მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ოდეს მარილი განქარდეს

საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე თვალშისაცემი გახდა ეკუმენურად მოაზროვნე იდეური თუ ვერცხლისმოყვარე პირების, მათ შორის სასულიერო პირების გააქტიურება. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამისა და დმანელ ეპისკოპოს ზენონის პუბლიკაციები გაზეთ “24 საათსა” და “რეზონანსში”, ტელეგამოსვლები “რუსთავი 2”-ში ამის დასტურია. ამის დასტურია ერთობლივი ეკუმენური ლოცვები და რიტუალური მსვლელობები თბილისის ქუჩებში, რომლებშიც, სამწუხაროდ, მართლმადიდებლებად წოდებული სასულიერო პირები - ბასილ კობახიძე, ზაზა თევზაძე და სხვანი მონაწილეობდნენ. სახეზეა აშკარა კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ. საზოგადოების ცნობიერებას ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ამზადებდნენ დასახელებული საინფორმაციო საშუალებები, მართლმადიდებლობისა და ქართველობის მოძულე ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც მართლმადიდებლობას შაუსაუკონოებრივ სიბნელედ, ხოლო მის დამცველებს ფანატიკოსებად, ჩამორჩენილებად და პროგრესიის მოწინააღმდეგეებად სახავენ. ეკლსიის წინააღმდეგ ამხედრებულნი სულსწრაფობენ და ხმამაღლა აცხადებენ, რომ მოელიან ეკლესიაში და საპატრიარქოში გენრალური ხაზის შეცვლას.

ამ კამპანიის იდეოლოგიური და მაღალავტორიტეტულობის უზრუნველყოფისათვის იღწვიან მეუფეები აბრაამი და ზენონი, რომლებიც თავის პროეკუმენისტურ პუბლიკაციებში და გამოსვლებში მოუწოდებენ საქართველოს ეკლესიას, დაუბრუნდეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (შემდგომში - ემს). მეუფე აბრაამი, დამატებით, სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩაიშალა ვატიკანსა და საქართველოს შორის შეთანხმებაზე ხელმოწერა და იმედოვნებს, რომ იგი მაინც შედგება. ხოლო ბოლო პუბლიკაციაში მეუფე აბრაამი, უამრავი ისტორიული ფაქტის დამახინჯებით, ცდილობს “ევროპული ორიენტაცია” ისტორიულ აუცილებლობად წარმოაჩინოს. იგი ცალსახად იგივდება ჩვენი ეკლესის ეკუმენისტურ ორიენტაციაზე გადასვლასთან, რომლის სანაცვლოდაც დასავლეთი გვპირდება მასთან ინტეგრირებას. ამგვარად, ქართველი ხალხი არჩევანის წინაშე დგება: უარყოს ჭეშმარიტი სარწმუნოება და დაადგეს მწვალებლობის სულის წარმწყმედ გზას, სანაცვლოდ კი ინტეგრირებულ იქნას დასავლეთთან, ან დარჩეს ჭეშმარიტების დამცველი და სამოციქულო ეკლესიის ერთგული და არ აუბას მხარი ღვთისმბრძოლ და განდგომილებაში მყოფFმსოფლიოს.

საქართველოსა და ეკლესიის 2000 წლოვანი ისტორია ცალსახად და ნათლად არის დაკავშირებული ჭეშმარიტი სარწმუნეობის დაცვასთან. საქართველოში არასოდეს დევნიდნენ სხვა ეროვნებისა თუ რჯულის ადამიანებს, მისთვის უცხოა ანტისემიტიზმი, გოიმიზმი თუ სხვა რამ ნაირსახეობა ფაშიზმისა, მართლმადიდებლობისთვის უცხოა ინკვიზიციები, ჯვაროსნული ომები თუ ჯიჰადები, მაგრამ ამავე დროს იგი სარწმუნოებრივ საკითხში არის ურყევი და უკომპრომისო, ვინაიდან იცავს ღმრთის სიტყვას და არა კაცობრივ სიბრძნეს. ეკუმენიზმის აპოლეგეტები არ უკვირდებიან იმას, რომ ერთია ქრისტიანული სიყვარული მოყვასისადმი და თუნდაც მტრისადმი და სხვაა რელიგიური ლიბერალიზმი. აი რას ამბობს წმ. მეფე დავით აღმაშენებელი თავის გალობანი სინანულისანის მე-8 გალობაში, მეფე, რომელსაც ჩვენი ეკუმენისტების სხვადასხვა დროისა და პერიოდის თანამოაზრეებმა ცილი დასწამეს სწორედ რჯულთშემწყნარებლობაში: “გარნა არავე აღვიხვენ ხელნი, არცა დავდევ სასოებაი ჩემი ღმრთისა მიმართ უცხოისა, არცა უცხოთესლი რაიმე სარწმუნოებაი საწვრთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა რომელი მასწავეს ღვთისმეტყველთა შენთა”. წმ. მეფემ თავის საჯარო აღსარებაში თავს იდვა მრავალი ცოდვა, თვინიერ სარწმუნოებრივი შემწყნარებლობისა. სწორედ ეს არის საქართველოსა და მისი ეკლესიის ისტორია და ტრადიცია და არა მწვალებელთა, წარმართთა და ღვთისმგმობთა რელიგიური შემწყნარებლობა. “უცხოისა ღმრთისა ღვთისმეტყველთა” მიერ დამოძღვრილი ქართველი ეკუმენისტები კი საქართველოს ეკლესიას მოუწოდებენ დაუბრუნდეს ემს-ს, რომელიც მან, ღვთის შეწევნით, 1997 წელს დატოვა.

ახლა ვნახოთ, თუ რას წარმოადგენს ემს. მოვიყვანოთ ემს-ს, ანუ ეკუმენისტური მოძრაობის იდეოლოგიის მთავარი დებულებები ემს-ს კონსტიტუციიდან და სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიშიდან, რომელიც ემს-ში შეიქმნა იმ მიზნით, რომ შეესწავლა საკითხი მართლმადიდებელი ეკლესიების ემს-ის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ. მის დასკვნით ანგარიშში ფაქტიურად გადმოცემულია ემს-ის იდეოლოგია, მიზნები და ამოცანები და რაიმე “სასიკეთო ძვრებზე”, როგორც ამას მეუფე აბრაამი ქადაგებს, საუბარი სრულიად ზედმეტია.

  • ემს-ის იდეოლოგიის თანახმად აღიარებულია ეკლესიათა სიმრავლე, რომელთაც გააჩნიათ თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები, ანუ, თანაბარი ღირსებები. ემს-ის კონსტიტუციის სიტყვები “ეკლესიათა მსოფლიო საბჭო – ესაა ეკლესიათა ძმობა”, (ემს-ის კონსტიტუცია, I. ბაზისი), ანუ იგივე ეკუმენისტური სიტყვები “ეკლესიები – ეკუმენისტური მოძრაობის წევრები” (სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიში) წარმოადგენენ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის უარყოფას. მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლო ხასგასმით ამტკიცებს მხოლოდ ერთი წმიდა, ანუ ერთი ჭეშმარიტი ეკლესიის არსებობას. ეკლესიათა სიმრავლე თავად ჭეშმარიტების პლურალიზმს ნიშნავს, ქრისტეს ხეულის მრავლობითობას ანუ ერთიანი ხეულის ნაწილებად დანაწევრებას, რომელიც ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ არის ქრისტეს სხეული.
  • ემს-ის იდეოლოგიის თანახმად, ეკლესიათა ერთობა მიიღწევა ურთიერთშემხვედრი მოძრაობის გზით, რაც, თურმე, გაამდიდრებს ეკლესიების სულიერებას (სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიში, განყოფილება A, §7), რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებლური სწალების უცვლელობა უნდა დაირღვეს და შევიდეს მასში ცვლილებები, უნდა მოხდეს მართლმადიდებლური ცნობიერების ლიბერალიზაცია. ეკლესიის წმიდა მამები კი ქადაგებენ, რომ მწვალებლობისა და სექტანტობის შემწყნარებელი მართლმადიდებელი განეშორება ეკლესიას და ღვთის მადლს, რაც იწვევს მის სულიერ სიკვდილს. ეკუმენისტურ სიტყვებში - “ერთობის ძიება” - დაფარულია რელიგიური ინტერნაციონალიზმის შექმნის სურვილი, რაც წარმოადგენს ემს-სა და პაპიზმის თანმხვედრ მიზნებს და ამოცანებს და ამის ვერ შემმეცნებელ ყოველ ადამიანს სულიერი კვდომის საფრთხე ემუქრება.
  • ემს-ის იდეოლოგიის თანახმად, ემს-ის წევრი ეკლესიები თავს იდებენ ვალდებულებას, ილოცონ ერთიანობისათვის და ერთად გზის გაგრძელებისათვის (ემს-ის კონსტიტუცია, III. მიზნები და ფუნქციები; სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიში, განყოფილებები A და B). მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველი მართლმადიდებელი ყოველდღიურად ლოცულობს ერთიანობისათვის, რომელიც აღესრულება მხოლოდ გზასაცდენილთა ჭეშმარიტ ეკლესიაში დაბრუნებით. ამის შემდეგ ერთად გზის გაგრძელება იქნება ერთად მსვლელობა ეკლესიის თავისკენ, ქრისტესკენ. ეს კი პრინციპულად ეწინააღმდეგება ეკუმენისტურ იდეოლოგიას, რომელიც ცდილობს, რომ მიწიერ ორგანიზაციაში პოლიტიკური ერთობის მიღწევით ჩაანაცვლოს ჭეშმარიტ ეკლესიაში გაერთიანების გზით მიღწეული სულიერი ერთობა.
  • ეკუმენისტური მოძრაობის ყველაზე სუსტი წერტილია საღვთისმეტყველო ცნებების ინტერპრეტაციათა მრავალსახეობა და შეუსაბამობა, რაც, ეკუმენიზმის მამათა სრულიად მართებული აღიარებით, შეუძლებელს ხდის დიალოგის გაგრძელებისა და ზემოაღნიშნული ერთიანობის მიღწევის შესაძლებლობას. ამიტომ, ემს-ის იდეოლოგიის თანახმად (სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიში), ეკუმენისტური ღვთისმეტყველება უნდა აიგოს დოგმატური მინიმალიზმისა და დოგმატური ინტერპრეტაციების საფუძველზე, რის შედეგადაც უნდა მოისპოს საღვთისმეტყველო განსხვავებები და შეიქმნას “ერთიანი ქრისტიანული სარწმუნოება”, რომელიც თანახმიერი იქნება სხვადასხვა ეკლესიათა ტრადიციებთან. ეს კი, ფაქტობრივად, ღვთისმეტყველებისათვის დოგმატური საფუძვლის გამოცლას ნიშნავს. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ეკლესია, მისი ღვთისმეტყველება, დოგმატიკა, კანონიკა, და საზოგადოდ, მისი ყველა ატრიბუტიკა ეფუძნება ღვთის გამოცხადებას, ანუ ღვთიური წარმომავლობისანი არიან. ემს კი ცდილობს ზეციურის მიწიერით ჩანაცვლებას.
  • ეკუმენისტები თვლიან, რომ ემს-ის ფარგლებში შესაძლებელია ეკლესიათა გაერთიანება, რომელთაც ექნებათ ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლობა და ერთი ევქარისტია (სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიში, განყოფილებები A და B). მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების დაცვა და იმავდროულად “ერთიანი ქრისტიანული სარწმუნოების” დადასტურება შეუთავსებელია ერთმანეთთან. ამის მიღწევა წარმოადგენს ეკუმენიზმის მწვალებლურ მიზანს.

მეუფე ზენონი თავის პუბლიკაციაში ავითარებს მცდარ მოსაზრებას, რომ თუ ეკუმენიზმს მივიჩნევთ მწვალებლობად, მაშინ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა მწვალებლური ყოფილა. ასეთი არითმეტიკა ეკლესიებში არ მოქმედებს. შევახსენებთ, რომ თვით ეკლესიის ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც მწვალებლობის შემწყნარებელი უმრავლესობის გვერდით იყვნენ მისი მოწინააღმდეგენიც და ამიტომ ეკლესია რჩებოდა მადლმოსილად. ამის ნათელი დასტურია მაქსიმე აღმსარებლისა და მარკოზ ეფესელის დროინდელი ეკლესია.

რაც შეეხება ვატიკანთან ჩაშლილ ხელშეკრულებას, იგი არც ფორმითა და არც შინაარსით არ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებას, მისი მიზნები რელიგიურია და ხელს შეუწყობს პაპიზმის ექსპანსიას საქართველოში. ამ ხელშეკრულებით, როელსაც ეწოდება “შეთანხმება წმიდა საყდარსა და საქართველოს შორის”, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანათემას გადაცემული პაპისტური “ეკლესია” იძენს მის ტოლ და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, უპირატეს უფლებებსაც საქართველოში. აი, ზოგიერთი მისი მუხლი (სტილი დაცულია):

  • საქართველო აღიარებს კათოლიკური ეკლესიის, როგორც იურიდიული პირის სტატუსს. კერძოდ საქართველო უზრუნველყოფს იურიდიული პირების უფლებაუნარიანობის გავრცელებას საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული კათოლიკური ეკლესიის ისეთი ერთეულების მიმართ, როგორიცაა: საეპისკოპოსოები, ეპარქიები და საეგზარქოსოები, სამოციქულო ადმინისტრაციები, სამრევლოები, რელიგიური საზოგადოებები, ასოციაციები, სემინარიები, კოლეჯები, სკოლები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები . . . (მუხლი 1)
  • საქართველო უზრუნველყოფს კათოლიკური აღმსარებლობისა და კათოლიკური რელიგიური წესების საჯაროდ აღსრულების თავისუფლებას . . .საქართველოს კათოლიკურ ეკლესიას აქვს თვითორგანიზებისა და საჭირო საშუალებებით, საკუთარი მისიის განხორციელების უფლება . . . კომპეტენტური საეკლესიო ორგანო სარგებლობს უფლებით შექმნას ეკლესიასთან დაკავშირებული სტრუქტურები, დაარსოს და მოახდინოს საეკლესიო იურიდიული პირების რეორგანიზება (მუხლი 2)
  • საქართველო აღიარებს კათოლიკური ეკლესიის უფლებას თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი და პრინციპები, ასევე მის უფლებას ისარგებლოს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით (მუხლი 5)
  • თავისი პასტორალური მისიის განხორციელების მიზნით, ეპისკოპოსი, ეგზარქოსი, სამოციქულო ადმინისტრატორი, მღვდელი ან მასთან გათანაბრებული პირები სარგებლობენ უფლებით საქართველოში მოიწვიონ მღვდლები, რელიგიური საწყმსოს წარმომადგენლები და საერო პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა (მუხლი 6)
  • კათოლიკური ეკლესია სარგებლობს უფლებით შეიძინოს, მართოს, გამოიყენოს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება და ააშენოს ეკლესიები და სხვა შენობები საეკლესიო მიზნებისათვის . . . საქართველო უზრუნველყოფს ღვთისმსახურების ადგილების ხელშეუხებლობას (მუხლი 7)
  • კათოლიკურ ეკლესიას აქვს უფლება დაარსოს თავისი სკოლები (მუხლი 9)
  • კათოლიკე მოსწავლეებს, როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სკოლებში ექნებათ თავიანთი რელიგიის შესწავლის გარანტირებული უფლება . . . კათოლიკური რელიგიის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიზნად ისახავს ეკუმენისტური სულისკვეთების განმტკიცებას . . . (მუხლი 9)
  • სემინარიის სტუდენტები და რელიგიური კონგრეგაციების მორჩილები თავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან. საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში ამ სტუდენტებსა და მორჩილებს დაევალებათ ისეთი ოპერაციების შესრულება, რომლებიც არ არის დაკავშირებული იარაღის გამოყენებასთან (მუხლი 12)
  • საქართველო აღიარებს და უზრუნველყოფს კათოლიკური ეკლესიის უფლებას შესთავაზოს სულიერი დახმარება იმ მორწმუნე კათოლიკებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო და გრძელვადიან დაწესებულებებში ან საპატიმროებში (მუხლი 13)
  • საქართველო გადასახადებისაგან გაანთავისუფლებს იმ კათოლიკური დაწესებულებების მიერ შემოტანილ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლებიც საეკლესიო კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულია კათოლიკური ეკლესიის მიერ . . . კათოლიკური ეკლესიის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა იმპორტირებული ნივთები ასევე თავისუფლდებიან გადასახადებისაგან (მუხლი 14)
  • წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ორ პირად ინგლისურ და ქართულ ენებზე, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს (მუხლი 17)

აღსანიშნავია, რომ ასეთი ხელშეკრულება ვატიკანს არა აქვს გაფორმებული არც ერთ მართლმადიდებელ ქვეყანასთან (გარდა რუმინეთისა, რომლის მოსახლეობის თითქმის ნახევარი კათოლიკია) და სხვა არაკათოლიკურ ქვეყნებთან, მათ შორის არც აშშ-სათნ და არც დიდ ბრიტანეტთან. არც ერთ ქვეყანაში ასეთი წმინდა რელიგიური ხასიათის დოკუმენტის მიღებისას არ ხდება ტრადიციული ეკლესიის უგულებელყოფა, რაც ეკლესიათშორისი ურთიერთობის ელემენტარული ნორმაა, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ეკლესიასთან დადებული აქვს კონსტიტუციური შეთანხმება. ჩვენი ეკლესიის კომპეტენტურ პირთა შეფასებით ვატიკანთან დადებული ამ ხელშეკრულებით არა თუ მოწესრიგდება კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ კიდევ უფრო გართულდება და სხვა პრობლემებსაც წამოჭრის და ბიძგს მისცემს სხვა კონფესიებთან დაკავშირებულ მრავალ ნეგატიურ პროცესს, რამაც ქვეყანას შეიძლება დიდი პრობლემები შეუქმნას. შეთანხმებაში არსებული შეღავათები წარმოადგენს დიდ საცდურს მოსახლეობისათვის და მომავალი თაობისათვის, რის შედეგადაც გააფხაზებული ქართველების მსგავსად მივიღებთ გაკათოლიკებულ მართლმადიდებლებს და ეკუმენისტებს, საქართველოს მოქალაქეების მაგივრად – ვატიკანის “სულიერ” შვილებს. პაპიზმი ფრიად საშიშია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ქრისტიანული ფრაზეოლოგიის საფარქვეშ იგი მალულ ბრძოლას აწარმოებს ღმერთისა და მისი სიტყვის დამცველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ვატიკანის ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები ერთი და იგივეა: შეიქმნას მსოფლიო უნივერსალური წარმართული, ადოგმატური რელიგია და ანტიქრისტეს ეკლესია, მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მართლმადიდებლობის, პაპის ,,სულიერი ბატონობის” დამყარების გზაზე ძირითადი დაბრკოლების ერთიანობის დარღვევა და მოშლა, მისი მწვალებლობასა და წარმართობაში განზავება_გათქვეფა და თავისთვის დამორჩილება. ამ ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო საქმეში ისინი ხშირად მოკავშირეებს პოულობენ ეკლესიის კანონების უარმყოფელ და ამ კანონების მაგივრად ადგილობრივ ტრადიციათა და კულტურათა ჩანაცვლების მოსურნე მოდერნისტ პირებს შორის, რომლებიც ეკუმენისტური მსოფლმხედველობებით გამოირჩევიან.

ვფიქრობთ, მეუფეების დასახელებული პუბლიკაციები მრავალს აუბნევს გზა-კვალს, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ ხალხს ეყოფა ცოდნაცა და სარწმუნოებრივი ინტუიციაც, რომ გაარჩიოს ჭეშმარიტება – ცრუსარწმუნოებისაგან, პირველი საუკუნეების სინათლე - შუასაუკუნეების სიბნელისაგან, თაბორის შუქი – გაბრჭყვიალებული დასავლეთის ლუცეფერული კაშკაშისაგან, სიმართლე - კარგად შეფუთული ტყვილისაგან. -. მართლმადიდებლობა ყოველთვის ესწრაფვოდა ერთობისაკენ, ოღონდ ერთობისაკენ ქრისტეში და ჭეშმარიტ ეკლესიაში. ყოველთვის აწარმოებდა დიალოგს ღვთიურ დოგმატთა და მცნებათა უარმყოფელებთან სახარებისეული წესითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, ოღონდ სარწმუნოებრივი უკომპრომისობითა და პირუთვნელობით. მას არასდროს დაუყვანია ქრისტეს ჯვრის ტვირთი და სიმძიმე მის ფიზიკურ წონამდე, როგორც ა.წ. წითელ პარასკევს შეკრებილი ეკუმენისტური თავყრილობის წარმომადგენლებს, რომლებმაც მხარზე გაიდეს ხის ჯვარი და ეკუმენისტული მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში, რაც ერთობლივი ლოცვითა და მკრეხელური ფილმის ყურებით დააგვირგვინეს. რაოდენ სავალალოა, რომ ამ თავყრილობაში აქტიურად მონაწილეობდნენ ეკლესიის წევრები და ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, - ერთერთ მათგანს, მართლმადიდებლობის უარმყოფელსა ჩვენი შვილების განათლების ბედი აბარია, რომლის უწყებაც ყველა საშუალებით ცდილობს ამოიღოს სასწავლო პროგრამიდან ყოველივე ის, რაც განამტკიცებს მომავალ თაობას ჭეშმარიტებასა და ეროვნულობაში, მის სანაცვლოდ სექსუალური სწავლება დანერგოს, ასწავლოს ჩვენს შვილებს უსაფრთხო სექსი, პროპაგანდა გაუწიოს ჰომოსექსუალიზმსა და ნარკომანიას, სასკოლო კედლებში გადმოიტანოს და ლეგალიზაცია მოახდინოს ყოველივე იმ სიბინძურისა, რაც ქუჩაში და ზნედაცემულ საზოგადოებაში ხდება. როგორც ჩანს, ეს სფერო მსოფლიო ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ეკუმენისტები, ნებსით თუ უნებლიედ, მის წისქვილზე ასხამენ წყალს.

საბედნიეროდ საქართველოს სამოციქულო ეკლესია, მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, დღემდე ადგას მართლმკვეთელობისა და დოგმატური შეურყევლობის გზას, თუმც კი ბოლო ჟამს მოეძალნენ არაკეთილმოსურნენი, რომელთა რიცხვი ლეგიონია. ყველაზე დასანანი კი ის არის, რომ ჩვენი ეკლესიის მოწინააღნდეგეთა რიგებში, ნებსით თუ უნებლიედ, აღმოჩნდნენ მისივე წევრები, ვინ ცდუნებული ამპარტავნებით, ვინ – კაცობრივი სიბრძნით, ხოლო ვინ – წარმავალი ფასეულობებითა თუ ოცდაათი ვერცხლით. მათზე სახარებაში ნათქვამია: “უკეთუ მარილი იგი განქარდეს, რაითა-მე დაიმარილოს? არღარა შემძლებელ არს მერმე, არამედ განგდებად გარე და დათრგუნვად კაცთა მიერ” (მათე, 5,13).

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში #016 (279),22.04.04