მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

იუდას აჩრდილი საქართველოში
ვინ აფინანსებს ანტიმართლმადიდებლურ მოძრაობას

ჩვენი წმინდა ეკლესიის დაცემით დაინტერესებულნი არიან მსოფლიო ანტიმართლმადიდებლური ძალები, რომელნიც ცდილობენ საქართველოს ეკლესიაზე და მის საჭეთმპყრობელზე ზეწოლის მოხდენას, რისთვისაც საზოგადოებრივ აზრს მათთვის სასურველი მიმართულებით წინასწარ ინტენსიურად ამუშავებენ. საქმე ეხება დმანელი ეპისკოპოსის ზენონის (იარაჯული) და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ბოლოდროინდელ პუბლიკაციებსა და ტელევიზიით გამოსვლებს, აგრეთვე, ა.წ. 23 იანვარს თბილისის ცენტრში, კერძოდ, კათოლიკურ “ეკლესიაში” გამართულ ერთობლივ ლოცვას, რომელშიც მონაწილეობდნენ კათოლიკური, ლუთერანული, ბაბტისტური, სომხური და, რაც ყოვლად მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ღვთისმსახური და “მორწმუნე” მართლმადიდებელი ინტელიგენციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიის სახლი და სხვა). საქართველოს ახალ მთავრობას წარმოადგენდა იმ დროს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე მამრაძე, რომელმაც ლოცვის შემეგ მიმართა იქ მყოფ საზოგადოებას და ხაზგასმით აღნიშნა: “В новой Грузии нет места религиозному фанатизму” - იუწყება გაზეთი Кавказский Акцент ¹3, 01.02-15.02 2004 წ.

საკითხავია, რამ მოუყარა თავი ამდენ “უანგარო ქართველს”? მით უმეტეს, რომ ბატ. პეტრე თავის პუბლიკაციებში აღნიშნავს, რომ იგი აგნოსტიკოსია (საერთოდ, ღმერთის არსებობის არ სწამს). და თუკი ტაძარში საათობით დგომა თვით მართლმადიდებელ მორწმუნესაც კი უჭირს, მაშინ ადვილად წარმოსადგენი გახდება ღვთის უარმყოფელთ რა მიზნები უნდა ამოძრავებდეთ ეკუმენურ ლოცვებზე დასასწრებად.

ჩვენს ქვეყანას მტერიცა და მოყვარეც შეიძლება ყველა ერში გამოუჩნდეს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ჩვენი თანამემამულეები არიან, რომლებიც ღვთისგან ნაბოძებ ნიჭს ბოროტად იყენებენ. ერში სიცრუეს თესავენ და სახარების მცნებებს ებრძვიან. კაცი, რომელიც ჭეშმარიტობას სარგებლიანობით, წუთიერი გამორჩენით ცვლის, ვერასოდეს დაისახავს მაღალ მიზნებს და მით უმეტეს, ვერც განახორციელებს მათ.

კათოლიციზმისა და ეკუმენიზმის აპოლოგეტები მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მტკიცე დამცველთა საქციელში მხოლოდ ფანატიზმს ხედავენ და ამგვარ ბრალდებებს უყენებენ: ვინც ვატიკანსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების დადგენის წინააღმდეგია, კათოლიციზმს არად აგდებს და ეკუმენურ ლოცვებში არ მონაწილეობს, ის დასავლურ ცივილიზაციასა და კაცობრიობის პროგრესს უარყოფს. ასეთი ადამიანები კი, მათი აზრით, ფანატიკოსები არიან. და ვინც “პროგრესულად მოაზროვნე” ეკუმენისტ იერარქიებს ეწინააღმდეგება, ის ამპარტავანებითა და გაუნათლებლობით ცდუნებული ადამიანია, რომელიც ხელს უშლის ქრისტიანთა გაერთიანებას.

მართლმადიდებლობა ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს გვასწავლის, მიუხედავად მისი მრწამსისა და ეროვნებისა. ამასთან, უნდა გავარჩიოთ ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი და მის მიერ ეშმაკის შთაგონებით მიღებული ერესი. ადამიანს სიკეთე უნდა გავუკეთოთ. ამავე დროს სიყვარული არ ნიშნავს პირფერობას ან ყველასთან ერთნაირ მიდგომას. ყველას წაგვიკითხავს, თუ როგორ მოიხსენიებენ იოანე ნათლისმცემელი და თვით ჩვენი უფალი იესო ქრისტე ორგულ მწიგნობრებსა და ფარისევლებს. ისიც გვახსოვს, თუ როგორ გამოაძევა მაცხოვარმა ტაძრიდან ვაჭრები. იქნებ სიყვარულის ნაკლებობა იოანე ღვთილსმეტყველსაც დააბრალონ დღევანდელმა “რჯულთ¬შემწყნარებ¬ლებმა” იმის გამო, რომ გნოსტიკოს, კერინთოსს “სატანის პირმშო” უწოდა. ან იქნებ პავლე მოციქული არ იყო კაცთმოყვარე, რაკი ამბობდა: “მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე” (ტიტ. 3,10). თუ მართლმადიდებლობის უბიწოდ დაცვა ფანატიზმია, მაშინ ვინ იყვნენ წმინდა წინაპრები, რომლებიც ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ეწამებოდნენ ჭეშმარიტების დაცვისთვის. და თუკი ჭეშმარიტების დაცვა ფანატიზმის და გაუნათლებლობის გამოვლინებად მიაჩნიათ “რუსიკუმად” წოდებული რომის “კათოლიკური” ინსტიტუტის კურსდამთავრებულ ეპისკოპოს ზენონს, აგნოსტიკოს პეტრე მამრაძეს და ქალაქ რეგესბურგში პაპისტური სასულიერო “განათლების” მქონე მიტროპოლიტ აბრაამს, მაშინ თვითონ სიტყვა “ფანატიზმი” რაღას ნიშნავს? ან რომელ ფანატიზმზეა საუბარი იმ ქვეყანაში, სადაც ერთ ქუჩაზე დგას: მეჩეთი, სინაგოგა, სომხური, კათოლიკური და მართლმადიდებლური ტაძრები და არასდროს არავინ შეხებია მათ.

“თუ შიშველი, მშიერი ან უბედურებაში ჩავარდნილი იუდეველი, მუსლიმანი ან კათოლიკე დაინახო, ყველას მიმართ იყავი მოწყალე. როგორც შეგიძლია, დაიხსენი გაჭირვებისგან და ღმერთი გადაგიხდის, ვინაიდან თვით უფალი წყალობს არა მხოლოდ მართლმადიდებლებს, არამედ შეცდომილებსაც. თუკი ვინმე გეტყვის, ჩვენი და თქვენი სარწმუნოება უფლისგანააო, ასე უპასუხე: შეხედე, რას ამბობს წმინდა წერილი: “ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება” (ეფეს. 4.5. წმ. თეოდოსი პეჩორელი). ნურვინ შეგვაშინებს შეცდომილი ავტორიტეტებით, თუნდ მათი ტახტრევნები ყველას ზემოდან დაჰყურებდეს. მადლობა ღმერთს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი მწყემსები და მორწმუნე მრევლი არ უერთდება ამ პროვოკაციული განდგომილების ნაკადს. “არავის ხელეწიფების მეფესა, გინა მღვდელთმოძღვარსა ახლისა რაისამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად” (წმინდა მაქსიმე აღმსარებელი).

ანტიეკლესიურ ძალთა ამ შემოტევას სინამდვილეში სულ სხვა მიზანი ამოძრავებს. 1997 წლის 20 მაისისა და 1998 წლის 8 ოქტომბრის სინოდალური განჩინებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მკვეთრად გაემიჯნა ეკუმენურ მოძრაობას, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ დონეებზე. დღევანდელი (ღვთისმგმობი) მსოფლიო ინტეგრაციის ფონზე, ხსენებული მართლმადიდებლობითი ქმედების ძალით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილი ივერიის წმ. სამოციქულო ეკლესია შეიქმნა მეწინავე და მედროშე მართლმადიდებლობისა მთელს მსოფლიოში, რითაც მან სიწმინდის ოდინდელი მტრის - დაცემული ანგელოზის განსაკუთრებული სიძულვილი გამოიწვია. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის დიდი “მეგობრები” აფინანსებენ მართლმადიდებელთა სწავლებას კათოლიკურ სასწავლებლებში, “უანგაროდ” ხსნიან უფასო დაწესებულებებს ჩვენს ქვეყანაში, აფინანსებენ ანტიმართლმადიდებლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, “სახლებს”, პროკათოლიკურ გამოცემებსა და ტელერადიოგადაცემებს. და რაც ყველაზე საშიშია, გაკათოლიკებულ მწიგნობარ მართლმადიდებლებს (განსაკუთრებით სასულიერო პირებს) ნებას რთავენ, გარეგნულად მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებად დარჩნენ (ფარული კათოლიციზმი), რათა აქ კათოლიკურ-ეკუმენისტური მსოფლმხედველობა დანერგონ.

მეუფე ზენონი ეკუმენურ საბჭოში “მოღვაწე” მართლმადიდებელი ეპისკოპოსების საქმიანობას ამართლებს იმით, რომ თითქოს ისინი ქადაგებენ ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას და მოაქცევენ მართლმადიდებლებს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რაც თვალთმაქცობა და სიცრუეა. მოგახსენებთ, რომ ეკუმენური საბჭოს წესდების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მკაცრად კრძალავს იქმყოფ რელიგიებს შორის ქადაგებას (პროზელიტიზმს), ერთი კონფესიიდან მეორეში გადასვლის მოწოდებას. ამასთან, მართლმადიდებლებს მკაცრად ეკრძალებათ იმის ქადაგება, რომ მართლმადიდებლობაა ერთადერთი ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი რელიგია. აქვე შეგახსენებთ, რომ ეპისკოპოსი ზენონი ის პიროვნებაა, რომელიც ფარულად იზიარებს ეკუმენური საბჭოს ასეთ პოზიციას, რაც მან დაადასტურა იმით, რომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში მართლმადიდებლებსა და სხვა რელიგიებს შორის პროზელიტიზმის აკრძალვას, რითაც მართლმა¬დიდებლებს იურიდიულად მოუსპო ქადაგების საშუალება. ამასთან, დაარღვია მაცხოვრის სიტყვები “წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა”. ნუთუ, მეუფეს თავის ერთ-ერთ უძველეს დმანისის ეპარქიაში ყველაფერი მოგვარებული აქვს? ნუთუ, მან უკვე იქადაგა და მოაქცია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის უმრავლესობას მუსლიმანები წარმოადგენენ? ნუთუ, აღარაფერი აქვს გასაკეთებელი საკუთარ ეპარქიაში, სადაც ტაძრების უმრავლესობაში ღამურებსა და ქვეწარმავლებს დაუდიათ ბინა, რომ ევროპასა და აფრიკაში გამართულ ეკუმენურ ყრილობებს არ დაესწროს და იქ მყოფთ აბორიგენებსა და ათასი რჯულის წარმართებს არ “უქადაგოს” ჭეშმარიტება? თავის პუბლიკაციაში ეპისკოპოს ზენონს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს კრება მსოფლიო კრების რანგში აჰყავს. ჭეშმარიტმა ეკლესიამ იცის მხოლოდ შვიდი მსოფლიო კრება, რომლებმაც დაამოწმეს და განმარტეს მაცხოვრის მიერ ნაქადაგები ჭეშმარიტება და კანონები. მეუფე კი აღნიშნავს, რომ “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში” გადაწყვეტილებებს კრებაზე იღებენ და რომ სწორედ ამ ორგანოში დგინდება ჭეშმარიტება, რაც აშკარა მწვალებლობის საჯაროდ ქადაგებაა. ნუთუ განსწავლულობის იმიჯის მქონე ეპისკოპოსის აზრით, ჭეშმარიტება ჯერ არ არის დადგენილი და ნუთუ ათასი რჯულის მქონე მწვალებელთა შესაკრებელში დგინდება ჭეშმარიტება?

დღეს ჩვენი ეკლესიის “კეთილმოსურნენი” ხშირად ლაპარაკობენ საქართველოს ეკლესიის “მსოფლიო ეკუმენურ საბჭოში” შესვლისა და ვატიკანთან ხელშეკრულების დადების აუცილებლობაზე, თითქოსდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ანდა ეკონომიკური აღმავლობის აუცილებლობის მიზნით, მაგრამ ეს თვალთმაქცური სიცრუეა, რადგან სწორედ ეკუმენურ საბჭოში ყოფნის დროს დაიკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი. ეკუმენური საბჭოს წევრია კვიპროსი, მაგრამ არავინ უბრუნებს მათ თურქების მიერ ოკუპირებულ ქვეყნის ტერიტორიებს. ეკუმენური საბჭოს წევრი იყო სერბეთი, როდესაც იბომბებოდა ბელგრადი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ყველაზე ინტენსიურად ეს ხდებოდა აღდგომას (მართლმადიდებლური კალენდრით) და შობას.

ჭეშმარიტ ეკლესიასთან ბრძოლის ჯოჯოხეთური გეგმა წმ. წერილში სახელდებულია “საიდუმლო უშჯულოებისა”-დ, რომელიც მოქმედებს საუკუნეთა განმავლობაში და უნდა დასრულდეს ანტიქრისტეს მსოფლიოში გამეფებით (იხ. 2 თეს. 2,8), თანამედროვე მსოფლიოში წყვდიადის ერთ-ერთ უბოროტეს შესაკრებელს წარმოადგენს “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო” (ე. მ. ს.), რომელშიც წარმოდგენილია: არიოზელობა, მონოფიზიტობა, მონოთელიტობა, ხატმებრძოლობა და თვით “სატანის ეკლესია”, რომელიც ოფიციალური წევრია აშშ-ს “ნაციონალურ ეკლესიათა საბჭოსი”, ხოლო მისი მეშვეობით “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსი”.

საინტერესოა, რომ სატანისტებს არ გააჩნიათ საკუთარი თვითმყოფადი რიტუალები; მთელი მათი “ლიტურგია” წარმოადგენს მართლმადიდებლური მღვდელმოქმედების გაუკუღმართებულ, თავდაყირა დაყენებულ ვარიანტს - ე.წ. “შავი მესა”, ამოყირავებული ჯვარცმის შეფურთხებით გმობა; ანტიევქარისტია - კანიბალიზმი, ვამპირიზმი და ა.შ.

კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეიქმნა ყველა მწვალებლობისა და სიცრუის ერთიანი ფრონტი, სადაც თავი მოიყარა კაცთა მოდგმის სულიერი ისტორიის მანძილზე არსებულმა ყველა მკრეხელობამ, ღვთისგმობამ, ცდომილებამ, და ჭეშმარიტებისაგან განდგომამ, დაწყებული კაენიდან და ქამიდან, დამთავრებული იუდა გამცემლით, კარლ მარქსით, გამხრწნელი ფროიდით, შტაინერითა და ყველა თანამედროვე, მცირე თუ დიდი მკრეხელით.

დღეს ჩვენ გარემოცულნი ვართ არა მარტო მართლმადიდებლობის აშკარა მტრებით, არამედ განვიცდით ბევრად უფრო უარესსა და სახიფათოს. ეს გახლავთ ჭეშმარიტი ქრისტიანობისაგან განდგომა თავად მართლმადიდებლებისა, თუნდაც ისინი განაგრძობდნენ საკუთარი თავის ოფიციალურად სახელდებას “ქრისტიანებად” და “მართლმადიდებლებად”. ეს ის საერო თუ სასულიერო პირნი არიან, რომელნიც კარიერისა და ფულისთვის წევრიანდებიან სხვადასხვა ღია თუ საიდუმლო საზოგადოებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მიზნად ისახავენ ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და ეკლესიის აღმოფხვრასა და მოსპობას. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ისინი, ვინც თავს “ქრისტეს ეკლესიის მსახურებად” მიიჩნევენ, თავისი სრული ამორალურობით, უპრინციპობითა და სინდისის ქენჯნის გარეშე არაბუნებრივ, ლოცვით, კავშირს ამყარებენ ქრისტე მაცხოვრის მტრებსა და აშკარა ღმრთისმბრძოლებთან. ყველაფერ ამას ისინი “ყოვლისმომცველი ქრისტიანული სიყვარულისა” და “ეკლესიის კეთილდღეობის” მომიზეზებით ამართლებენ, თითქოსდა ისინი მხოლოდ დიალოგის გასამართად ან ჭეშმარიტების საქადაგებლად დადიოდნენ ეკუმენურ კომფერენციებზე, რის გამოც მთელს მათ საქმიანობას საფუძვლად უდევს ღალატი, სიცრუე და თვალთმაქცობა. გარეგნულად ისინი რჩებიან თითქოსდა სავსებით მართლმადიდებლად, მაგრამ ეს მხოლოდ იარლიყი, სარეკლამო აბრაა, შიგნით კი ჭეშმარიტი განდგომილება სუფევს. “... ეკლესიის ჭეშმარიტ შვილებს, გიბრძანებთ, გაექეცით მღვდლებს, რომლებიც ლათინურ საცდურს დაემორჩილნენ, არ შეხვიდეთ მათს ტაძრებში, არ მიხვიდეთ მათთან კურთხევის მისაღებად, უმჯობესია ილოცოთ საკუთარ სახლში, ვიდრე ლათინელებთან ერთად წახვიდეთ ტაძარში და შემდეგ მათთან ერთად ჯოჯოხეთში გაემგზავროთ”, - წმ. გერმანე ახალი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს პავლე მოციქულის გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ თვით სატანაც მოჩვენებითად ნათლის ანგელოზად გარდაისახება და რა გასაკვირია, თუკი ეშმაკის მსახურნი სიმართლის მნეთა ნიღაბს იცვამდნენ (იხ. 2 კორ. 11,14-15). ყოველივე ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ჩვენს ბოროტ დროში, როდესაც იმ ყველაფრიდან, რაც მართლმადიდებლობის სახელის მატარებელია, მხოლოდ მცირედი თუ ამართლებს თავის სახელს. როდესაც სიცრუე და თვალთმაქცობა მეუფებს მაღალი თანამდებობის მქონეთა და თვით საეკლესიო იერარქთა შორისაც კი, რომელთაც ცდომილებაში შეჰყავთ მრავალი გულუბრყვილო, რომელთაც არ ძალუძთ ან არ სურთ გაერკვნენ მიმდინარე მოვლენების არსში, როდესაც ჭეშმარიტი ეკლესია უნდა განირჩეს ცრუ ეკლესიებისგან, ხოლო ჭეშმარიტი შვილები დედა ეკლესიისა - ანტი ქართულ და ანტიმართლმადიდებლურ ორგანიზაციებში (მათ შორის “ცნობილ” არასამთავროებში) გაერთიანებულ ღვთისმებრძოლთაგან.

ისრაელის მეფე სოლომონმა ჯერ სამეფო სასახლეში, შემდეგ კი მის მიერ აგებული ტაძრის ეზოში შეიტანა კერპები და სწორედ ერთობლივი ლოცვები ამ დიდი მეფისა და მისი უცხო ტომის ცოლებისა (რომელთა მოყვანასაც რჯული კრძალავდა) გახდა მიზეზი ღვთის განრისხებისა და ისრაელის სამეფოს ორად გაყოფისა. სწორედ “პაპისტებთან” დადებული “უნიით” და შემდეგში “კათოლიკურ” სარწმუნოებაზე გადასვლის გამო დაეცა კონსტანტინოპოლი და სტამბულად იქცა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სულიერი თუ მატერიალური კეთილდღეობა, მწვალებლებთან და სატანისტებთან ღვთისთვის საძულველ ლოცვებში კი არა ჭეშმარიტების უბიწოდ დაცვაში მდგომარეობს.

“ყველას” გაერთიანების მოსურნე თანამედროვე მედროვეებისაგან განსხვავებით ჩვენი წმინდა სულმნათი წინაპრები ასე ფიქრობდნენ: “ჭეშმარიტი ბედნიერება და სიკეთის განხორციელება მხოლოდ ღვთის მადლის შეწევნითაა შესაძლებელიო”. ამიტომ მართლმადიდებლობის ერთგულნი ყოველთვის უარყოფდნენ საეჭვო კავშირებს და თუმცა გარეგნულად “სხვა”-ზე უფრო ღარიბნი ჩანდნენ, ისინი არასოდეს ეძიებდნენ ფუფუნებასა და ძლიერებას ამასოფლისას, არამედ ეძიებდნენ ქრისტეს, რომელმაც სძლია სოფელს.

P.S. ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, გამოვხატავთ ღრმა პატივისცემასა და კრძალულებას ჩვენი ეკლესიის მიმართ. ამასთანვე, ვიტოვებთ უფლებას, როგორც ეკლესიის სრულუფლებიანი წევრები, მივიღოთ განმარტება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამისა და დმანისის ეპისკოპოს ზენონისგან მათ მიერ გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ წერილებში არსებულ ანტიეკლესიურ სწავლებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივმართეთ გაზეთ „24 საათის“ რედაქციას, რომელმაც ამ წერილის გამოქვეყნებაზე უარი განგვიცხადა.

 დაიბეჭდა გაზეთ „ქრონიკაში“, N14(126), 5-11 აპრილი, 2004 წ.