, რომლის "მოღვაწეობის" ადგილებში "კათოლიციზმის"
სულის დანერგვასა და მართლმადიდებლური სულისკვეთების შესუსტებას სავალალო
შედეგები მოსდევდა ხოლმე: წმიდა ქალაქ იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტერი
სავანეებთან ერთად იქ ნიკოლოზ ირბახის მოღვაწეობის შემდეგ მალე იერუსალიმის
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა (საქ. საბ. ენციკლოპედია, ტ. XI, გვ.
562). ამავე დროს დავკარგეთ იაკობ მოციქულის სახ. ტაძარი იერუსალიმში, რომელიც
სომეხთა ხელში გადავიდა, გოლგოთის მაცხოვრის აღდგომის ტაძრის შესასვლელის
გასაღები, რომელიც ქართველებს ქონდათ ჩაბარებული. "გაკათოლიკებული" ირბახის
დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსობას მოსდევს პერიოდი, რომლის დროსაც აფხაზეთში
თანდათან შესუსტებას იწყებს მართლმადიდებლობა და ეკლესიის გავლენა, ფაქტიურად
უქმდება ბიჭვინთის უძველესი ეპარქია და აფხაზეთში აფსუების ჩამოსახლება
იწყება.
სულხან-საბასაც
თავისი "გაკათოლიკება" უქმად დაურჩა: ის თუ რა გამოიტანა იმ სახელგანთქმული
ვერსალიდან “ელჩმან ქართლისამან”, ეს საქართველოს ისტორიაში ზედმიწევნითაა
ცნობილი. მან თავისი სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ისე განვლო, რომ ევროპისაკენ
აღარ გაუხედავს.
ისტორიულად
"კათოლიციზმი" საქართველოში ანტიეროვნული მოვლენა იყო. "გაკათოლიკებულ"
ეთნიკურ ქართველებს ხალხი ქართველებადაც კი არ მოიხსენიებდა - მათ ფრანგები
შეარქვეს. "ჩვეულებრივ ქართველ კათოლიკეთათვის მღვდელმსახურების ენა
იყო ლათინური. XVI ს-დან მის გვერდით თანდათან მოიკიდა ფეხი კავკასიელ
კათოლიკეთათვის ვატიკანის მიერ დამტკიცებულმა სომხურმა რიტმა (ტიპიკონი).
სომხურენოვანი რიტის დანერგვას ხშირ შემთხვევაშიU მოსდევდა ქართველ კათოლიკეთა
სახელისა და გვარის შეცვლაც ამ რიტის შესაბამისად. ეს ვითარება შემდეგ ბევრ
გაუგებრობას იწვევდა." (იხ. ქართ. საბ. ენციკლოპედია, ტ. 5, გვ.
319).
XVII საუკუნის
დასაწყისში საქართველოში კათოლიკების შემოსვლა-გააქტიურებას და, როგორც მეუფე
აღნიშნავს, "ქართული ეკლესიის მხრიდან ამ ფაქტის შეწყნარებას" შედეგად
მოჰყვა ღვთის სასჯელი – შაჰ-აბასის შემოსევა და ქართლ-კახეთის მიწასთან
გასწორება, რის შემდეგაც აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის საუკუნენახევრის
განმავლობაში გამუსულმანებული მეფეები მართავდნენ. ამ სასჯელით მოწყალე უფალმა
არ დაუშვა ქართველთა გაკათოლიკება. ხოლო როდესაც მართლმადიდებლური წესით
ნაკურთხი, მირონცხებული მეფე, თეუმურაზ II გამეფდა, პირველი, რაც მან გააკეთა,
ის იყო, რომ აკრძალა სხვა კონფესიათა წარმომადგენლების მიერ ქადაგება, ხოლო
"კათოლიკებს" ულტიმატუმის სახით ერთ დღეში ქართლ-კახეთის დატოვება
მოსთხოვა. ღმრთის წყალობამაც არ დააყოვნა – დაიწყო საქართველოს პოლიტიკური და
ეკონომიკური აღმავლობა, ქართლ-კახეთის ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება,
რომელსაც ხარკის სახით 50 000 ვერცხლს უხდიდნენ ერევნის, განჯისა და
ნახჭევანის ხანები.
როდესაც მეუფე
აბრაამი მსჯელობს ანტონ I-სა და ზაქარია გაბაშვილის დროინდელ საქართველოზე,
სიცრუე ყველა ზღვარს ცილდება. მეუფე აბრაამი მეფეთ ხუცეს ზაქარია გაბაშვილს
ნინოწმიდელ ეპისკოპოსად მოიხსენიებს (ალბათ დღეს გავრცელებული პაპისტური
მოსაზრებით, რომ მღვდელსა და მრევლს ნაკლებად აქვს უფლება დაიცვას ეკლესიის
სწავლება) და მასვე აბრალებს სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის ავტოკეფალიის
დაკარგვას. გაუყალბებელი ისტორიული ფაქტები კი ღაღადებენ, რომ XVIII საუკუნის
50-ან წლებში ხუცეს ზაქარია გაბაშვილს კი არ ჰქონდა კონფლიქტი ანტონ I-თან,
არამედ საქართველოს ეკლესია პირველად შეაზანზარა ფარული უნიატობის ტალღამ და
ეკლესიის ჭეშმარიტმა მამებმა შესაშური სიფხიზლე და სიმხნევე გამოიჩინეს (რასაც
დღევანდელ ეკლესიაში ბევრზე ვერ ვიტყვით) და დაიცვეს მართლმადიდებლობის
სიწმინდე. ანტონ I ღალატში ამხილა ნინოწმიდის ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა და
ქართლის მეფე თეიმურაზ II-ს, კახეთის მეფე ერეკლე II-ს, ორივე სამეფოს
მიტროპოლიტთა, ეპისკოპოსთა, არქიმანდრიტთა და წინამძღვართა, ასევე მთავართა
დარბაზის ერთა კრებამ საკათალიკოსო ტახტიდან განდევნა იგი. კრებამ ანათემა
შეუთვალა მას, ვინც ანტონ I-ს დააბრუნებდა. კრების განჩინებას, შემდგომში
საქართველოს უკანასკნელი მეფე, უფლისწული გიორგიც ადასტურებს თავისი ბეჭდით.
და განა თუნდაც ეს ფაქტი არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროპული
ორიენტაცია სულაც არ იყო ჩვეულებრივი და კანონზომიერი?
შემდგომში, როდესაც
"ევროპული ორიენტაციის" მესვეურებმა მოახერხეს თეიმურაზ II-ის
მოწამლვა, ანათემის მიუხედავად საქართველოში ჩამოიყვანეს ანტონ I და კანონის
დარღვევით აღადგინეს სპატრიარქო ტახტზე, მან უკვე დაუფარავად, პაპისტებისთვის
დამახასიათებელი სისასტიკით დევნა მართლმადიდებლობის დამცველნი. იოსებ
კათოლიკოსი მეტეხში გამოამწყვდიეს (სასწაულთმოქმედი იოსებ კათოლიკოსი ეკლესიის
მიერ წმინდანადაა შერაცხული), ალავერდელი მიტროპოლიტი ზენონი უდაბნოში
გადაასახლეს, ასევე სხვებიც სასტიკად დევნეს, ხოლო ხუცესი ზაქარია განკვეთეს,
შეაჩვენეს და სასტიკად აწამეს მთელი მისი ოჯახი, ცემით მიყენებული ჭრილობებით
მოუკლეს შვილი.
რაც შეეხება
გიორგიევსკის ტრაქტატს, ის დაიწერა უკვე მაშინ, როდესაც "დასავლური ორიენტაციის"
მესვეურნი გამარჯვებას ზეიმობდნენ. თავად ანტონ I აქტიურ მონაწილეობას
ღებულობდა ტრაქტატის დადებაში, სადაც ჩაურთო მე-8 მუხლი, რომლის ძალითაც
საქართველოს კათოლიკოსი რუსეთის სინოდის წევრი გახდა. ანტონ I-მა ოქრომკედით
მოქარგული კუნკულ-ბარტყულით დაიკმაყოფილა თავისი პატივმოყვარეობა, ხოლო ამ
საბედისწერო მე-8 მუხლის საფუძველზე (როდესაც იგი სინოდიდან გაიწვიეს) საქართველოს
ეკლესიამ ნელ-ნელა დაკარგა თვითმყოფადობა. სასახლის კარზე ევროპული იდეოლოგიის
გაფურჩქვნის შედეგად მონარქიაზე ამრეზილმა დავით უფლისწულმა მეფობაზე უარი
განაცხადა და ამგვარად მოღლეტილი კარებიდან შემოჭრილმა "დასავლეთის
ორიენტაციამ" და რუსეთის ანტიქართულმა პოლიტიკამ უმეფოდ და უკათალიკოსოდ
დაგვტოვეს. ასე რომ, ქართველი ერი ავტოკეფალიის დაკარგვას სწორედ უნიატ ანტონ
I-ს უნდა “უმადლოდეს”. სწორედ ანტონ I-მა შემოიტანა საქართველოში რუსული
ტიპიკონი, აურდაურია და დააკნინა სალიტურგიკო წიგნები და დათესა ფარული
უნიატობის ღვარძლის თესლი, რომლის მწარე ნაყოფს დღემდე ვიმკით და სამწუხაროდ,
ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო სწორედ ამ თესლზე აღმოცენებული ეკუმენიზმის
ყლორტებს ასხამს წყალს მეუფე აბრაამი თავისი პუბლიკაციებით.
ასე რომ მაშინაც
ცრუობს პატივცემული მეუფე, როდესაც წერს, რომ ვითომდაც "გასული საუკუნის
90-იან წლებში გარეშე ძალების მიერ იწყება ჩვენში სრულიად უცხო ანტიდასავლური
იდეოლოგიის დანერგვის მცდელობა". განა თეიმურაზ II გასული საუკუნის
90-იან წლებში მეფობდა. და განა გიორგი XII, საქართველოს უკანასკნელი მეფე,
სწორედ "დასავლური ორიენტაციის" შემოტევამ არ აიძულა შეკედლებოდა
მზაკვრულად ჩასაფრებულ რუსეთს? ან იქნებ ფერარო-ფლორენციის უნიაზე გამოავლინეს
ქართველმა ეპისკოპოსებმა და დიდებულებმა რაიმე "დასავლური ორიენტაციის"
მაგვარი ქმედება? ამ ფაქტებზე რატომ დუმს მეუფე აბრაამი? . .
ეკლესიის ისტორიაში
ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მოდერნისტულად მოაზროვნე მღვდელმთავრები
ცდილობდნენ ეკლესიაში სიახლეების დანერგვას, მაგრამ მათი სახელები სამარცხვინო
ასოებითაა ჩაწერილი ეკლესიის ისტორიაში. თუ ჩვენი ეკლესიის ახლო წარსულს
გადავხედავთ, მე-20 საუკუნისა და ქვეყნის დასაწყისში ქრისტეფორე ციცქიშვილი ცდილობდა
სიახლეების დანერგვას ეკლესიაში და ნაწილობრივ მოახერხა კიდეც, რაც გამოიხატა
ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ დადგენილების მიღებაში. თუმცა
ნაწილობრივ, ვინაიდან ცოცხალმა ეკლესიამ - სამღვდელოებამ და მრევლმა არ მიიღო
ეს სიახლე და მან ვერ მოიკიდა ფეხი საქართველოს ეკლესიაში. მიღებულ
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქრისტეფორე ციცქიშვილი ამბობდა, რომ
შთამომავლობა მას ძეგლს დაუდგამდა. ხოლო სიახლეების მოწინააღმდეგე ამბროსი
ხელაიას ჩამორჩენილს, ბნელსა და ფანატიკოსს უწოდებდნენ, ეკლესიის
იზოლაციონიზმში ცილს წამებდნენ და ა.შ. (როგორც ვხედავთ საუკუნის შემდეგ
ისტორია მეორდება). მაგრამ პირიქით კი მოხდა, ქრისტეფორე ციცქიშვილი ეკლესიამ
და შთამომავლობამ დაივიწყა, ხოლო ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა და
აღმსარებელი უწოდა.
დასასრულ,
მათ შესაგონებლად, ვინც ამახინჯებს ეკლესიის სწავლებასა და ებრძვის მას,
შევახსენებთ შემდეგ სიბრძნეს: "ცა, დედამიწა და მთელი კოსმოსი დიდი და
ბრწყინვალე წიგნია უფლისა, რომელშიც უსიტყვოდაა განცხადებული ღმერთი. ჩვენ
უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ. სწორად კი ვიცხოვრებთ
მაშინ, თუ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებს აღვასრულებთ" (ილია II,
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი).
დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში #218(281),06.05.04
|