მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
აპოკალიფსური ჟამი - თუ
გულგრილი თაობის რაციონალიზმი?
“იქ, სადაც არ არსებობს ვაჟკაცობა, ადამიანები
მზაკვრობასა და გაქნილობას მიმართავენ“.
წმ. მღვდელმთავარი - ნიკოლოზ სერბი
სახარებაში
მოციქულთა მიერ ბოლო ჟამის შესახებ დასმულ შეკითხვაზე უფალი იესო ქრისტე პასუხობს:
“ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა
მამამან მხოლომან“. (მათ. 24,36).
მაცხოვრის
პასუხის მიუხედავად დღეს შეხვდებით ისეთ ქრისტიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ
უკვე აპოკალიფსური ჟამია, რომ, რაც ნაწინასწარმეტყველებია, სრულდება და “ახალ
მსოფლიო წესრიგს” წინ მხოლოდ ლოცვით თუ აღვუდგებით. მათი აზრით ეკლესიის
სწავლებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საკუთარი პოზიციის საჯაროდ
გამოხატვასა და ღვთისმბრძოლთათვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ
აქვს.
ეკლესიის
ისტორია სავსეა უმძიმესი პერიოდებით, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ფარ-ხმალი
არასოდეს დაუყრიათ და მოვლენათა განვითარებისათვის გულხელდაკრეფილებს არ
უმზერიათ. რასაც თანამედროვეობის უდიდესი მამების მხილება-დარიგებანიც
თვალნათლივ ადასტურებენ:
მამა პაისი
მთაწმინდელი:
“დღევანდელი თაობა - ეს გულგრილების თაობაა! უმეტესობა მხოლოდ
აღლუმებისთვის თუ გამოდგება. თუ რაიმე მოხდება, თავდაცვას მათგან ვერ
მოითხოვ!“.... ”სულიერი გამოღვიძება“ - გვ. 17.
“ცუდი
ისაა, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებსაც შიგნით რაღაც ჰქონდათ, გულგრილნი
ხდებიან და ამბობენ: ”განა მე შევძლებ მდგომარეობის შეცვლას?“... ამ მძიმე
წლებში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აკეთოს ის, რაც ადამიანისთვისაა შესაძლებელი,
ხოლო ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, უფლის ნებას უნდა მივანდოთ. ესე
ჩვენი სინდისი მშვიდად იქნება, რადგან ჩვენ ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო...
თუ ქრისტიანები აღმსარებლები არ გახდებიან, არ აღუდგებიან წინ ბოროტებას,
მაშინ დამაქცეველნი უფრო მეტად გათავხედდებიან... თუ ეკლესია დუმს, რომ
კონფლიქტში არ ჩაებას სახელმწიფოსთან, თუ, მიტროპოლიტები დუმილს ამჯობინებენ,
რათა ყველასთან კარგ ურთიერთობაში იყვნენ... მაშინ ვიღა ილაპარაკებს?!“ - იქვე გვ. 19-20.
”წმიდა
მამაო, რა სიკეთის გაკეთება შეუძლია ქრისტიანს სხვადასხვაგვარი საპროტესტო
მოძრაობების დროს? - თავად ქრისტიანის ყოფნა იქ, ეს უკვე რწმენის
აღმსარებლობაა. შესაძლოა ვიღაც უფრო მეტად დაეხმარებოდა ლოცვით, მაგრამ მის
დუმილს გამოიყენებენ და იტყვიან: - “მავანმა და მავანმა არ გამოხატა პროტესტი,
შესაბამისად, იგი ჩვენს მხარესაა, ისინი გვეთანხმებიან.“ თუ ვინმე ბოროტების
წინააღმდეგ ბრძოლას არ იწყებს ე.ი. არ დაიწყებს იმის მხილებას, ვინც მორწმუნეებს
აცდუნებს, ბოროტება კიდევ უფრო გაიზრდება... ისინი ღვთისმგმობელ ფილმებსაც იმიტომ
უჩვენებენ, რომ ქრისტე შეურაცხყონ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვან: - “შეხედეთ,
როგორი იყო ქრისტე!Mმესია მოვა ახლა!“ – და შემდეგ გამოაჩენენ თავიანთ
”მესიას“. აქეთკენ მიჰყავთ მათ საქმე... მაგრამ რა თქმა უნდა, მთელი ამ
ღვთისგმობიდანაც რაღაც კარგი ხდება: ღვარძლი გამოირჩევა ხორბლისგან. მსოფლიო
იცრება საცერში... ახლა ვამბობთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, თუმცაღა, სამწუხაროდ,
ხშირად მხოლოდ “მართლმადიდებლის” სახელს ვატარებთ და მართლმადიდებლური
ცხოვრებით არ ვცხოვრობთ. ერთ მოძღვარს, რომელიც საზოგადოებრივი საქმით იყო
დაკავებული, ვკითხე: “იცი, რაიმე ღვთისმგმობელ ფილმზე?“ მან მიპასუხა: -
“არაფერი ვიცი“. არაფერი იცოდა, არადა თავად დიდ ქალაქში მსახურობდა. ისინი
ხალხს აძინებენ. ტოვებენ მას ისე, როგორც არის, რათა მან არ ინერვიულოს და
გაერთოს“. იქვე - გვ. 26-28.
“თუკი
ჩვენ ქრისტესთან ვართ, მაშ, ანტიქრისტესი რატომღა უნდა გვეშინოდეს? ან იქნებ
ახლა არ არსებობს ანტიქრისტეს სული? ასეა თუ ისე, ბოროტებას ანტიქრისტეს სული
სჩადის. და თუ ურჩხული-ანტიქრისტე იშვება და ჩაიდენს სხვადასხვა სიგიჟის
საქმეებს, ბოლოს და ბოლოს ის მაინც გაბითურებული დარჩება... რისი გეშინია? რა,
ის განა ეშმაკზე საშინელი იქნება? იგი ხომ ადამიანია! აი, წმინდა მარინემ
ეშმაკი გაამათრახა, წმინდა იუსტინამ კი რამდენი ეშმაკი შემუსრა! მაგრამ უნდა
გვახსოვდეს ყველაზე მთავარი: ამქვეყნად იმიტომ არ მოვსულვართ, რომ ჩვენს
გემოზე მოვეწყოთ!“ იქვე - გვ.
143-145.
“ერში
ადამიანები ყველგან შევიწროვებულნი და დაშინებულნი არიან. მაგრამ რისი
გეშინია, როცა ქრისტესთან ახლოს ხარ? გახსოვთ წმინდა კვირიკე? სამი წლის იყო,
როცა ტირანს, რომელსაც მისი “განათლება“ სურდა, პანღური ჰკრა... ეს ცხოვრება
იმისთვის არაა, რომ რაც შეიძლება თბილად მოვეწყოთ“. იქვე – გვ. 193
წმ.
მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი):
”ქრისტეს ეკლესიას უფრო მძიმე დროც დადგომია, მაგრამ მეომრები სულით არ
დაცემულან და ბრძოლა არ წაუგიათ. წაიკითხე წმ. ბასილი დიდი, რა ხდებოდა მაშინ
ეკლესიასა და ქვეყნის ზურგზე – უკუნი ღამე მღელვარე ზღვაში, თითქოს
მოახლოებულა სამყაროს დასასრული და უფლის სამსჯავრო დამდგარა“. “მისიონერული
წერილები“ - გვ. 10.
“გაიხსენეთ
იულიანე განდგომილი, რომელიც ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ომს წარმართავდა,
შეიარაღებული ყოველგვარი მიწიერი იარაღითა და სამეფო ხელისუფლებით. განა
შეუშინდნენ მას ბასილი დიდი და ათანასე დიდი? ისინი ეკლესიისგან განდგომილ
მეფეს მოახლოვებულ და სამარცხვინო სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენ.
“გადაივლის ეს ღრუბელი!“ ეუბნებოდა წმ. ათანასე თავის მრევლს. და გადაიარა
კიდეც. ისევე, როგორც გადაივლის უღვთოების ყველა ღრუბელი. ღრუბელსა და ნისლს
პეტრე მოციქულის სიტყვებით, ქარი წაიღებს. (იხ. 2 პეტ. 2,17)...
განა
შეარყევენ მას ფუჭი დაპირებები მიწაზე ზოოლოგიური სამოთხის შესახებ?!
დაპირებანი იმ უბედურთა რომელნიც საკუთარი ხალხის უდიდეს სულს მოწყვეტილნი,
გაემგზავრნენ დასავლეთში უსულოთაგან სული რომ ეყიდათ? მათ იგი იყიდეს, ოღონდ -
მკვდარი. ნუთუ ცოცხლები შეუშინდებიან მკვდარს? რა თქმა უნდა არა?“. იქვე გვ. 147-148;
“თქვენ
რაღაც ცოტა შეშინდით! წაიკითხეთ იოანე მოციქულის გამოცხადება და შიშმა
შეგიპყროთ. გეჩვენებათ, რომ იქ აღწერილი ყველა საშინელება ჩვენს დროს
განეკუთვნება. ვიღაცამ განგიმარტათ, რომ ყველა ის მრისხანე გველი და მხეცი
უკვე მოევლინენ სამყაროს: წითელი გველი სოციალიზმის სახით, ათრქიანი შავი
მხეცი ერესის სახით და ყველა ამ ურჩხულმა ქრისტიანობას ომი გამოუცხადა.
ეს რომ
მართლაც ასე იყოს, ძმანო ჩემნო, ჩვენს დროში კიდეც რომ აღეძრა ჯოჯოხეთს მთელი
თავისი მხედრობა ქრისტეს წინააღმდეგ, ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან,
უშიშრად იცქირონ პირდაპირ მტკიცე რწმენით და სასოებით ერთიანისა და
დაუმარცხებელისადმი. ანა არ უწინასწარმეტყველა უფალმა თავის მემკვიდრეებს,
როდესაც ისინი ერთი მუჭანი იყვნენ უშველებელ რომის იმპერიაში: “ნუ გეშინინ
მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო–იყო მამამან თქუენმან ზეცათამან
მოცემად თქუენდა სასუფეველი“? (ლუკ. 12,32) და ეს წინასწარმეტყველური სიტყვები
აღსრულდნენ. ქრისტეს მემკვიდრეებმა დაამარცხეს რომის სახელმწიფო და სხვა მრავალი
მიწიერი სამეფოები, მოიხვეჭეს ამით ყველაზე მთავარი სამეფო – ზეციური.
ვფიქრობ,
რომ აპოკალიფსი წიგნია, წინასწარმეტყველური მნიშვნელობა რომ აქვს ყველა თაობის
ქრისტიანთათვის დროთა დასასრულამდე. ამიტომ ყოველი თაობა მის აზრს თავის
დროსთან მიასადაგებს. რამეთუ ყოველ დროში ქრისტეს რწმენის წინააღმდეგ ამ დროის
გველი წამოყოფდა ხოლმე თავს. ყოველგვარი უღმერთო მიწიერი იარაღით შეაბჯრული ეს
გველი თავს აღმართავდა, აიქოჩრებოდა, სისინებდა, შხამს ანთხევდა, მაგრამ
საბოლოოდ სკდებოდა და მტვრად განიბნეოდა და ყოველთვის ყოვლისშემძლე ქრისტე
ყველა აპოკალიფსურ ურჩხულზე გამარჯვებული გამოდიოდა.
ასე
გახლდათ ყველა საუკუნეში, ასე იქნება უკანასკნელ საუკუნეშიც, უფლის სამსჯავროს
წინ. ყურადღებით წაიკითხე, რას ამბობს აპოკალიფსის წინასწარმჭვრეტელი: ყველა
მხეცი და გველი, ყველა ცრუ აღდგება კრავის წინააღმდეგ და კრავი დაამარცხებს
მათ. რადგანაც კრავი - მეფეთა მეფე და ბატონთა ბატონია.
კიდევ რა
გსურთ თქვენ, გარდა ქრისტეს გამარჯვების ამ საწინდარისა? რადგანაც ის კრავი -
ქრისტეა. მიწიერ ომებში, ქონებისა დაძალაუფლებისათვის რომ იმართება, არასდროს
წინასწარ არაა ცნობილი, თუ ვინ გაიმარჯვებს, და მაინც მრავალი მებრძოლი, ორივე
მეომარი მხრიდან იბრძვის მამაცურად და იმედით. ჩვენ კი სულიერ ომს ვეწევით,
რომელშიაც წინასწარ, თვით ღმერთის მიერ გამარჯვება გვაქვს
ნაწინასწარმეტყველები და დამტკიცებულია უძლეველი ქრისტეს მრავალი და მრავალი
წინა გამარჯვებით ყველა სიცრუის მოციქულსა და წყვდიადის ბინადარზე.
უკანასკნელია
კი ახლანდელი საუკუნე? ვინ უწყის ეს? რამეთუ მან სთქვა: “ხოლო დღისა მისთვის
და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან“ (მათ.
24, 36). უკანასკნელია კი ეს ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ? და რომც იყოს
უკანასკნელი! ზუსტად ამიტომაც გავიხაროთ და ვიმხიარულოთ! თუნდაც ეს
უკანასკნელი ომი იყოს ყველაზე სასტიკი, ის იქნება მომასწავებელი კრავის
უკანასკნელი საბოლოო და დიდებული გამარჯვებისა. ქრისტიანთაგან რომელს არ
ჰქონია სურვილი მთელი გულით გამხდარიყო მონაწილე ამ გამარჯვებისა გამარჯვებათა
შორის?!
ნუ
გეშინიათ! ქრისტეს სჯულის გამარჯვება უფრო მტკიცეა, ვიდრე სამყაროს საფუძველი.
იგი თავისი ნებით გადასწევს საბოლოო გამარჯვების დღეს; იქნებ იმისათვის, რომ
რაც შეიძლება ბევრამა ადამიანმა ზეცაში და მიწაზე შესძლოს იხილოს იგი და რაც
შეიძლება მეტმა გულმა შესძლოს გაიხაროს მისით“. იქვე – გვ. 195-196.
საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე):
“ვისაც შიშისა, ხათრისა, სირცხვილისა, მოფერებისა და სხვა რომელიმე გარემოების
მიხედულობით ერიდება სარწმუნოებისათვის თავის გამოდება, სარწმუნოების დაცვა,
ვინც შესაძლოდ თვლის გაჩუმდეს, მოითმინოს, ხმა არ აღიმაღლოს, იმ დროს, როდესაც
მის სარწმუნოებას ამცირებენ, ლანძღავენ, შეურაცხყოფენ, და გმობენ, ის უარყოფს
მაცხოვარს წინაშე კაცთა“.
დასასრულ
აღვნიშნავთ, რომ ბოლო ჟამის ნიშნები ყველა დროში შეინიშნებოდა. გავიხსენოთ,
რომ თვით ადამი ელოდებოდა მესიას. ამიტომაა, რომ წმინდა მამათა შეგონებები
დრო-ჟამის მიხედვით არ იცვლება და, შესაბამისად, უცვლელია ეკლესიის დიდი
მამის, წმ. იოანე ოქროპირის კურთხევა:
“სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ
შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან
საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე
ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და
სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა”.
2006
წ.
|