მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

წარსწყმედს უფალი ყოველთა, რომელმან იტყვიან სიცრუვესა

ქართული საზოგადოება აჟიტირებულია ცნობით: იგეგმება ფილმის გადაღება წმ. მეფე დავით აღმაშენებელზე. კამათის ძირითადი თემებია: ვინ დაწერს სცენარს და რა მასალებით ისარგებლებს, ვინ გადაიღებს, ვინ ითამაშებს, ვინ დააფინანსებს. ზოგს ჰოლივუდის ესთეტიკა და მასშტაბურობა ხიბლავს, ზოგს - ქართული კინოს ტრადიციები. ფილმის გადაღების იდეას კი ყველა გამომსვლელი მიესალმება. იმის თაობაზე კი, რომ ფილმი არა უბრალოდ დიდ მეფეს, არამედ წმინდა მეფეს, გამორჩეულ წმინდანს ეხება და იმაზე, თუ რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ასეთი ფილმის გადაღება, იშვიათად თუ ვინმე საუბრობს.

წარმატებულ პიროვნებებზე მასშტაბური ისტორიული ფილმების გადაღების იდეა რომ შემთხვევით არ იბადება, ეს ცნობილია. როგორც წესი ეს ყოველთვის წარმოადგენს დაკვეთას იმ იდეოლოგიის დამკვიდრებისა თუ გამართლებისათვის, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს ან ატარებს ქვეყანაში. სწორედ ამის გამო ხდება ხოლმე ისტორიული ფაქტების გამორჩევა, ფაქტების კონტექსტიდან ამოგლეჯა, დამახინჯება, ხშირად გაყალბებული და გამოგონილი ცნობების მოხმობა, მათი სუბიექტური და ტენდენციური ინტერპრეტაციების ასახვა ფილმში თუ სხვა ნაწარმოებში. მაგალითისათვის გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდში გიორგი სააკაძის თემატიკის წინ წამოწევა. ფილმის გადაღებას არ დასჯერდნენ, დაკვეთით დაიწერა დიდტანიანი ნაწარმოები, რომელსაც უნდა გაემართლებინა იმდროინდელი ხელისუფალის მიერ წარმოებული ორი ქვეყნის მსახურების იდეოლოგია. წინამდებარე წერილის მიზანია, სწორედ ამ კუთხით შევხედოთ დავით აღმაშენებელზე ფილმის გადღების ახალი ინიციატივას და ვისაუბროთ, თუ რა დაკვეთა შეიძლება აისახოს ფილმში.

საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა წმინდანებზე მხატვრული ფილმების გადაღება, ცალკე თემაა. სამწუხაროდ ათეისტური საზოგადოებიდან გამოსული და ღმერთშემეცნების გზაზე ახლადფეხშედგმული ფართო საზოგადოებრიობა ჯერჯერობით არ არის მზად ამ თემაზე სასაუბროდ. ჩვენი სულიერება არ არის მომწიფებული იმისათვის, რომ მიიღოს ეკლესიის წმინდა მამათა სწავლებები სახიობობასთან დაკავშირებით. მაგრამ ასეთი საზოგადოებაც კი მტკივნეულად აღიქვამს, როდესაც ხედავს, თუ როგორ შეურაცხყოფენ წმინდანებს რომანებში, მოთხრობებში, თეატრის სცენებზე, ტელეწარმოდგენებში, ბულვარულ ხელოვნებასა თუ ყვითელ პრესაში. ეს ის სფეროა, სადაც სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია დემონოკრატიაში ვლინდება.

რაც შეეხება ფილმს დავით აღმაშენებელზე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მასში შესაძლოა მიზანმიმართულად გამოვლინდეს ის ტენდენციები, რომლებიც მართებულად არ ასახავენ ისტორიულ ფაქტებს. ერთერთი ასეთთაგანია ისტორიაში გაყალბებული ცნობა იმის შესახებ, თითქოს წმ. მეფე უფლისწულ დემეტრესთან ერთად პარასკეობით მეჩეთში დადიოდა და მუსულმანებთან ერთად თანალოცულობდა, ანუ, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, თითქოს იგი ეკუმენისტი იყო. ეს სიყალბე მომდინარეობს მე-13 საუკუნის მე-2 ნახევრის თურქ ისტორიკოს იბნ ალ-ჯაუზ დიფრემერიდან. ამ ყალბისქმნით მან დიდგორზე მუსულმანთა უზარმაზარი კოალიციური არმიის ქართველთა მიერ დამარცხების გამო მზაკვრული რევანში აიღო: თაყვანი აცემინა წმიდა მეფეს ალაჰისათვის და მის მსახურთათვის, რითაც შეეცადა დამარცხებულ მუსულმანთა პრესტიჟის მაღლა აწევას. ეს სიყალბე მხილებული და გაქარწყლებულია ქართულ და არაქართულ წყაროებზე დაყრდნობით.

ალ-ჯაუზის ხსენებულ ცრუ ცნობაში, თურქ-სელჯუკთა პრესტიჟის რეაბილიტაციის მიზნით, ავტორი აღნიშნავს, რომ თურმე თურქ-სელჯუკნი იმიტომ დამარცხებულან, რომ მათი არმია მცირე იყო, ხოლო ქართველთა – უმრავლესი. სინამდვილეში კი მუსულმანთა კოალიციური ჯარი თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა ქართველთა მხედრობას. აი ასეთი ცრუ და მეყალბე ისტორიკოსის ცნობა იქნა ცალმხრივად გაზიარებული და წამდაუწუმ გვჩრიან ცხვირში, ვისაც არ ეზარება, თორემ არცერთი ქართული წყარო, არცერთი ქართველი ჟამთააღმწერელი, არც დავითის მემატიანე და არც 1153 წელს საქართველოში ჩამოსული და თავად უფლისწულ დემეტრესთან წვეულ-ნამყოფი მუსულმანი ისტორიკოსი ალ-ფარეკი ამ ცნობას არ ახსენებს, თუმცა კი მოყავს მრავალი სხვა ცნობა წმ. მეფესთან დაკავშირებით.

დიდგორის ომი ქართულ ისტორიოგრაფიაში სახელდებულია როგორც "ძლევაი საკვირველი". ამ ომში ქართველთა მხარდამხარ ხილულად იბრძოდა წმ. გიორგი, როგორც უტყუარი ნიშანი ღვთის წყალობისა და შემწეობისა, გაღებული მეფისა და ქართველთა ქრისტეს ერთგულებისათვის: "რამეთუ ხელი მაღლითა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ იგი უსჯულონი და უმეცარნი თვით აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა მას მთავარ-მოწამის გიორგისსა".

წმ. მეფის მეჩეთში თანალოცვის შესახებ ცრუ ცნობის ფილმში მიზანმიმართულად ასახვის შესაძლებლობა იქიდან მომდინარეობს, რომ იგი ხშირად გაისმის ხელისუფალთა, "ახალმეფეთა" მხრიდან თავისი ქმედებების გასამართლებლად. ეს არის მცდელობა სახელმწიფო-სახელისუფლებო ეკუმენიზმის, არამართლმადიდებლებთან თანალოცვის მიუღებელი პრაქტიკის დამკვიდრებისა ფართო საზოგადოების ცნობიერებასა და შემდგომ ცხოვრებაში. განვლილ პერიოდში ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ერთერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო – გადაეყვანათ საქართველოს ეკლესია ეკუმენისტურ რელსებზე. საბედნიეროდ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეთა ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა.

ამ მიმართებით მიზანმიმართულად ხდება აღრევა კათმოყვარეობასა და რჯულთშემწყნარებლობას შორის. პირველი ღვთის მცნებაა, მეორე – ღვთის გმობა. და როგორი სანახავი იქნება ფილმში პარასკეობით (უფლის ჯვარცმის დღეს) წმ. მეფე უფლისწულითურთ გამალებული მეჩეთისკენ მიმავალი; მეფე, რომელმაც დიდგორის ომის წინ მეომრებისთვის წარმოთქმულ სიტყვაში ურჯულოებს ეშმაკის მსახურნი უწოდა, ცილისმწამებლების ცნობით კი თურმე იგი პარასკეობით ეშმაკის სახლში დაიარებოდა და თაყვანს სცემდა ეშმაკს; მეფე, რომელიც არამც თუ თანალოცულობდა მუსლიმებთან, არამედ ეკამათებოდა და ამხელდა ხოჯებს თვით მათი ცრუსწავლების საფუძველზე; მეფე, რომელმაც პირადად ამხილა და სირცხვილეულჰყო არამც თუ მუსლიმები, არამედ ქრისტიანებად წოდებული მონოფიზიტი მსახურნი და ღვთისმეტყველნი, რომლებმაც დავითის მიერ მათი მხილების შემდეგ აღიარეს მარცხი; მეფე, მოთავე რუის-ურბნისის კრებისა, რომელმაც დროზე გაასწორა მართლმადიდებელი ეკლესიის გეზი, რითაც დააცხრო კიდეც ღვთის რისხვა და "ძლევაი საკვირველი" მოამზადა; მეფე, რომელიც წელიწადში 24-ჯერ კითხულობდა სამოციქულოს.

ისე, დავით მეფე ანისში ერთხელ მართლა შევიდა მიზგითში, რომელიც ადრე ეკლესია იყო, მუსულმანების მიერ მიტაცებული და მიზგითად ქცეული. შევიდა, რათა გამოეხსნა იგი ურჯულოთა ტყვეობიდან. მემატიანე ასე აღწერს ამ ამბავს: "და დაიპყრა არფასლანიანნი და ამოსწყვიდნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყოთ. იმუქაფა ღმრთის მოყვარემან დავით აღმაშენებელმა, მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლავემან მორწყო, საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელიც აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალ კატრონიკეს და იქვე ესაფლავა . . . მოვიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი დედოფლის საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითონ მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახა: "გიხაროდენ შენ დედოფალო, რამეთუ იხსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან"". განა ეკუმენისტი მეფე ასე მოიქცეოდა?

ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ჩვენ ვერწმუნეთ თურქ-სელჯუკთა შემმუსვრელი წმ. მეფის მოძულე თურქი ისტორიკოსის ცნობას, და არ დავუგდეთ ყური თავად წმ. მეფეს, რომელმაც, თითქოს გრძნობდაო, რომ მას ცილს სწორედ რჯულთშემწყნარებლობაში დასწამებდნენ, შთამომავლობას დაგვიტოვა საჯარო აღსარება – "გალობანი სინანულისანი" – რომელშიც ქრისტიანული სიმდაბლით აღიარა და შეინანა ყველა პირადი ცოდვა, თვინიერ რჯულთშემწყნარებლობისა - წმ. მეფემ უარყო ამ ცოდვით დაცემა და ჩვენდა საყურადღებოდ და ჩვენდა დასამოძღვრად შეჰღაღადა უფალს: “გარნა არავე აღვიხვენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაÁ ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოÁსა, არცა უცხოთესლი რაÁმე სარწმუნოებაÁ საწვრთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა რომელი მასწავეს ღვთისმეტყველთა შენთა” ("გალობანი სინანულისანი", გალობა მე-8).

წმ. მეფე ფრიად განსწავლული მართლმადიდებელი და ღვთისმეტყველი იყო და ამიტომ გამორიცხულია, რომ უმეცრებისა გამო მოსვლოდა ის, რასაც მას ალ-ჯაუზი და მისი სიყალბის გამზიარებლები აბრალებენ. ამის ნათელი დასტურია ქართველთა (მართლმადიდებელთა) და სომეხთა (მონოფიზიტთა) საღვთისმეტყველო დავა, რომლის ინიციატორიც წმ. მეფე იყო. მემატიანე ასე აღწერს ამ ამბავს: "ხოლო შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი, ყოველთა ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღუარნი, რომელნი აზმობდნენ თავთა თვისთა მიწევნად ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისა და მოახსენეს, რათამცა ყოს ბრძანებითა მისითა კრება და ყვესცა სიტყვისგება და გამოძიება სჯულისა: უკეთუ იძლივნეს სომეხნი, თვისი სჯული შეაჩვენონ; ხოლო უკეთუ სძლონ სომეხთა, არღარა გვიწოდდეთო მწვალებლად და არცა შეგუაჩვენებდეთო. მაშინ მოუწოდა მეფემან იოანეს, კათალიკოსსა და მის ქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიისათა და ყვეს უკეთუ სიტყვის-გება ურთიერთას ცისკრიდან ვიდრე მეცხრე ჟამამდე და ვერას უძლეს დაბოლოებად. რამეთუ იყო ორკერძოვე ძლევის მოყვარება ოდენ და ცუდ სიტყუათა პაექრობა: რამეთუ შევიდიან შეუვალთა საქმეთა საფილოფოსოსთასა და ძნიად გამოსავალთა. შეეწყინა მეფესა და რქუა მათ: "მე შორს ვარ მეცნიერებასა, ვითარცა მხედრობათა შინა აღზრდილი და ყოვლად მსოფლიო ამისთვისცა მარტივთა მიერ სიტყუათა ვეზრახო თქუენ". ესე რა თქუა, იწყო მათდა მიმართ სიტყუათა თქმად, რომელსა ღმერთი მისცემდა უეჭველად პირსა მისსა, ესოდენთა იგავთა და სახეთა წინადაუდებდა, ახსნათა საკვირველთა და უცილობელთა, რომლითა დაანთქა, ვითარცა მეგვიპტელნი, და დაუყო პირი მათი და უპასუხო ყვნა და ყოვლად უსიტყუელ, ვითარცა ოდესმე დიდმან ბასილი ათინას შინა.

ესე მწვალებელნი ესრეთ ყოვლად უღონონი ყვნა, რომელთა აღიარეს ცხადად ძლეულება თვისი ამისთა ოდენ მეტყუელთა, ვითარმედ: "შუენ, მეფეო, მოწაფე გუეგონე ამათ მოძღუართა თქუენთა, გარნა, ვითარ ვხედავთ, შენ სამე ხარ მოძღუარი მოძღუართა, რომლისა ბრჭყალსა ვერ მიმწუთარ არიან ეგე მოძღუარ საგონებელნი თქუენნი". და ესრეთ ფრიად მაბრალობელნი თავისა თვისისანი მიიქცეს სირცხვილეულნი, არღაღა ოდეს მკადრებელნი ამისნი ოდესცა".

ღმრთის შემწეობა არა მხოლოდ წმ. მეფის ბაგეთათვის საქადაგებელი სიტყვის მიცემით შემოიფარგლებოდა, ღმერთივე აძლევდა მას საკვირველ ნიჭებს ღვთივსათნო ღვაწლისათვის, რადგან: "ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მოიღო მადლი მოციქულობისა, ვითარცა პავლე და ვითარცა კონსტანტინე. ხოლო თავი სათნოებათა, სიწმიდე, ესეოდენი მოიგო, ვითარცა დიდმან ანტონი, რამეთუ წმიდითა პირითა და განწმედილითა გონებითა მიიღებდა უხრწნელთა ქრისტეს საიდუმლოთა. კუალად ლოცვისა და მარხვისათვის რადღა სახმარ არს თქმა".

"ხოლო აქუნდა ამას ყოვლად ბრძენსა მეფესა საქმედ ესეცა, რომლითა უმეტეს ყოველთა საშიშად საზარელ იყო ყოველთა, რამეთუ ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკÂირველი . . . არა-რა შორიელი არცა სამეფოთა შინა, არცა ლაშქართა შინა მისთა მყოფთა კაცთა, საქმე ქმნილი, კეთილი სიტყუა გინა ბოროტი თქმული – არა-რა დაეფარვოდა ყოვლადვე, არამედ რაოდენცა ვის ფარულად ექმნეს ანუ ეთქვას, ყოველივე ცხად იყო წინაშე მისსა . . . ორგულობასა და ზაკუასა და ღალატსა რასმე ვერვინ დიდთა ანუ მცირეთგანი იკადრებდა მოგონებაცა, არა თუ თქმად ვისდა, ვინათგან ესე მტკიცედ უწყოდა ყოველმან კაცმან, რომელ პირით აღმოსვლამდე საცნაურ ქმნილ არს უეჭველად წინაშე მეფისა. და მრავალნი განპატიჟებულცა და მხილებულ იყვნეს ესევითართათვის. ამისთვის ვერ ოდეს ვინ განიზრახა ღალატი რაითურთით დღეთა მისთა, არამედ იყო ყოველთგან საკრძალველ და სარიდო . . . და ყოველთა კაცთა საქმე ექმნა წესიერებად და გზად ყოველთა სათნოებათა მიმართ. რამეთუ შიშითა მისითა ვერ იკადრებდიან უწესოდ სლვად, ვინათგან უწყოდიან არა-რა დაფარულობა წინაშე მისსა . . . ესე საქმენი, ღმრთისაგან ოდენ შესაძლებელნი, წარმართის ეგრეთ". მეფის ეს ღვთივბოძებული სასწაულებრივი ნიჭი გულთა, აზრთა და განზრახვათა მხილველობისა უღმრთო საზოგადოების მეცნიერებმა ვერ ირწმუნეს და მათმა რაციონალურმა (დეტექტიურთან შეზავებულმა) აზროვნებამ წმ. მეფეს მსტოვართა ინსტიტუტის შექმნა დასწამა, რომ, თურმე, მისი ყველგანმყოფი მსტოვრები აწვდიდნენ მეფეს საიდუმლო ცნობებს. დავითის მემატიანე კი, თითქოს გრძნობს ჩვენს ამ ცხრასაუკუნეშემდგომ ურწმუნოებასა და უნდობლობას, გვეუბნება: "ვთქუა საქმე საცნაურ-მყოფელი, რომელსა შინა არა-რა იყოს ტყუვილი, ვინათგან "წარსწყმედს უფალი" ყოველთა, რომელმან იტყვიან სიცრუვესა", და იქვე დასძენს: "ღმრთისა მიერ იყო მის ზედა ნიჭი ესე და საქმე ყოვლად საკვირველი. ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმოდა ესე, არამედ ამას ცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ . . . დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით". ანუ, ხე ნაყოფით შეიცნობისო, და წმ. მეფე არა მსტოვრობითა და ჯაშუშობით წარმართავდა საქმეთა კეთილთაო, არამედ ღმრთის მოწყალე ხელითაო.

წმინდა მეფის სიმკაცრე სარწმუნოებრივ საკითხებში შეზავებული იყო მის უსაზღვრო კაცთმოყვარეობასთან. იგი ყოველდღიურად გასცემდა მოწყალებას არა მხოლოდ ქართველებზე, არამედ სხვა გვარტომთა და რჯულის წარმომადგენლებზე. იგი პატივს სცემდა კაცთა და არა რჯულთა, იყო კაცთშემწყნარებელი და არა რჯულთშემწყნარებელი. კაცთმოყვარეობისა გამო აკრძალა მან მუსულმანთა უბნებში ღორის დაკვლა, მისცა მუსულმანებს უფლება აზანისა (ლოცვაზე მოწოდებისა), თავისუფლად ლოცვისა, აბანოში ცალკე ბანაობისა. როგორც კაცთა – იწყნარებდა მათ, როგორც ურჯულოთა – ეშმაკებსა და ეშმაკის მსახურებს უწოდებდა. იგი არამც თუ ურჯულოთა რჯულს იწყნარებდა და მათთან ერთად ლოცულობდა, არამედ ურჯულონი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მოჰყავდა. მისი მემატიანე მოგვითხრობს: "და რათა მოკლედა ვთქუა, რაოდენნი ეკლესიანი, წარმართთაგან შეგინებული, განწმიდნა სახლად ღმრთისად, რაოდენნი ნათესავნი წარმართნი შვილად წმიდისა ემბაზისად მოიყვანა და შეაწყნარა ქრისტესა და დადვა მისთვის უმეტესი მოსწრაფება, რათამცა ყოველი სოფელი მოსტაცა ეშმაკსა და შეასაკუთრა ღმერთსა, რომლითა მოიღო მადლი მოციქულობისა". განა ეკუმენისტები ასე იქცევიან?

და ეს კაცთშემწყნარებელი მუფე უმკაცრესი ხდებოდა, როდესაც მის წინაშე არა კაცნი, არამედ ურჯულონი აღიმართებოდნენ, რომლებიც აოხრებით ემუქრებოდნენ მის ღვთისმშობლის წილხვერდ ქვეყანას, აგინებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და იტაცებდნენ ტაძრებს. მაშინ მისი მახვილი ულმობელი ხდებოდა და ურჯულოთა სისხლით ირწყვება მიწა. და რამდენად შეურაცხმყოფელი და შემაგინებელი იქნება ასეთი წმ. მეფისათვის მის ეკუმენისტად და ურჯულოებთან თამანლოცველად წარმოჩენა.

არსებობს დავითის დროინდელი ისტორიული სინამდვილის ტენდენციურად და თვითმიზნურად წარმოჩენისა და ფილმში ასახვის სხვა საფრთხეებიც. თუნდაც ისტორიაში დაცული ცნობა იმის შესახებ, რომ დავითის მეომართა მცირე ჯგუფი მონაწილეობას ღებულობდა ჯვაროსნულ ომებში. ეს შესაძლოა გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ წმ. მეფე ევროპული პოლიტიკური სივრცის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილად წარმოაჩინონ, მაშინ, როდესაც, წმ. მეფის პოლიტიკა იყო არა დასავლური თუ აღმოსავლური ორიენტაციის, არამედ წარმოადგენდა თვითმყოფადი ქვეყნის თვითმყოფად პოლიტიკას. ისტორიულად სწორედ ასეთი მაგალითი და გამოცდილებაა საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული და გასაზიარებელი: ავთენტური პოლიტიკა და არა მკვეთრად გამოხატული დასავლური, აღმოსავლური თუ ჩრდილოური ორიენტაციები; არა მკვეთრი გადახრა რომელიმე მიმართულებით, არამედ ბინებრივად განსაზღვრული გეოპოლიტიკური და გეოკულტურული ხიდის როლის შესრულება; არა ადაპტირება, არამედ თვითმყოფადობა; შემეცნება და არა გადმოღება; მართლმადიდებლურ-ეროვნულ პრიზმაში გარდასახვა და არა კომპილირება. სწორედ ასეთი პოლიტიკა ქმნის საუკეთესო პირობებს რჯულის სიწმინდის დაცვისათვის, რაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისათვის უპირველეს და უმაღლეს დანიშნულებას.

ჩვენ ასევე გვახსოვს პუბლიკაციები, რომლებშიც ჯვაროსნულ ომებში ქართველთა მონაწილეობის ფაქტიდან გამომდინარე დავით აღმაშენებელს ტამპლიერთა ორდენთან აკავშირებდნენ. არსებობენ სხვა ინტერპრეტაციები და ინსინუაციები დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

ზემოთ დასახელებული საფრთხენი წარმოადგენენ არა თეორიულ შესაძლებლობებს, არამედ რეალურ ტენდენციებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ინფორმაციულ თუ ინტელექტუალურ სივრცეებში გამჟღავნდა და გაჟღერდა. ჩვენ ვშიშობთ, რომ ამ ტენდენციების გამო დაგეგმილი ფილმიდან საბოლოოდ არ მივიღოთ ფილმი, რომელიც იქნება წმ. მეფის, საქართველოს მოწამებრივი და მართლმკვეთელური ისტორიისა და მართლმადიდებელი ერის წმინდა გრძნობების შეურაცხმყოფელი და შემაგინებელი ფილმი. წმ. მეფემ თავისი ცხოვრებითა და თავისი მოღვაწეობით მოგვცა მაგალითი იმისა, რომ ყოველმა ქართველმა დადოს აღთქმა ღვთის წინაშე, რომელიც რუის-ურბნისის კრებამ დაგვიტოვა ვითარცა უძვირფასესი მემკვიდრეობა, ვითარცა ყოველი ქართველის უპირველესი პიროვნული მიზანი და იმავდროულად ვითარცა საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის ქვაკუთხედი: "არ გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არ გაგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო – მართლმადიდებლობავ".

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში #3(318),28.01.05.