მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ვის შემოაქვს შფოთი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში

“სიყუარული სოფლისაი ამის
მტერობაი არს ღმრთისაი” (იაკ. 4,4)

ძმანო და დანო, საქართველოს მართლმადიდებელო ქრისტეანენო!

მართლადიდებელი ეკლესიის მრევლის მრავალი წარმომადგენელი აღშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს ეკლესიაში ფეხი მოიკიდა ერთმა მეტად არაჯანსაღმა მოვლენამ, რომელიც სულ უფრო და უფრო ღრმავდება და სერიოზული საფრთხით გვემუქრება. ამასთან დაკავშირებით წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი თავს ვალდებულად თვლის, ხმამაღლა განაცხადოს ამ მოვლენის შესახებ. კერძოდ, უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენი ეკლესიის ღვთისმსახურთა ერთი ნაწილი, პატიოსან მღვდელთა ჯგუფი და მათი სულიერი შვილები სულ უფრო მზარდ ზეწოლასა და დევნას განიცდიან ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირისა და მათ გავლენაში მოქცეული ადამიანების მხრიდან. ღვთისმსახურთა ამ ჯგუფის მისამართით ტაძრების ამბიონებიდან თუ პირადი საუბრებიდან, ზოგიერთი საეკლესიო გამოცემის ფურცლებიდან და საპატრიარქოს რადიოთი, საერო გაზეთებიდან თუ რადიო-ტელევიზიით გაისმის სხვადასხვა ბრალდება, შეურაცხყოფა და ცილისწამება.

სულ უფრო მკაფიოდ ვამჩნევთ, სულ უფრო მეტად და მეტად, თუ როგორ ცდილობს “ვიღაცა” მართლმადიდებელთა გულებში მტრობისა და უნდობლობის გაღვივებას, ეკლესიის ორ დაპირისპირებულ ბანაკად დაყოფას. ვის უნდა სჭირდებოდეს ეს და რატომ? ცილისმწამებლები ხალხში იმ აზრს ამკვიდრებენ, თითქოს ჩვენს ეკლესიაში ღვთისმსახურთა დასახელებული ჯგუფიდან მომდინარეობდეს განხეთქილების სურვილი, რომ ისინი უგუნური მოშურნეობის სულით არიან ცდუნებულნი და ამპარტავნებასა და ხიბლში ჩავარდნილები თავიანთი არამშვიდობისმოყვარე განწყობილებით სხვა მართლმადიდებლებსაც აავადებენ.

ცილისმწამებლები პატიოსან მღვდელთა მისამართით თავს არ იზღუდავენ ისეთი სიტყვების გამოყენებისაგან, როგორიცაა: “სქიზმატები”, “მასონები”, “ერეტიკოსები”, “ეკლესიის მტრები”, “აგენტები”, “რუსოფილები”, “ელინოფილები”, “ცხვრის ტყავში გახვეული მგლები”, “ეშმაკის მსახურები” და ა.შ. ამ შემაძრწუნებელ ბრალდებათაგან მრავალი საპატრიარქოს რადიოთი გავრცელდა.

მართლმადიდებელი მრევლის კავშირის წარმომადგენლებმა ჩვენი ეკლესიის პირველიერარქთან შეხვედრის დროს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით გამოთქვეს თავიანთი გულისტკივილი. პირველიერარქმა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელს მიუთითა, მსგავსი გამოხდომები აღეკვეთა საპატრიარქოს საინფორმაციო საშუალებებით, ის კი თავის მხრივ შეგვპირდა, რომ ერთერთი ცილისმწამებელი გამოვიდოდა იმავე რადიოარხით, ბოდიშს მოიხდიდა და საჯაროდ მოინანიებდა თავის საქციელს, თუმცა ასეთი რამ არც რომელიმე კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, არც საზოგადოდ ამ მოვლენასთან დაკავშირებით ფაქტობრივად არ განხორციელებულა. ამიტომ, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი იძულებულია ამ მოვლენასთან დაკავშირებით პირადად მიმართოს ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, მორწმუნე ერს და განუმარტოს, სინამდვილეში თუ რა მიზანს ისახავს პატიოსან ღვთისმსახურთა დევნა-შევიწროვება და ხალხის თვალში დისკრედიტაცია.

ნებისმიერ მოსაზრებას, საპატრიარქოს საინფორმაციო საშუალებებით გამოქვეყნებულს თუ გადაცემულს, ენიჭება ავტორიტეტული ხმის სტატუსი და საპატრიარქოს, ჩვენი ეკლესიის იერარქთა მიერ გაზიარებულ თუ მოწონებულ შეხედულებად აღიქმება. თუკი ეს ასეა, მაშინ ისმის კითხვა: ღვთისმსახურთა დასახელებული ჯგუფი თუ იმსახურებს იმ ბრალდებებს, რაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან გაისმის, რატომ ვერ დაადასტურეს ამდენი ხნის განმავლობაში ამ ბრალდებების სისწორე? თუკი ისინი აღნიშნულ ბრალდებებს იმსახურებებნ, მაშინ როტომღა იტანენ მათ და ეკლესიიდან არ განკვეთენ? ხოლო თუ ეს ბრალდებები ყალბია, რატომ ითმენენ და არ დასჯიან ცილისმწამებლებს? სიტყვა ეშმაკი ცილისმწამებელს ნიშნავს, ცილისმწამებლური სულისკვეთებისა და ქრისტიანობის ერთად მოაზრება კი სრულიად შეუძლებელია.

ეკლესიურ სამართალს ღვთისმსახურთა უბრალო მაბრალობელთა დამსჯელი მკაცრი კანონი აქვს. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონის თანახმად ცილისმწამებელი იმავე სასჯელს იმსახურებს, რომელსაც ბრალდებული ბრალის დადასტურების შემთხვევაში მიიღებდა. უძველესი ეკლესიური წესის თანახმად ბრალმდებელს სამხილის წარდგენამდე წერილობითი განცხადებით უნდა დაედასტურებინა, რომ დანაშაულის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში მზად არის იტვირთოს იგივე სასჯელი, რაც განსასჯელს უნდა რგებოდა (იხილეთ აგრეთვე ვალსამონისა და ზონარას განმარტება, გვ. 752, აგრეთვე ეპისკოპოს ნიკოდიმოსის განმარტება იმავე კანონზე, გვ. 272). კართაგენის კრების 145 (130) კანონი კრძალავს ღვთისმსახურზე ბრალდების განხილვას, თუ ამ ბრალდებათაგან პირველი არ დადასტურდება. საგულისხმოა, რომ არცერთი ბრალდება ზემოთ აღნიშნულ ღვთისმსახურთა მისამართით არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს, ან იმ სწავლებებსა და გამონათქვამებს, რომელსაც ეს თვთისმსახურები წარმოთვამდნენ და წერდნენ.

მაგალითისათვის, არქიმანდრიტ ლაზარესა და არქიმანდრიტ რაფაელს, რომლებსაც ასე ხშირად სწამებენ ცილს, უწოდებენ რა “შპიონებს”, “ისრაელის აგენტებს” თუ “რუსების მოგზავნილებს”, მრავალი სტატია და წიგნი აქვთ დაწერილი და გამოქვეყნებული. ეს წიგნები დიდი ტირაჟებით გამოიცემა საქართველოში, რუსეთსა და ბულგარეთშიც. ამ წიგნებთად დაკავშირებით ყოველი მხრიდან მოდის მართლმადიდებელთა გამოხმაურებები და ჯერ არავისგან გვსმენია, რომ ეკლესიის სწავლების საფუძველზე ვინმეს ავტორები ემხილებინოს რაიმე ერესში ან არაეკლესიურ სწავლებაში. ბუნებრივად ისმის კითხვა: კი მაგრამ, ეს როგორ იქნება? პიროვნებებზე ახვავებენ ცილისწამებებს და არავის უნდა, შეამოწმოს მათი მართებულობა - თუ რას ემყარება ეს ბრალდებები? არადა, ამაზე იოლი რა იქნება? დასახელებული პირები ხომ არა მალავენ თავიანთ მოსაზრებებს და, რამდენადაც ვიცით, მზად არიან თავიანთი მართლმადიდებლური შეხედულებები ხმამაღლა და დაუფარავად განაცხადონ?

სასულიერო აკადემიის პატროლოგიის კათედრის გამგემ ე. ჭელიძემ არქიმანდრიტ რაფაელის ნაშრომებში თითქოს “იპოვა” ერთგვარი “ნესტორიანელობის ერესი” და მთელ საქართველოს მოჰფინა, მამა რაფაელი ერეტიკოსიაო, რაც სასულიერო აკადემიის გაზეთებშიც დიდი ტირაჟით დაიბეჭდა. მაშინვე ეს “ცნობა” რადიო “თავისუფლების ხმამ” მთელს მსოფლიოში გაავრცელა. არქიმანდრიტი რაფაელი წესით, თუ მართლა ერეტიკოსი იყო იერარქებს, საქმის გულდაგულ გამოძიებისა და მწვალებლობის დადასტურების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან, განეკვეთათ მოძღვარი, რომელმაც გაბედა, რომ წერილობით ექადაგა ნესტორიანელობის ერესი. ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაებარებინათ ორივე მხარე და მოესმინათ როგორც ბრალმდებელისათვის, ისე ბრალდებულისათვის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მამა რაფაელმა მაშინვე წერილობით მიმართა აკადემიის რექტორს და შესთავაზა, იმავე აკადემიის გაზეთის ფურცლებიდან ეპასუხა ნებისმიერ ბრალდებაზე, მაგრამ არანაირი პასუხი არ მიუღია. გამოდის, რომ ბრალს სდებენ და თავისმართლების საშუალებას კი არ აძლევენ. ამ თემაზე დაწერილი მისი სტატიები ხელნაწერებად რჩებიან, ცილისწამება კი მორწმუნეთა გულებში ნავარდობს. არადა საკმარისი იყო გადაეშალათ მიტროპოლიტ მაკარის “დოგმატური ღვთისმეტყველების” სახელმძღვანელო, რომელიც აღიარებულია ეკლესიის მიერ და ენახათ მე-2 ტომის 139-ე თავი (გვ. 93-100), რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ე. ჭელიძის მიერ გაკრიტიკებულ არქიმანდრიტ რაფაელის სწავლება სინამდვილეში არის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება.

წმინდა წერილი ამბობს: “ბოროტეულის განმამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე” (იგავთა 17.15). ასე რომ, სანამ ვინმეს შესახებ დასკვნებს გავაკეთებდეთ და თანაც გავახმაურებდეთ, საჭიროა გულდასმით გადავამოწმოთ საკუთარი შეხედულებები. ქრისტიანობის სასტიკი მდევნელი წარმართი იმპერატორი ადრიანეც კი (117-138წ.) ვინმე პროკონსულ ფუნდანს წერილობით მიუთითებს, თუ როგორ გაასამართლოს ქრისტიანები მისადმი დაქვემდებარებულ მხარეში: “. . . როგორც მე მესახება, საქმე არ უნდა დარჩეს განუხილავი, რათა არ შევაძრწუნოთ უდანაშაულოები და არ მივცეთ ფართო გასაქანი ცილისმწამებლებს. თუ შენდამი დაქვემდებარებულ მხარეში მაცხოვრებელთაგან არიან ისეთები, რომელთაც აქვთ სერიოზული საფუძველი, რომ ბრალი დასდონ ქრისტიანებს სასამართლოს წინაშე, მათ მხოლოდ სასამართლოსვე მიმართონ და თავი შეიკავონ ფუჭი საჩივრებისაგან და წამოძახილებისაგან. . . თუ ვინმე ბრალს სდებს ქრისტიანებს და დაამტკიცებს, რომ მათ დაარღვიეს კანონი, მაშინ დასაჯე ისინი თავიანთი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად. მაგრამ, ჰერაკლეს სახელისათვის! თუ ვინმე განზრახ სიყალბით დაასმენს, მაშინ საფუძვლიანად გამოიძიე და დასაჯე დამსმენი მისი ბოროტი განზრახვის შესაბამისად”.

რა დროს მოვესწარით, ქრისტიანობის მდევნელი წარმართი ტირანი უფრო თამნიმდევრულ და თავისებურად “სამართლიან” სამართალმწარმოებლად გვევლინება, ვიდრე ბევრი ჩვენი მორწმუნე ქრისტიანი. იძულებულნი ვართ ვითხოვოთ, რომ ბრალდაწამებულ ღვთისმსახურებს წარმართი ადრიანეს ამ პრინციპის მიხედვით მაინც მიუდგნენ: თუკი ვინმეს სერიოზული საფუძველი აქვს სასამართლოს წინაშე ბრალის დასადებად, მაშინ “მათ მხოლოდ სასამართლოსვე მიმართონ და თავი შეიკავონ ფუჭი საჩივრებისაგან და წამოძახილებისაგან”.

თუ ხსენებული ღვთისმსახურებების მიმართ მართლა აქვთ სამხილი და ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს იოტისოდენა საფუძველი მაინც აქვს, აქამდე რატომ არ იძახებენ მათ საეკლესიო სასამართლოზე და არ განკვეთენ ეკლესიიდან? ხოლო თუ ასე არ არის, დაუსჯელად ყველას, ვისაც კი მოესურვება, რატომ აძლევენ ყოველმხრივ უსაფუძვლო ბრალდების წამოყენების საშუალებას და რადიოეთერსაც კი უთმობენ? ეს გვაგონებს არა ჭეშმარიტების ძიებას, არამედ ვიღაცის მიერ შემუშავებულ და მიზანმიმართულ დევნას ღვთისმსახურთა და მორწმუნეთა გარკვეული ჯგუფისა, რომლებიც, როგორც ჩანს, “ვიღაცას” ძალიან უშლიან ხელს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები შეეცდებიან წინამდებარე მიმართვა ისევ დასახელებული ღვთისმსახურების წინააღმდეგ გამოიყენონ. მათ და მართლმადიდებელი მრევლის კავშირის წევრებს დაადანაშაულებენ ფაქტების გაზვიადებაში, ვინმესადმი ჩრდილის მიყენების მცდელობაში, “სქიზმის” მოწყობის მცდელობაში და ა.შ. მაგრა სინამდვილეში ვინ ცდილობს გაყოს ეკლესია? ის პირები ხომ არა, რომლებიც პატიოსან ღვთისმსახურებს რადიოარხით უწოდებენ “სატანის მსახურებს”, “მასონებს”, “მგლებს” და ა.შ. პირველ რიგში განა ასეთი განცხადებები არ თესენ მორწმუნეთა რიგებში მტრობას, ყოფენ მათ ორ დაპირისპირებულ ბანაკად? თუკი დასახელებული ღვთისმსახურების მიერ გამოთქმულ ცალკეულ გამონათქვამებს ვინმე არ ეთანხმება, მაშინ მან ეს გამონათქვამები საფუძვლიანად უნდა შეადაროს ეკლესიის წმინდა გადმოცემებთან და წმიდა მამათა მემკვიდრეობის საფუძველზე დაამტკიცოს, რომ ისინი ცდებიან. ამის შემდეგ, თუკი ხსენებული ღვთისმსახურნი, ასეთი მტკიცებულების მიუხედავად, მაინც არ უარყოფენ თავიანთ ცდომილებას, ხოლოდ მაშინ შეიძლებიდა ისინი დაგვედანაშაულებინა არაეკლესიურობაში. წმ. მამათა ცხოვრებაში არის მაგალითები, რომლებიც გვიჩვენებენ, რომ მორწმუნეებს არა აქვთ უფლება, წინ არ აღუდგნენ ღვთისმსახურთა მიმართ წარმოებულ უსამართლო კომპანიას და არ გამოააშკარაონ მათი მისამართით გაკეთებული უსაფუძვლო ბრალდებები. იგივე მართებთ უსაფუძვლო ბრალდების მსხვერპლთ. მაგალითად, პატერიკში აბბა აგათონზე ვკითხულობთ:

“მი–ვინმე-ვიდეს . . . და ჰრქუეს: შენ ხარა აგათონ? გუესმა შენთვის, რამეთუ მეძავ ხარ და ამპარტავან. ხოლო მან თქუა: და ეგრეთ არს. ჰრქუეს მას: შენ ხარა აგათონ ცუდის მეტყველი და ძვირის-მზრახველი? და თქუა: მე ვარ. და კუალად ჰრქუეს: შენ ხარა აგათონ, მწვალებელი? და თქუა: არა ვარ მწვალებელი. და ევედრებოდეს მას და იტყოდეს რაჲსათვს ეგოდენი თავს-იდევ და ეგე ხოლო არა თავს იდევ? და თქუა: პირველსა მას თავით ჩემით ვიჩემებდ, რამეთუ სარგებელი აქუს სულისაი, ხოლო წვალება განშორებაი არს ღმრთისაგან. . .”

წმინდა ანტონი დიდის ცხოვრებაში მოთხრობილია, მწვალებელმა-არიანელებმა თუ როგორ გაავრცელეს ერთხელ ალექსანდრიაში ჭორი, თითქოს ანტონი მათი თანამოაზრე იყო. მაშინ წმ. ანტონი, რომელიც უდაბნოდან იშვიათად გამოდიოდა და ქალაქში არასდროს შედიოდა, ალექსანდრიისაკენ გაემართა და ქალაქის მოედანზე ხალხის თავყრილობაზე ანათემას გადასცა ერეტიკოსები, რის შემდეგაც კვლავ თავის სამყოფელში დაბრუნდა.

ასე რომ, თუკი ზემოთ ხსენებულ ღვთისმსახურებს ბრალს დასდებდნენ ზნეობრივ დარღვევებში, მათ პირად ცოდვებში, ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ ეს დაეშვათ როგორც სულისთვის სასარგებლო გარემოება და სიმდაბლის სასწავლებელი ვითარება. Mაგრამ, როცა ანტიეკლესიურ საქციელში, მასონობასა და ერეტიკოსობაში სდებენ მათ ბრალს, ასეთ შემთხვევაში არც მათ და არც ეკლესიის მრევლს გაჩუმების უფლება არა აქვთ. მრევლმა, განსაკუთრებით მოძღვრის ყოველმა სულიერმა შვილმა, აუცილებლად უნდა გამოიძიოს თავისი მოძღვრისადმი წაყენებული ბრალდებები და, თუ თავად ვერაფერს იპოვის ეკლესიის საწინააღმდეგოსა და მიუღებელს, ბრალმდებლებს მოსთხოვოს, დაასაბუთონ მათი ბრალდებები. თუ ისინი ამას დაასაბუთებენ, მან უნდა მოსთხოვოს მოძღვარს, უარყოს ცდომილება და შეინანოს, ხოლო თუ რამდენჯერმე შეგონების შემდეგ იგი ამას არ გააკეთებს, ამხილოს და განეშორის მას, რათა მასთან ერთადარ წარიწყმიდოს სული. ხოლო, თუ ბრალმდებლები ვერ დაასაბუთებენ მათ მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, მაშინ მრევლი ვალდებულია დაიცვას უდანაშაულო ღვთისმსახურნი, ცილისმწამებლებს მოსთხოვოს, რათა საჯაროდ მოინანონ თავიანთი საქციელი, ხოლო, თუ მათ რამდენიმე შეგონების შემდეგაც არ შეინანეს, ამხილოს ისინი, როგორც ცილისმწამებლები, ეკლესიაში ბოროტი განზრახვით შფოთის შემომტანები.

მართლმადიდებელი მრევლის კავშირის წევრები ქვემოთ განიხილავენ იმ ბრალდებებს, რასაც ყველზე ხშირად უყენებენ ღვთისმსახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებს.

1.

ხშირად მათ “სქიზმატებს” უწოდებენ. საიდან იღებს სათავეს ასეთი ბრალდება? 1997 წელს ეკლესიაში დაძაბული მდგომარეობა შეიქმნა. საქართველოს იერარქთა ეკუმენისტური ქმედებები მრავალ მორწმუნეს აცდუნებდა. უკვე ბევრი აღმაშფოთებელი დარღვევა დაგროვდა, რომლებიც ეკლესიის კანონებს ეწინააღმდეგებოდნენ. მაშინ მრავალი, მათ შორის ზემოთ დასახელებული ღვთისმსახურნი და მათი სამწყსო, გამოდიოდნენ ამ ეკლესიის საწინააღმდეგო ეკუმენისტური სწავლებებისა და ქმედებების წინააღმდეგ და იერარქებისაგან მოითხოვდნენ, ამ საკითხისადმი მათი დამოკიდებულება გადაესინჯათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკუმენიზმის მოწინააღმდეგეთაგან ზოგიერთებმა, უგუნური მოშურნეობით ცდუნებულებმა და იმ არაკეთილმოსურნე პირთაგან წაქეზებულებმა, რომელთაც თავიანთი მზაკვრული მიზნები ჰქონდათ (შესაძლოა - დავალებაც ეკლესიის მტრებისაგან), გადადგეს უკიდურესი ნაბიჯები და გავიდნენ განხეთქილებაში. მაშინ ღვთისმსახურთა დასახელებული ჯგუფის წევრები, რომლებსაც დღეს სქიზმატებს უწოდებენ, მრავალ წერილსა და სტატიებს წერდნენ, ხმამაღლა ქადაგებდნენ განხეთქილების, როგორც მიუღებელი და დამღუპველი ნაბიჯის წინააღმდეგ. უდავოა, რომ ამ ქადაგებებმა მთელ რიგ შემთხვევებში კეთილი ნაყოფი გამოიღო და მრავალმა განხეთქილებაში გასვლისაგან შეიკავა თავი. იმავდროულად, უწმინდესმა სინოდმა გადასინჯა საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება ეკუმენურ ღონისძიებებსა და შეკრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან საქართველოს ეკლესიის გამოსვლის თაობაზე და მთელ მსოფლიოს განუცხადა იმის შესახებ, რომ იგი თვლის ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობას ეკლესიისათვის მავნედ და მორწმუნეთათვის ძალზედ მაცდუნებელად. ასევე, ჩვენი ეკლესიის პირველიერარქმა საკათედრო ტაძარში ხლხის წინაშე შეინანა იერარქიის მიერ დაშვებული შეცდომები (მწვალებლებთან ერთბლივი ლოცვა, მწვალებელთა ზიარება, საკურთხეველში მათი დაშვება და ა.შ.). ამ მოვლენამ მართლმადიდებელი მრევლი ძალიან გაახარა, ჩვენთან ერთად მთელ მსოფლიოში ხარობდნენ მართლმადიდებელნი და საქართველოს ეკლესიას ულოცავდნენ ამ მართებულ ნაბიჯს. მაგრამ, როგორც დრომ აჩვენა, ამის მომსწრე მრავალმა ცრუქრისტიანმა გააღრჭიალა კბილები, და დღემდე ემდურიან - როგორც იმ იერარქებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ასევე იმ მღვდლებსა და ერისკაცებს, რომლებიც იერარქებს ამ ნაბიჯისაკენ მოუწოდებდნენ. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ განმაახლებლობის სულისკვეთებით შეპყრობილი მრავალი პირი იმედს არ კარგავს, კვლავ დააბრუნოს ჩვენი ეკლესია ეკუმენურ საჭოში, ხოლო მრავალი პასუხუსმგებელი პირი არ მალავს, რომ მათზე გარე (მსოფლიო) ძალების მხრიდან ძლიერი ზეწოლა ხდება, რომ ჩვენი ეკლესია კვლავ ეკუმენურ გზას დაადგეს და, ასევე, შემოიტანონ მრავალი სიახლე (ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლა და სხვ.).

როგორც ისტორია გვიჩვენებს - ამასოფლის ხელისუფალნი ყოველთვის თვლიდნენ, რომ ეკლესია ადამიანთა სულებზე ზემოქმედებდა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ხალხის განწყობილებებს, მათ დამოკიდებულებას მსოფლიოში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესისადმი. ამიტომ “დიდი პოლიტიკოსები” არჩევანს ყოველთვის ეკლესიაზე აკეთებდნენ და ცდილობდნენ, თავიანთი გავლენის ქვეშ მოექციათ იერარქები და სასულიერო პირები, რათა მათი, როგორც ერთგვარი პოლიტიკური ორგანოს საშუალებით - ხალხის განწყობილება და ცნობიერება სასურველ კალაპოტში წარემართათ. მით უმეტეს დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკოსების მიერ “ახალი მსოფლიო წესრიგი” მყარდება, როდესაც მთელი მსოფლიო უნდა მოექცეს ერთი ხელისუფლების დაქვემდებარებაში და საბოლოოდ - ერთი ადამიანის დაქვემდებარებაში, ეკლესიაზე კეთდება დიდი გათვლები და გაძლიერებულია კონტროლი, არის მცდელობა, აქციონ იგი ხალხის დამუშავების იარაღად ყველაზე იდუმალი, სულიერი მხრიდან, რათა მათ გულებში განსაზღვრონ პოლიტიკოსებისთვის საჭირო მიმართულებები. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ “დიდი მსოფლიო პოლიტიკის” მსახურნი იჭრებიან და კვლავაც შეიჭრებიან ეკლესიისა და მორწმუნეთა ცხოვრებაში და შეეცდებიან, ეკლესია თავიანთ თარგს მოარგონ. აშკარაა, რომ ისინი საიდუმლო აგენტებს იყენებენ, რომლებსაც მორწმუნეთა რიგებში აგზავნიან დავალებით, რომ შექმნან გარკვეული განწყობილებები და მიმართებები, გაავრცელონ გარკვეული ჭორები და ცილისწამებები, გააჩაღონ კონფლიქტები და, პირიქით, საჭიროების შემთხვევაში - განმუხტონ სიტუაციები. თვით სუკის თანამშრომლები არ მალავდნენ და არ მალავენ, რომ მათთან თანამშრომლობენ საკმაო რაოდენობის სასულიერო პირები. ამიტომ მორწმუნენი “სადარაჯოზე” უნდა იყვნენ და ყურადღებით განიხილავდნენ მათ გარემოში გავრცელებულ ნებისმიერ ცნობასა და ცნებას, ამოწმებდნენ მათ ეკლესიის გადმოცემისა და ეკლესიის მამათა სწავლების საფუძველზე.

შეიმჩნევა, რომ მრავალ მართლმადიდებელ ქვეყანაში გარე ძალები ძლიერ უწყობენ ხელს საეკლესიო განხეთქილებებს, რაც ეკლესიის მტრებს აძლევთ შემდეგ უპირატესობებს: ოფიციალური ეკლესია თავისუფლდება “ზედმეტი ბალასტისაგან” - როგორც წესი ყველაზე მოშურნე ტრადიციონალისტ-ქრისტიანთაგან, რომლებიც ეკლსიაში აპროტესტებენ ყოველგვარი არაკანონიერი სიახლეების შემოტანას, და ამგვარად ხდება გადარჩევა - “მოქნილი” და “ადვილად აღსაზრდელი” ქრისტიანები განცალკევდებიან “შეუპოვარი” და გვერდიდან მითითებების მიმართ “ურჩი” ქრისტიანებისაგან, რომელთაც უმალ მიაწებებენ “რასკოლნიკის” სახელს. ამის შემდეგ შესაძლებელი ხდება, “ოფიციალურ” ეკლესიას უბიძგონ ყოველგვარი განმაახლებლური ღონისძიებებისაკენ, ხოლო “რასკოლნიკებს” გამოიყენებენ იქნენ “მოქნილთა” დისკრედიტაციისათვის. ამავე დროს “რასკოლნიკებით” შეიძლება დააშინონ ხალხი, უთხრან: - აი, როგორი მახინჯია რელიგიური ფანატიზმიო.

ამა სოფლისათვის ხელსყრელია ის მხილებებიც - “ქოხიდან ნაგვის გამოტანა” - რითაც, ჩვეულებრივ, დაკავებულია ეს ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფი. ამას ჩვენ საქართველოშიც ვხედავდით - როდესაც ეკლესიის სხეულზე გაჩნდა განხეთქილების ბზარი, მაშინ მასობრივმა ინფორმაციის საშუალებებმა გააძლიერეს “რასკოლნიკების” რეკლამირება და ყველანაირად ცდილობდნენ, გამოეწვიათ ხალხში მათდამი სიმპატიები, რაც, ნებსით თუ უნებლიეთ განხეთქილებას აღრმავებდა. სხვა დროს კი იგივე საშუალებები ეკუმენისტური თვალსაზრისისაკენ იხრებიან და მათდამი სიმპატიებს გამოხატავენ.

და აი - როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ისე მრავალი სასულიერო პირი ზემოთ დასახელებულ ღვთისმსახურებს ეკლესიის შიგნით სქიზმატებს უწოდებს, ამბობენ, რომ თავიდანვე, როდესაც ისინი ეკუმენიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მიზნად ჰქონდათ ეკლესიაში განხეთქილების მოწყობა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ განახორციელეს იგი, რომ უფრო შორს მიმავალი გეგმები ჰქონდათ და და ა.შ. ზოგიერთმა სასულიერო პირმა კი ურცხვად და ხმამაღლა განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი ისინი მაშინვე “რასკოლნიკებს” გაყვებოდნენ და განხეთქილებაში გავიდნოდნენ. მაგრამ თუ ყურადღებით განვიხილავთ, წევრები იმ დროს მოსალოდნელ განხეთქილებასთან დაკავშირებით, რასაც წერდნენ და აქვეყნებდნენ ღვთისმსახურთა დასახელებული ჯგუფის, ან გავიხსენებთ, რასაც ხმამაღლა ამბობდნენ და როგორ იღვწოდნენ განხეთქილების ასაცილებლად, თვალნათლივ დავინახავთ, რომ მათ აზრადაც არ მოსვლიათ და მისხალისოდენა სურვილიც კი არ გასჩენიათ, ეკლესის მაცხოვნებელ წიაღს მომწყდარიყვნენ და განხეთქილებაში გასულიყვნენ. პირიქით, სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველოს ეკლესია გადაურჩა დიდ განხეთქილებას. მრავალი ჩვენგანი, მრევლის უამრავი წარმომადგენელი დაადასტურებს, რომ სწორედ მათი შემწეობით, მათი მართებული განმარტებებითა და ეკლესიური სწავლების ქადაგების წყალობით გადაურჩნენ განხეთქილებაში წასვლას და ეკლესიაში დარჩნენ. ხოლო ეს ყოველივე ხდებოდა ჩვენი ეკლესიის იმ სასულიერო პირთა წამქეზებლური, მაცდუნებელი დუმილის ფონზე, რომლებიც დღეს ბრალმდებლების როლში გამოდიან და პატიოსან ღვთისმსახურებს “სქიზმატებად” მოიხსენიებენ. წუხილი და სინანული იმის გამო, რომ რომელიმე იმ ღვთისმსახურთაგანი, რომელიც ეკუმენიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, თავის მრევლთან ერთად ცდუნებას გადაურჩა და ეკლესიიდან განხეთქილებაში არ წავიდა, არ აღმოჩნდა მაცხონებელი ხომალდის მიღმა მადლსმოწყვეტილ მორევში, - ამაზე წუხილი მხოლოდ ეშმაკს შეეფერება, და არა მართლმადიდებელ სასულიერო პირს!

როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიის მტრები დარდობენ, რომ საქართველოში საეკლესიო განხეთქილებამ არ მიიღო ფართო მასშტაბი - აი, გენხეთქილებაში გასულთაგანაც მრავალი კვლავ ეკლესიას დაუბრუნდა (ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთმა სასულიერო პირმა ამ დაბრუნებასთან დაკავშირებითაც გამოხატა უკმაყოფილება და გაღიზიანება). სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ზემოთ ხსენებულ ღვთისმსახურთა და მორწმუნე ერის წინააღმდეგ მიმარტული ცილისწამება და დევნა მიზნად ისახავს, სულ უფრო გააძლიეროს დაპირისპირება მორწმუნეთა ორ დაჯგუფებას შორის, ასევე ცდელობენ, თუკი გამოუვათ, კვლავ განახორციელონ ეკლესიაში განხეთქილება. ამიტომაა, რომ მათ, ვინც კატეგორიულად არ იზიარებს განხეთქილების განწყობილებებს, გულმოდგინედ აწებებენ “სქიზმატების” სახელს და ცდილობენ, დაარწმუნონ ყველა, რომ მათ განხეთქილების გარდა არაფერი აქვთ გონებაში.

სულ უფრო ხშირად გაისმის (როგორც ამბიონებიდან, საპატრიარქოს რადიოდან, ისე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან) სასულიერო პირთა თუ ერისკაცთა ქადაგებები ეკუმენისტური მოღვაწეობის სარგებლობის შესახებ, იმის შესახებ, რომ ის პირები, რომლებიც ეკუმენიზმს ეწინააღმდეგებიან, არიან ეკლესიის მტრები, ბნელი ფანატიკოსები, ეგოიზმში ჩაძირულები. ერთმა სასულიერო პირმა საპატრიარქოს რადიოთი ისიც კი განაცხადა, რომ ისინი, ვინც ეკუმენიზმს უარყოფენ, ემსგავსებიან ნაჭუჭში ჩაკეტილ იუდეველებს, რომლებმაც ჯვარს აცვეს ქრისტე. ნუთუ იგი მართლმადიდებელი სასულიერო პირია და მათ, ვინც მისი ქადაგება გაუშვა რადიოთი, არ ესმით, რომ ამით საქართველოს ეკლესიის მთელ იერარქიას ჩრდილს აყენებენ? ჩვენი ეკლესიის ეკუმენისტურ საბჭოდან გამოსვლასთან დაკავშირებით ხშირად გაისმის ამ მოვლენის ასეთი ახსნა, რომ ეს იერარქიამ მოიმოქმედა ფანატიკურად განწყობილი ხალხის ზეწოლის გამო, რომელთაც მღვდლების ერთი ჯგუფი ხელმძღვანელობს, რომლებიც სქიზმით იმუქრებოდნენ და ა.შ. ზოგიერთმა სასულიერო პირმა არ დააყოვნა და მთელ მსოფლიოს მოსდო ცნობა, რომ ჩვენს იერარქთა გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ განხორციელდა. მაგრამ მოვლენისა ასეთი აღქმა ხომ ძლიერ აკნინებს როგორც წმინდა სინოდს, ასევე ჩვენი ეკლესიის ყველა იერარქს? ნუთუ სინოდმა ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილება მიიღო (დაამოწმა იგი არა ერთხელ, დაამტკიცა საღვთისმეტყველო კომისიის მუშაობის შედეგები და დასკვნები, რომლებშიც კიდევ უფრო დაწვრილებით არის გარჩეული და უარყოფილი მრავალი ეკუმენისტური თვალსაზრისი) - და ყველეფერი ეს გააკეთა “ზეწოლითა და გავლენით”, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არ იყო რა დარწმუნებული თავის სიმართლეში, ან პირიქით, დარწმუნებული იყო, რომ ეკლესიისთვის უკეთესი იქნებოდა საპირისპირო გადაწყვეტილება? გვიკვირს, რატომ არ იღებენ ზომებს ასეთ “დამცველთა” წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ, ჩვენი იერარქები ეკუმენისტური საბჭოს წინაშე წარმოადგინონ არა იმდენად თავიანთ გადაწყვეტილებაში “დამნაშავეებად”, რამდენადაც უბრალოდ “უმწეოებად” და “სუსტებად”, რათა აღუდგნენ “ფანატიკოსთა” ბრბოს - სამწყსოს. რა ფასი ადევს ჩვენი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებებს, თუკი მას შეუძლია მორწმუნეთა მცირე ჯგუფის ზეწოლით შეცვალოს თავისი შეხედულებები და მცნებები და მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს უსიამოვნებანი? ღვთისმსახურთა ჯგუფს უწოდებენ “დაუმორჩილებლებს”. განა შეიძლება უფრო მეტი “დაუმორჩილებლობისა” და მეტიც, ეკლესიის მთელი იერარქიის დამამცირებელი სიძულვილის წარმოდგენა, ვიდრე ის, რაც იმალება ვითომცდა ეკლესიის გულშემატკივართა მხრიდან ზემოთ მოყვანილ ახსნებში?

2.

ღვთისმსახურთა დასახელებულ ჯგუფს უწოდებენ “ერეტიკოსებს”.
1999 წელს ზოგიერთი სასულიერო პირი და სასულიერო აკადემიის მასწავლებელი ავრცელებენ სწავლებას უნათლავად მომწყდარ ჩვილთა ცხონების შესაძლებლობის შესახებ. ეს სწავლება მწვალებლურია და მისი გამავრცელებლები ექცევიან კართაგენის ადგილობრივი საეკლესიო კრების ანათემის ქვეშ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ეკლესიაში მრავალი მორწმუნე (მეტიც, მრავალი სასულიერო პირი და იერარქი) იზიარებდა ამ არამართლმადიდებლურ თვალსაზრისს. ღვთისმსახურთა ზემოთ ხსენებული ჯგუფი ბევრს წერდა და წინ აღუდგებოდა ამგვარ სწავლებას. საბოლოოდ საკითხი წმ. სინოდზე განსახილველად გაიტანეს და ჩვენმა მწყემსმთავრებმა ამ საკითხთან დაკავშირებით დაადგინეს ჭეშმარიტად მართლმადიდებლური სულისკვეთების მქონე განჩინება. მაგრამ დღემდე ცრუსწავლების მიმდევრებმა წმ. სინოდის ეს განჩინება არ აღიარეს და ხან ამბობენ, რომ სინოდი ზეწოლის ქვეშ მოქმედებდა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელსაც თვით იერარქები არ ეთანხმებოდნენ, ხან კი ამბობენ, რომ წმ. სინოდის განჩინებას სხვა აზრი აქვს და არასწორად ხდება ხსნიან. სწორედ ასე ფიქრობენ სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მასწავლებელთა უმრავლესობა, ასე ფიქრობენ კომისიის წევრები, რომლებიც აწარმოებენ გასაუბრებას მღვდლობის კანდიდატებთან, ასე ფიქრობს მრავალი სასულიერო პირი. ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვხედავთ წმინდა სინოდისადმი აგდებულ დამოკიდებულებას, ჩვენი იერარქების დამცირებას, რომლებიც მწვალებლური სწავლების დამცველთა თქმით სერიოზული დოგმატური საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობდნენ არა ჭეშმარიტების ძიების სულისკვეთებით, არამედ ამქვეყნიური დაზღვეულობის თვალსაზრისით. თუკი ეს პირები ფიქრობენ, რომ წმ. სინოდს შეუძლია დოგმატური საკითხის შესახებ მცნება მორწმუნეთა მცირე ჯგუფის ზეწილის გამო დაამახინჯოს, მაშინ რა ფასი აქვს ნებისმიერ სინოდიალურ გადაწყვეტილებასა და განჩინებას? მეორე მხრივ, როგორ შეიძლება არასწორად გავიგოთ სინოდის განჩინება, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტას და მასზე მკაფიო პასუხს შეიცავს. საგულისხმოა, რომ წმ. სინოდის მიერ განჩინების გამოტანამდე ყოველდღიურად მატულობდა დაწოლა ღვთისმსახურთა ზემოთ ხსენებულ ჯგუფზე და სულ უფრო შირად აცხადებდნენ მათ ერეტიკოსებად, სქიზმატებად, ისევ ადანაშაულებდნენ მათ კონფლიქტის გაღვივებაში. სინოდის მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ ღვთისმსახურთა ამ ჯგუფზე თავდასხმებმა მიიღო უფრო დაფარული ხასიათი, მაგრამ მრავალი მაინც არ დაეთანხმა ამ საკითხთან დაკავშირებით ღვთისმსახურთა დასახელებული ჯგუფის შეხედულებებს. უბედურება ისაა, რომ პელაგიანობის ეს უკიდურესი მწვალებლური სწავლება აგრძელებს ფესვების გადგმას სასულიერო აკადემიის მასწავლებელთა, აქედან კი მოსწავლეთა უმრავლესობაში. თავად კომისია, რომელიც გასაუბრებას ატარებს ხელდასხმის კანდიდატებთან, მოვლენათა უცნაური “მიმდინარეობის” გამო დაკომპლექტდა ისეთი პირებისაგან, რომლებიც პოლემიკის დროს უნათლავად მომწყდარი ჩვილების ცხონების საკითხთან დაკავშირებით მხურვალედ უჭერდნენ მხარს სწორედ მწვალებლურ თვალსაზრისს. ისინი მონდომებით ცდილობენ მღვდლობის ყველა იმ კანდიდატის განთესვას, რომლებსაც ღვთისმსახურების ხსენებული ჯგუფის წევრები აგზავნიან, სხვადასხვა საშუალებებით ცდილობენ, აიცილონ ამ კანდიდატთა ხელდასხმა, ასახელებენ მათ “ნაკლოვანებებს” და საუბრობენ მათ “ბრალეულობაზე”, ან უბრალოდ თვიდან თვემდე დებენ მათთან გასაუბრებას. ამგვარად მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს იმ მღვდლებთან და მრევლთან, რომლებიც მართლმადიდებლობას მისდევენ და არ ეთანხმებიან ქრისტიანობის შესახებ ახალი მოდერნისტული შეხედულებების შემოტანას. პოლემიკის დროს ღვთისმსახურთა ხსენებული ჯგუფი ხშირად მიუთითებდა, რომ უნათლავად მომწყდარი ჩვილების ცხონების საკითხი სხვა მრავალ ახალმოდურ განმაახლებლურ თეორიას უკავშირდება, რომლებიც ასევე ცდილობენ ეკლესიის სწავლებაში შეღწევას, კერძოდ იგი უახლოეს კავშირშია ეკუმენიზმთან. ეს ფუნდამენტური საკითხიას მრავალი დოგმატური საკითხის გადაწყვეტისათვის და მისი არასწორი გაგების შემთხვევაში შეიძლება ქრისტიანობის არასწორი სწავლების უზარმაზარი შენობა წამოიმართოს - სახელდობრ, ეკუმენისტური ხასიათისა. აი, რატომ გაჩაღდა ასეთი მწვავე პოლემიკა, აი, რატომ უშლის დასახელებული ღვთისმსახურთა ჯგუფი თანამედროვე განმაახლებლებს, აი რატომ მოჰყვებოდა ამ ჯგუფის წევრების პოლემიკურ გამოსვლებს ევროპის მოდერნისტულ-ავანგარდისტული რადიო “თავისუფლების” მხრიდან აღშფოთებული გამოხდომები და მათზე თავდასხმები, როცა მთელი მსოფლიოს გასაგონად უწოდებდნენ მათ ფანატიკოსებს და ბნელეთის მოციქულებს და აქებდნენ და განადიდებდნენ იმ “ღვთისმეტყველთ”, რომლებიც უნათლავად გარდაცვლილი ჩვილების ცხონებას ასწავლიან.

კომისიასთან დაკავშირებული ისტორია გვაგონებს ისტორიას ძველი აღქმიდან, როდესაც ეგვიპტის ფარაონმა, ებრაელი ხალხის გამრავლებისა და მათი მხრიდან ამბოხების შიშით, მოისყიდა ბებიაქალები და უბრძანა მათ, ფარულად მოეკლათ ებრაელი ქალების მშობიარობისას მამრობითი სქესის ახალშობილები. კომისიის წევრები ასევე ცდილობენ იმ ქრისტიანთა მღვდლად კურთხევის შეფერხებას, რომლებიც მისდევენ ტრადიციულ ქრისტიანულ სწავლებას. ცდილობენ იმიტომ, რომ ღვთისმსახურთა ახალი თაობა მთლიანად დაკომპლექტებული იყოს იმათგან, რომელთაც მსუბუქად და ზედაპირულად ესმით ქრისტიანობა.

3.

ღვთისმსახურთა ხსენებულ ჯგუფს ხშირად წარმოადგენენ, როგორც “ხალხის მტრებს”, რომლებიც, თითქოს, საქართველოს ეკლესიაში ცდილობენ დანერგონ ქართული ტრადიციებისათვის უცხო, საზღვარგარეთული გავლენა. ასე, მათ ხშირად უწოდებენ “რუსეთის აგენტებს” ან საბერძნეთიდან ვიღაცის მიერ “მოსყიდულებს” და ა.შ. რას ემყარება ეს ყოველივე? იქნებ იმას, რომ ამ ჯგუფის წევრები ხშირად არიან ათონზე, ან იმას, რომ მათ ხშირად მოჰყავთ ციტატები რუსული წიგნებიდან ან მოჰყავთ ბოლო დროის ზოგიერთი რუსი მოძღვრის მოსაზრებები? ან იქნებ იმას, რომ არქიმანდრიტები რაფაელი და ლაზარე რუსეთში საკმაოდ ხშირად გამოსცემენ წიგნებს?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს “რუსული”, “ქართული”, “ბერძნული” მართლმადიდებლობა, ისევე, როგორც არ შეიძლება სხვადასხვა ერებს ჰქონდეთ სარწმუნოების ძირითადი საკითხების თავიანთი “ტრადიციული” გაგება. პირიქით, მართლმადიდებლური სწავლება ერთია როგორც ჭეშმარიტება და როდესაც ამა თუ იმ ადგილობრივ ეკლესიაში რომელიმე საკითხთან დაკავშირებით წარმოიქმნება სიძნელეები, მაშინ აუცილებელია გავიგოთ, ამ საკთხთან დაკავშირებით თუ როგორ ფიქრობენ სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიები. პავლე მოციქული გვირჩევს: “ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ” (1 თეს., 5, 21). ნიშანდობლივია, რომ ისინი, ვისაც ხსენებულ საკითხებში დასახელებული ღვთისმსახურების საპირისპირო პოზიცია უკავიათ, გაცილებით უფრო ხშირად არიან ბერძნებთან, რუსებთან და სხვებთან კონტაქტში, მაგრამ მათთან სწორედ იმას პოულობენ, რაც მათ უნდათ - განმაახლებლურ და მწვალებლურ სწავლებას. სამწუხაროა, რომ ქართულ ენაზე ხშირად ითარგმნებიან მწვალებლური თუ აშკარად მაცდუნებელი მიმართულების ავტორები, ხშირად ჩამოაქვთ საბერძნეთიდან და რუსეთიდან ახალი სწავლებების სულიერი შხამი. როგორც რუსეთში, ასევე საბერძნეთში (ისევე, როგორც მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში) საკმაოდ მოიძებნებიან განმაალებლები, ეკუმენისტები და სხვადასხვა მწვალებლობის აპოლოგეტები, ასევე ყველგან არიან (სამწუხაროდ, უკვე არცთუ მრავალრიცხოვანი) ჯგუფები მართმადიდებლურად მოაზროვნე მორწმუნეებისა, რომლებსაც, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენს დროში ძლიერ ავიწროვებენ ეკუმენისტურად მოაზროვნე იერარქები და სასულიერო პირები.

იმასთან დაკავშირებით, შემოაქვთ თუ არა დასახელებულ ღვთისმსახურთა ჯგუფს “რუსული გაგება ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ”, გავიხსენებთ: როდესაც საქართველოში ჩამოვიდა მწვალებელი პაპი და იგი არც თუ გულმხურვალედ იქნა მიღებული, მაშინ ჟურნალი “რუსკაია მისლ”-ი, რომელსაც გამოკვეთილად კათოლიკური სულისკვეთება ახასიათებს, ამ მოვლენას უმალ გამოეხმაურა უკმაყოფილებისა და საყვედურის სიტყვებით. აი ციტატა “რუსკაია მისლი”-დან: “მთელი ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანებისათვის სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდა შეუდარებლად უფრო რთული სიტუაცია, ვიდრე პაპის ამასაწინანდელი მოგზაურობისას რუმინეთში, რომელიც ჩვენ სიხარულით და იმედით ვიხილეთ. აშკარაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა ფანატიკურად განწყობილმა ნაწილმა, რომელმაც აიძულა პატრიარქი ილია II გამოსულიყო თვით ისეთი ნეიტრალური ორგანიზაციიდან, როგორიცაა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, შეძლო ეიძულებინა მართლადიდებელი ქართველები, არ შეხვედროდენ კათოლიკებს და არ ელოცათ მათთან ერთად. . . მთლიანად უარყვეს ღვთის სიტყვები: “ყველანი ერთ იყვნენ”. დღეს ხომ ისე, როგორც არასდროს უწინ, აშკარაა - და ამის თაობაზე არაერთხელ შეგვახსენა პაპმა, - რომ ეკლესიათა შერიგების გარეშე არ მოხდება ხალხთა შერიგება. და აქ უნდა დავფიქრდეთ: ყველას კი უნდა ხალხთა შერიგება?”. ასე რომ, ღვთისმსახურთა ხსენებული ჯგუფი სძულს მავან “რუსკაია მისლ”-ს, ასევე დასავლურს და მავან “ბერძნულსაც”, და ვინ იცის კიდევ ვის. საქმე ისაა, რომ ჭეშმარიტად მართლმადიდებლური აზრი სულ უფრო დიდი იშვიათობა ხდება თვით უძველეს მართლმადიდებელ ერებშიც.

სავსებით ცხადია, რომ მთელ მსოფლიოში ერთი ხელი ემუქრება და მუშტს უღერებს მათ, ვინც პირდაპირ ან ირიბად ეწინააღმდეგება მასშტაბურ პოლიტიკურ ტრიუკებს და არ სურს უღალატოს მართლმადიდებლობას. მინიშნებებია იმაზე, რომ ასეთი პირებისახიფათოდ არღვევენ მსოფლიო წესრიგს, არიან ფუნდამენტალისტები, ხვალინდელი ტერორისტები. არ არის გასაკვირი, რომ ხვალ ეკუმენიზმის ყველა მოწინააღმდეგეს ჩაწერენ განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედთა სიაში.

4.

თუ ზემოთ დასახელებული ღვთისმსახურების წინააღმდეგ მიმართულ მეტად მზარდ შევიწროვებასა და მტრობას შევადარებთ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში მიმდინარე მოვლენებთან, დავრწმუნდებით, რომ ყველგან ერთი და იგივე პროცესი მიმდინარეობს. მართლმადიდებელი ქრისტიანები ყველგან იყოფიან ორ “ბანაკად”: ერთი ნაწილი ცდილობს მთელი მართლმადიდებელი სარწმუნოების, გადამოწმება, გადასხვაფერებას, სურს ქრისტიანობა დაუახლოოს ამა სოფლის მცნებებს, ვინაიდან თვითონ ეს წუთისოფელი შეიყვარეს და მასთან მჭიდრო კავშირების გაწყვეტის ეშინიათ. ისინი ყველა საშუალებებით ეძებენ კომპრომისულ გადაწყვეტას ყველა საკითხისა, რომელსაც მათ წინაშე აყენებენ ამა სოფლისა და ქრისტიანობის ურთიერთსაპირისპირო მცნებები და ფასეულობები. მსოფლიო სულ უფრო შორდება ღმერთს. ამიტომ ჭეშმარიტი მორწმუნენი სულ უფრო ხშირად დგანან არჩევანის წინაშე: ამა სოფლის კანონებით ცხოვრება და ღმრთის მცნებებით ცხოვრება სულ უფრო შეუთავსებელი ხდება. ამიტომ მათ, როგორც ჭეშმარიტების მიმდევრებს, ამა სოფელთან “მტრობა” უწევთ, ვინაიდან, მოციქულის სიტყვებით, “სიყუარული სოფლისაი ამის მტერობაი არს ღმრთისაი” და “აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების” (იაკ. 4,4). ქრისტიანთა სხვა ნაწილი კი მუდმივ კონფლიქტშია საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებთან, ვინაიდან ეს მოვლენები ფარულად თუ აშკარად მიმართულია ქრისტიანობის წინააღმდეგ. ეკლესიის გაამსოფლიურების პროცესი სულ უფრო აქტიური ხდება, სულ უფრო მეტი ადამიანი იხრება ქრისტიანობის ახლებური გაგებისაკენ, სულ უფრო დიდი დაწოლაა როგორც გარედან - მსოფლიოდან, ისე გაამსოფლიურებული ქრისტიანების მხრიდან მათ წინააღმდეგ, რომელთაც სურთ უერთგულონ უძველეს ტრადიციებს და არ გადაიხარონ განმაახლებლობისაკენ. ამათ წინააღმდეგ ყველგან სერიოზული ბრძოლა დაიწყეს - რუსეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, სერბეთში. ცდილობენ იმ მართლმადიდებელი ღვთისმსახურებისა და ერის წარმომადგენლების უკანა, შორეულ პლანზე განდევნას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეკუმენიზმს, სხვადასხვა სიახლეს, სარწმუნოების მცნებათა გადასინჯვას. ეძებენ მათ წინააღმდეგ სხვადასხვა ბრალდებას, ცდილობენ ხალხის თვალში მათ დისკრედიტაციას, ართმევენ ხარისხს და უკრძალავენ მოღვაწეობას ან აგზავნიან შორეულ მხარეებში, გადაყავთ ადგილიდან ადგილზე და ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ დაშალონ სულიერი ძმობები, ჩამოყალიბებული მრევლები, რათა დაიშალოს იმათი ერთობა, ვინც წინ აღუდგება ეკუმენისტურ რეფორმებს, ცდილობენ დაარღვიონ შესაძლო მოწინააღმდეგეთა რიგების ორგანიზებულობა და შემართება. ნიშანდობლივია, რომ თითქოს ყველგან ქვეყნის ხელისუფალნი ეკლესიის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, აძლევენ საშუალებას შეინარჩუნოს ტაძრები, მონასტრები, ბეჭდოს წიგნები - მეტიც, ხშირად უწესებენ მას მრავალ შეღავათს და აძლევენ სახსრებს ეკლესიის შემოგარენის გაფართოებისა და კეთილმოწყობისათვის, მაგრამ იმავდროულად მოითხოვენ მისგან მუდმივად მათთან - ამა სოფელთან - დაახლოებას, ამქვეყნიური ჩვეულებებისა და იდეების შეწყნარებას. სულ უფრო ხშირად ვხედავთ, მეგობრულ ურთიერთობებს როგორ ამყარებენ ცნობილი პოლიტიკოსები და ეკლესიის იერარქები. Mაგრამ, როგორც ამა სოფლიდან, ისე მრავალი თანამედროვე იერარქიდან - მოედინება სიძულვილისა და მტრობისა ძლიერი ტალღა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის მოშურნე ქრისტიანთა მიმართ, რომლებზეც ორივე მხრიდან იღვრება ბრალდებათა ნიაღვარი.

აქ გვახსენდება ერთი ისტორია ძველი აღქმიდან, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან. იქ მოთხრობილია მავან მდიდარ და გამოჩენილ ადამიანზე, იოაკიმზე, რომელიც ბაბილონში ცხოვრობდა და ჰყავდა ლამაზი და ღვთისმოშიში ცოლი სუსანა, რომლის მშობლები მართალი ადამიანები ივნენ და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს. იოაკიმის სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ებრაელები, ხოლო იმ წელს, როცა ეს ისტორია მოხდა, ხალხიდან მსაჯულები გამოარჩიეს და მათ შორის - ორი უხუცესიც, რომლებიც მსაჯულებად დაადგინეს. ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და იქ აღასრულებდნენ მართლმსაჯულებას. და აი, ორივე უხუცესი, რომლებიც ყოველ დღე ხედავდნენ შუადღისას ბაღში მოსეირენე სუსანას, მის მიმართ უწმინდური ვნებით აღივსო. ისინი ერთმანეთს უმალავდნენ გულისთქმას, მაგრამ საბოლოოდ პირი შეკრეს და, როდესაც სუსანა ბაღში მარტო დარჩა, გამოვიდნენ და მოსთხოვეს, დანებებოდა მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრენ, რომ ბრალს დასდებდნენ, თითქოს მან ყმაწვილკაცთან შესცოდა. ამოიოხრა სუსანამ და თქვა: “იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ხელთაგან თქუენთა. უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომუაი ხელთა თქუენთა, ვიდრე მცოდველობაი წინაშე უფლისა” (დან. 13, 22-23). მაშინ უხუცესები აყვირდნენ, თითქოს სუსანას ჭაბუკთან მროშობაზე წაასწრეს და ამაში ხალხიც დაარწმუნეს. “და ემოწმა მათ შესაკრებელი ერისა, ვითარცა მოხუცებულთა და მსაჯულთა და დასაჯეს იგი სიკუდიდ”. (დან. 13, 36-41). მაგრამ, როდესაც მიჰყავდათ სუსანა სიკვდილით დასასჯელად, ბრძენმა წინასწარმეტყველმა დანიელმა შეაჩერა ხალხი და სთხოვა, სამსჯავროში დაბრუნებულიყვნენ, რადგან უხუცესებმა ცრუდ დაამოწმეს მის წინააღმდეგ. ხალხი დაჰყვა დანიელის ნებას. მან ცალკე დაკითხა ორივე უხუცესი, სუსანამ ჭაბუკთან თუ რომელი ხისქვეშ შესცოდა, ხოლო მათ, ვინაიდან შეთანხმებულნი არ იყვნენ, სხვადასხვა ხე დაასახელეს და ამით თავიანთი დანაშაული გაამჟღავნეს. მაშინ ხალხი ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ აღდგა და სიკვდილით დასაჯა.

ჯერ კიდევ წმინდა იპოლიტე რომაელი (მე-3 საუკ.), რომელიც დანიელის წიგნებს განმარტავდა, მართალი სუსანას სახეში ქრისტეს ეკლესიის სახეს ხედავს, ხოლო უხუცეს-ცილისმწამებლებში - ორი ხალხის სახეს, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ ხრიკებს ამზადებენ, რომელთაგან ერთი წინადაცვეთილია, ხოლო მეორე - წარმართი (იხ. “დანიელის წიგნის განმარტება”, მ., 1897წ., გამ. 1, თავი 14). Aმგვარად, ბიბლიის ეს მოთხრობა ჩვენი დროისათვის შეიძლება ძალზედ ჭკუის სასწავლებელი იყოს: დღესაც ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა წინააღმეგ, რომლებიც თავიანთ რწმენას უფრთხილდებიან და პირვანდელი სიწმინდით სურთ მისი დაცვა, აღმდგარია ორი სახის მდევნელი. ყოველ მათგანს სურს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები გადაბირება და თავისთან “მრუშობაზე”, უწმინდურ საქმეებში მონაწილობაზე დაყოლიება. ასეა, დღეს მსოფლიო ცდილობს გადაიბიროს ქრისტიანები თავის მხარეს და აიძულოს ისინი, თანაუგრძნონ მის ვნებიან და დამღუპველ თამაშობებს, რომ მართლმადიდებლები მორწმუნეებად მხოლოდ გარეგნულად რჩებოდნენ, ცხოვრებით კი იმავე მიწიერ სიამეში და ცოდვებში ჩაფლულები ცხოვრობდნენ, როგორც ეს სოფელია. მეორე მხრივ, თავად მორწმუნეთა რიგებში არიან მართლმადიდებლობის სიწმინდის მოღალატე “უხუცესები”, სწორედ ისინი, ვინც დაადგინეს ღვთის ერის არაპირმოთნე მსაჯულებად, ესენი არიან ეკლესიის ეკუმენისტურად განწყობილი იერარქები, რომლებიც ჩახუტებულნი არიან მწვალებლებთან და უწოდებენ მათ “ძმებს ქრისტეში”, ამბორს-უყოფენ ქრისტეს სხვადასხვა ტიპის გამყიდველებს (და ყველაფერი ეს კეთდება ამქვეყნიური გამორჩენისათვის, ამა სოფელში თავიანთი გავლენის გავრცელებისათვის, კაცთა სათნოყოფისათვის და მიწიერ ხელისუფალთა და მთავართა მაამებლობისათვის). ისინი ცდილობენ, აიძულონ მართლმადიდებლები, ეკლესიისა ეს სხეული - მონაწილეობა მიიღონ სულიერ “მრუშობაში” და მათთან ერთად გაიზიარონ მძიმე ცოდვები. ერთი და მეორე ძალაც ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს სთავზობს ქრისტეს ღალატს, როგორც ის მაცდური უხუცესები აიძულებდნენ სუსანას, ეღალატა ქმრისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებიან, რომ მათ წინააღმდეგ მიიღებენ ყველა შესაძლო ზომებს. როგორც სუსანა, ასევე ოხრავენ ჭეშმარიტი მართლმადიდებელნი: “იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემდა, და . . . უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომუაი ხელთა თქუენთა, ვიდრე მცოდველობაი წინაშე უფლისა”.

და აი, ეკუმენიზმში ჩავარდნილი ურწმუნო მსოფლიო და მართლმადიდებელი ეკლესიის ეკუმენისტი სასულიერო პირები შეკავშირდნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლების წინააღმდეგ, მათ რაღაც საერთო ინტერესები აერთიანებს და აპირისპირებეს ეკლესიის უძველეს კანონებთან. აი, უკვე ამა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები გამალებით ლანძღავენ მართლმადიდებლობის მოშურნეებს. ზუსტად ასევე, ამა სოფელს დანებებული სასულიერო პირები, ხან საეკლესიო გაზეთებსა და რადიოში, ხან იმავე საერო გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოარხებით ცილს სწამებენ იმავე ადამიანებს. მაგრამ სიცრუე მაშინვე ცხადდება, როგორც კი ვინმე ცალკ-ცალკე ჰკითხავს ცილისმწამებლებს, სახელდობრ, რისთვის არიან ისინი აღშფოთებულნი მართლმორწმუნეთა მიმართ. უმალ აღმოჩნდება, რომ ყველა იწყებს ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთსაწინააღმდეგო “დანაშაულებების” დასახელებას: ერთნი მათ ადანაშაულებენ ძველი კანონების მიმართ გადაჭარბებულ მოშურნეობაში, სხვები - ამ კანონების დარღვევაში, ერთნი ჩამორჩენილობაში, მეორენი - მოდერნიზმსა და სიახლეების შემოტანაში, ერთნი კავშირს სწამებენ “ზილოტებთან” (სარწმუნოების უკიდურეს მოშურნეებთან), მეორენი - მასონებთან და ა.შ. სამწუხაროდ, მრავალ უბრალო ადამიანს არ ესმის მიმდინარე მოვლენების არსი და ცრუმსაჯულებთან ერთად ადანაშაულებენ უბრალოებს და მათ ცრუმოწმეობენ. მათ შეიძლება დანიელ წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით მივმართოთ: “ძენო ისრაელისანო, არა განმსჯელთა, არცა ცხადად შემეცნებულთა დასაჯეთ ასული ისრაელისა?” (დან. 13,48).

5

ამგვარად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მრავალი ბრალდების მიუხედავად, რომელიც ღვთისმსახურთა ზემოთ დასახელებული ჯგუფის მიმართ მოვისმინეთ, ამ ბრალდებათაგანი რომელიმე დღემდე არ არის დადასტურებული, ვერავინ შეძლო მათი დადანაშაულება რომელიმე კანონიკური წესისა თუ დოგმატური სწავლების დამახინჯებაში. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში იყო მცდელობა, რომ ბუნდოვანი მინიშნებებითა და მტრული გამონათქვამებით ხალხში მათ მიმართ უარყოფითი განწყობილებები შეექმნათ. აქედან გამომდინარე, არაკეთილმოსურნენი სიხარულით ჩაებღაუჭნენ ერთ გარემოებას, რომელიც, მათი თვალსაზრისით, მათთვის ძალზე ხელსაყრელი იყო და გამოადგებოდათ, რათა ხსენებული ჯგუფის წევრები ხალხის თვალში დაემცირებინათ, გამოეცხადებინათ ხალხის, ეკლესიისა და ეროვნული კულტურის მტრებად (რის ქადაგებასაც დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ კიდეც და აამხედრეს საზოგადოების დიდი ნაწილი) და დაეცათ მათი ავტორიტეტი.

ამ გარემოების არსი კი ის არის, რომ ღვთისმახურთა ხსენებული ჯგუფის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ უძველესი უნისონური, ე.წ. ბიზანტიური გალობა არაჩვეულებრივად ეხმიანება სინანულისეულ ლოცვით განწყობილებას და ქმნის ღვთისმსახურებისას ყველაზე შესაფერის გარემოს ყურაღებიანი ლოცვისათვის, მაშინ, როდესაც პოლიფონიური გალობა, პირიქით, ართობს ადამიანის გონებასა და გრძნობებს, გადააქვს ყურადღება ხმათა შეწყობისა და გადადინებების, მუსიკალური ჰარმონიის სილამაზეზე, და მსმენელი მიჰყავს მუსიკით ტკბობისაკენ, და არა სიტყვებსა და იმ გრძნობებზე ყურადღების მოკრებისაკენ, რომელსაც აღძრავს საღვთისმსახურო ტექსტები. ეს დასკვნა ჩამოყალიბდა და განმტკიცდა ათონის მთაზე მათი მრავალჯერადი ყოფნისას, რომლის მონასტრებმაც დიდი გულმოდგინებითა და სიზუსტთ დაიცვეს ღვთისმსახურების ძველი წესი და საეკლესიო ხელოვნების ტრადიციები. ისინი ხშირად ესწრებოდნენ იქ სადღესასწაულო თუ სადაგი დღის მსახურებებს და ღამისთევის ლოცვებს და რა ბიზანტიური გალობის მიმართ მოწიწებით განიმსჭვალენ, ისინი ამ საკითხით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ეკლესიის მრავალი მამა ყველა დროში ბიზანტიური გალობის უძველესი ჰანგების სწორედ ამ თვისებებზე მიუთითებდა. ბიზანტიური გალობის მელოდიაზე საღვთისმსახურებო ქართული ტექსტების დადების ცდამ გამოიღო საოცარი შედეგი, ტაძარში შეიქმნა სრულიად განსხვავებული განწყობილება, რომელიც ხელს უწყობდა ყურადღებიან ლოცვას. ეს მრავალმა მორწმუნემ შეამჩნია და ბიზანტიური გალობა შეიყვარა. თითქოს რა უნდა იყოს ამაში ცუდი: ხალხი ეძებს უკეთ ლოცვის საშუალებებს, ცდილობს თავიანთ ტაძრებში შექმნან ყურადღებიანი ლოცვისა და ღვთის წინაშე სინანულისმიერი წარდგომის ვითარება. ისიც ფაქტია და, ბიზანტიური გალობის შეურიგებელი მოწინააღმდეგების ჩათვლით, არავინ უარყოფს, რომ ბიზანტიური გალობა საუკუნეების განმავობაში წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის ტრადიციულ გალობას და შემდგომში შეიცვალა პოლიფონიური გალობით.

ღვთისმსახურთა ხსენებულმა ჯგუფმა დაიწყო კანონიკურ მელოდიებზე ქართული საღვთისმსახურებო სიტყვების დადებასა და გალობის უძველესი ტრადიციის აღდგენაზე ზრუნვა და იმთავითვე განაცხადა, რომ არავის ახვევენ თავს თავიანთ შეხედულებებს, ეკლესიიდან არ მოითხოვენ სხვა გვარი გალობის განდევნას და არ განიკითხავენ მგალობელთა არცერთ გუნდს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, არაკეთილმოსურნეებმა ამ მოვლენაში იპოვეს ხელსაყრელი მომენტი, ეთამაშათ ხალხის განწყობილებებსა და ეროვნულ გრძნობებზე, და დაიწყეს ფართომასშტაბიანი კომპანია ბიზანტიური გალობის მოყვარულთა წინააღმდეგ: როგორი სალანძღავი სიტყვები და ბრალდებები არ გაისმის მათი მისამართით: მათ უწოდებენ მასონების მიერ მართულებს, ეროვნულ ტრადიციებთან მებრძოლებს, “ხალხის მტრებს”, “ძველი ტრადიციების დამანგრევლებს”, “საბერძნეთის აგენტებს”, ისევ “სქიზმატებს” და ა.შ.

საგულისხმოა, რომ სერბეთში, ბულგარეთსა და რუსეთშიც, გვიანდელი პოლიფონიური, პარტესული გალობის გვერდით შემორჩა ძველი მონოდიური გალობა, მაგრამ ეს იქ არ იწვევს ასეთ მწვავე რეაქციას მრავალხმიანი გალობის მიმდევართა მხრიდან, როგორც ჩვენთან. საქმის ვითარების გამოძიების და გაანალიზების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ ამ შემთხვევაშიც ღვთისმსახურთა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული კომპანიის მიზანია საეკლესიო თვალსაზრისით, კანონიკურობის პოზიციებიდან, არა გალობის საკითხების კვლევა, არამედ ამ ჯგუფის დისკრედიტაცია და დევნა.

საეკლესიო სწავლებით ბიზანტიური გალობა სათავეს ირებს დავითის ფსალმუნთა გალობიდან, ძველებრაული, პალესტინური, სირიული და ელინური მუსიკალური ხელოვნებიდან. ქრისტეს ეკლესიაში გალობის ეს გვარი საეკლესიო საღვთისმსახურებო გალობას საფუძვლად თვით მაცხოვრმა დაუდო. სახარების მიხედვით, დიდ ხუთშაბათს, ევქარისტიის საიდუმლოების დადგენისა და აღსრულების შემდეგ, მაცხოვარმა და მოციქულებმა “გალობაი წართქვეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა” (მათე, 26, 30). ამასთან დაკავშირებით წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ “მხსნელმა იგალობა, რათა ჩვენც მსგავსად ვიგალობოთ”. გალობის ეს გვარი დაიცვეს და ეკლესიას გადმოსცეს მოციქულებმა, ხოლო შემდგომ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევითა და სული წმიდის შემწეობით, წმ. იოანე დამასკელისა და სხვა წმ. მამების ღვაწლის შედეგად, ეს გალობა, ბიზანტიურ გალობად ფორმირებული, კანონიზებული და ტიპიკონში ჩართული, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაადგინეს საყოველთაო სარგებლობისა და გამოყენებისათვის. მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს არაფერი დაუკარგავს ღვთივკურთხეული და უფლის მიერ მოტანილი და დღეს ათონის მთაზე და სხვა ადგილობრივ ეკლესიებში არსებული გალობის სახით დაცულია სწორედ ეს კანონიკური, ღვთივკურთხეული საეკლესიო გალობა.

ქართული, რუსული და ბერძნული წყაროები ცალსახად აჩვენებენ, რომ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ ბიზანტიური გალობა წარმოადგენდა ერთადერთ საღვთისმსახურებო გლობას, ვიდრე მოგვიანებით არ იქნა განდევნილი და ჩანაცვლებული მრავალხმიანი გალობით (თვით ამ ფაქტს არავინ უარყოფს, შეუთანხმებლობაა ამ ჩანაცვლების ვადებში), რომ ამ გალობისათვის საქართველოში მრავალი წმინდა მამა იღწვოდა, რომ საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ეს გალობა გადმოჰქონდათ ადგილობრივ, მათ შორის ქართულ, ენებზე. ეს გალობა, ათონისა და მთლიანად საბერძნეთის გარდა, დღემდე დაცულია იერუსალიმის, სირია-პალესტინის, ბულგარეთის, რუმინეთის, სერბეთის ადგილობრივ ეკლესიებში, ასევე რუსეთის ზოგიერთ მონასტერში, ხოლო ბოლო პერიოდში კი გადაიღეს და დაამკვიდრეს ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მრავალ მართლმადიდებელ ეკლესიაში. იგი დღემდე მრავალ ადგილობრივ ენაზე იგალობება.

6.

ამგვარად, წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი შეეცადა დაინტერესებულ პირთათვის შეძლებისდაგვარად ობიექტურად მოეთხრო ამ ბოლო დროს ჩვენს ეკლესიაში განვითარებული პროცესებისა და მავნე ტენდენციების შესახებ, განემარტა მორწმუნეთათვის ჩვენი ეკლესიის პატიოსან მღვდელთა ერთი ჯგუფის მიმართ მიმართული ცილისწამებისა და დევნის ნამდვილი მიზეზები და ამ დევნის მიზნები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დანო და ძმანო, რათა დაუფიქრდეთ ჩვენს მონათხრობს, რომ მოიქცეთ ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: “ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო.” (ფს. 57,2)