მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

აღარა კმარა?

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს იმედის არხზე, ტელეგადაცემა დროებაში ერთ-ერთი თემა ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. სიუჟეტის ერთ ეპიზოდში – ინტერვიუში მოძრაობა "კმარას" ლიდერთან, ქ-ნ . . . თუთბერიძესთან, ჩვენ შეგვძრა ქ-ნ თუთბერიძის სიტყვებმა, გამორჩეულმა კადნიერებით, უტიფარი პირდაპირობითა და პრიმიტიული ამბიციურობით.

ჩვენს წერილებში ადრეც გვქონია საუბარი ისეთ ანტიმართლმადიდებლურ და ანტიეროვნულ ორგანიზაციებზე, როგორიცაა "თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიის სახლი, მოძრაობა "კმარა" და სხვა სოროსის შვილობილი ორგანიზაციები, რომლებიც ყველა საშუალებით - სიცრუით, ცილისწამებით, შანტაჟით, დაშინებით, მოსყიდვით და ა.შ. – ცდილობენ ეკლესიის კომპრომეტირებას, ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსპირირებას, საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობის ზომბირებას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერებაში ტრადიციული მართლმადიდებლობის შუასაუკუნოებრივ სიბნელედ, ხოლო მისი დამცველების ფანატიკოსებად წარმოჩენა და ამით ეკლესიისა და მართლმადიდებლების მიმართ ნეგატიური განწყობილების შექმნა. მაგრამ ის, რაც ჩვენ ქ-ნ თუთბერიძის სიტყვებში გავიგონეთ, ყოველგვარ საზღვარს სცილდება. კერძოდ, საუბარში ქ-ნმა თუთბერიძემ განაცხადა, რომ იგი არ არის ეკლესიის მრევლი და მართლმადიდებელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი თავს ვალდებულად თვლის, ჩაერიოს ეკლესიის საქმეებში, თუკი ეკლესიაში მოვლენები მისთვის და მისი თანამოაზრეებისათვის სასურველი გზით არ განვითარდება. სიტყვის დასასრულს ქ-ნმა თუთბერიძემ უკადრებელი იკადრა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიას დაემუქრა, რომ, თუ საჭირო გახდება, იგი ეკლესიას "კმარას", ანუ კმარელებს მიუსევს. ვაი, უგუნურებავ!

როგორც ვხედავთ, საქართველოში ნეობოლშევიზმის აღორძინება ხდება: მას ჰყავს თავისი ბელადი – ჯორჯ სოროსი (პიროვნული და კრებსითი), იდეოლოგიის გამტარებელი ინსტიტუტები - "თავისუფლების ინსტიტუტი", კავკასიის სახლი და სხვა ორგანიზაციები, ჰყავს ასევე თავისი ახალგაზრდული "სორკავშირი" – ორგანიზაცია "კმარა". საინტერესოა, რომელ პრიზმაში გარდაისახა წინამორბედი კომკავშირელი, რომ გამოსულიყო "სორკავშირელი" თუთბერიძე?

ცნობილია, რომ ის ძალა, რომელიც საუკუნის წინ რუსეთში და მის სატელიტურ ქვეყნებში ბოლშევიზმის გამარჯვებას უწყობდა ხელს, და ის ძალა, რომელიც დღეს საქართველოში ნეობოლშევიზმის აღორძინებას უწყობს ხელს, ერთი რეჟისორის, ერთი იდეოლოგიის მიერაა მართული. მიზანი ერთია – ღმრთის გმობა და ღმრთისმბრძოლობა, საუკუნის წინ – უბრალოდ ფიზიკური განადგურება, დღევანდელ დღეს კი - გლობალიზაცია რელიგიის სფეროში, ანუ რელიგიური სინკრეტიზმი და ანტიქრისტესთვის "გაერთიანებული ეკლესიის" გამზადება. ამ უკანასკნელი მიზნის მიღწევას საქართველოში ტრადიციული მართლმადიდებლობა, სამოციქულო ეკლესია და მართლმადიდებლობასთან შენივთებული ეროვნული ცნობიერება, კულტურა და ტრადიციები ეწინააღმდეგება. მიზანი ერთი იყო და არის, დროის შესაბამისად იცვლება, იხვეწება ბრძოლის მეთოდები.

გარდასახვის თვალსაზრისით ბოლშევიკური ათეიზმი ნეობოლშევიკურ პანთეიზმში გარდაისახა, კლასობრივი კოსმოპოლიტიზმი – ეკუმენისტურ და პანეკუმენისტურ კოსმოპოლიტიზმში. თუკი საუკუნის წინანდელი ბოლშევიკები ლენინის იდეებით იკვებებოდნენ, დღევანდელი ნეობოლშევიკები სოროსის ფულით იკვებებიან. ბოლშევიზმი მოგვიანებით ტოტალური კორუფციის ეპოქაში შევიდა. დღევანდელმა ნეობოლშევიკებმა კი კორუფცია დააკანონეს – მათ სოროსი ფულს ოფიციალურად უხდის ხელფასებისა და გრანტების სახით. თუმცა, როგორცა ჩანს, მთლად "სუფთად" არც აქ უნდა იყოს საქმე.

სოროსელებთან დაკავშირებით საქმე გვაქვს არა ტოტალუტ, არამედ აბსოლუტურ კორუფციასთან, რადგან ფული, აღებული ეკლესიისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მერძოლი იდეოლოგებისაგან, იგივე იუდას 30 ვერცხლია. იუდა კი ყველაზე კორუმპირებული პიროვნებაა კაცობრიობის ისტორიაში. ასევე იუდას სულიერი მემკვიდრენი, რომლებსაც ხშირად ხელში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ბაირაღები უჭირავთ, ისინიც კორუმპირებულები არიან, უფრო მეტად, ვიდრე ეკონომიკურ-სოციალური სისტემის მსხვერპლი კორუმპირებული მოხელეები.

დავუბრუნდეთ "კმარას". ქ-ნ თუთბერიძის მუქარაში, გარკვეულწილად, აისახა მარცხი, ანუ განუხორციელებელი ჩანაფიქრი, რომელიც გაუჩნდათ ვარდების სურნელით გაბრუებულ "კმარელებს", როდესაც ვარდების რევოლუციის შემდგომ, მალევე, ეკლესიაში განიზრახეს რევოლუციის გავრცელება. მაშინ "კმარამ" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე წაიტეხა კბილები. ამჟამად სოროსელები უფრო საგულდაგულოდ მოემზადნენ: ეკლესიის შიგნით შექმნეს ანკლავი, შემდგარი ერთი მუჭა სულგაყიდული სასულიერო პირებისაგან, შექმნეს მცირერიცხოვანი "კმარა" – ერთი მუჭა სემინარია-აკადემიის სტუდენტებისაგან, საქმეში ჩართეს უშიშროების სამსახურის მოხელეები ეკლესიის წევრთა დასაშინებლად, საინფორმაციო საშუალებებით აწარმოეს ინტენსიური ცილისმწამებლური ანტიეკლესიური კამპანია. ამით იმედმოცდემული და გაგულისებული სოროსელები, რომელთა გაუნათლებლობა სულში ვერ ასახული ცოდნის გამოვლინებაა, უნიჭობა და უზნეობა კი - ღვთისგან განდგომილებისა, "სორკავშირის" ლიდერის, ქ-ნ თუთბერიძის პირით უკადრებელს კადრულობენ და საქართველოს სამოციქულო, ქრისტეს სწავლების დამცველ, უღალატო და მოწამებრივი გზით მავალ ეკლესიას თითს უქნევენ და ემუქრებიან, ემანდ ჭკუით იყავი, თორემ თუთბერიძეს გამოვუშვებთ და ქვას ქვაზე არ დავტოვებთო. ჰოი, კადნიერებავ!

ამის გამგონეს გული სიბრალულით გვევსება საწყალობელი თუთბერიძისა და მისი თანამებრძოლების გამო, რომელთაც ეკლესია მათი არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსი რამ ორგანიზაციათაგანი ჰგონიათ, და არა სულიწმიდით მართული და მადლმოსილი ქრისტეს სახლი, რომელსაც "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან". მათ ეკლესია ჯაბანთა ისეთი საკრებულო ჰგონიათ, რომელსაც უღმერთო, უეროვნებო და კიდევ სხვა ურამეებო თინეიჯერებით დააშინებ და შეშინებულებს "ათთა ბევრთა" მოწამეობრივ მაგალითს დაავიწყებ. გვებრალებიან ისინი, იგივე ჩვენი შვილები, ძმები და დები, რომლებმაც ქრისტე შეიძულეს და წუთისოფელი შეიყვარეს, სული კი წარსწყმედელის გზას გაუყენეს. ჩვენ ამ გზააბნეულების მიმართ სიყვარულისა და ლოცვის გაათმაგება გვმართებს. ერთი რამ კი ცხადია: საზოგადოებამ, ყველამ, ვისაც შერჩენია ეროვნული ცნობიერებისა და მართლმადიდებლობის ნიშანწყალი, უნდა გააცნობიეროს საფრთხე, რომელიც ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეროვნულობას, ჩვენი მომავალი თაობის ზნეობას, ჩვენს ეკლესიას და ბოლოს და ბოლოს დასვას კითხვა: აღარა კმარა?

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში #048(311),2.12.04.