მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა
პასუხი სემინარისტებს)
ა.წ 30 აპრილის გაზეთ “24 საათში” N101
სემინარია-აკადემიის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა
(შემდგომში–სემინარისტები) გამოაქვეყნეს წერილი “მართლმადიდებელი ეკლესიის
მღვდელმთავრების შეურაცხყოფის გამო”, რომელშიც მოგვევლინენ მეუფეების -
აბრაამის (გარმელია) და ზენონის (იარაჯულის) დამცველებად. იმავე წერილში ისინი
იცავენ დასახელებული მღვდელმთავრების მიერ პირდაპირ თუ შეფარულად ქადაგებულ
ეკუმენიზმს და ამართლებენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (შემდგომში - ემს) მართლმადიდებელი
ეკლესიების მონაწილეობას. წერილში უგულებელყოფილია ეკლესიის სწავლება,
სახარებისეული სულიერება და წმ. მამათა სულისკვეთება. მადლობა ღმერთს, რომ
მრავალთაგან მხოლოდ თექვსმეტი აღმოჩნდა წერილზე ხელისმომწერი. ჩვენთვის ასევე
ცნობილი გახდა, რომ ამ საქციელის გამო მათ მოეთხოვათ პასუხი სასულიერო
აკადემიის ხელმძღვანელთა და მასწავლებელთა მიერ - ახალგაზდებმა აღიარეს
ცდომილება და ითხოვეს შენდობა. ამისთვისაც მადლობა ღმერთს.
დარწმუნებულები
რომ ვიყოთ იმაში, რომ ხსენებული წერილი მათი შეთხზულია, მაშინ მის შინაარს საყმაწვილო
სენის გამოვლინებად ჩავთვლიდით და პასუხის გაცემისაგან თავს შევიკავებდით.
მაგრამ წერილი სავსეა ცილისწამებით, სიყალბით, ღვარძლით, ირონიითა და
ცინიზმით, ეკლესიისა და წმიდა მამათა სწავლების დამახინჯებით, მასში
გამოსჭვივის ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მოძულეთა მიზანმიმართულობა, რაც
გვაფიქრებინებს, რომ ახალგაზრდათა ზურგს უკან შეფარულან ჩვენი ეკლესიის მტრები
და აცდუნებენ მათ.
ამასვე გვაფიქრებინებს
პროეკუმენისტური, ანტიმართლმადიდებლური და ანტიეკლესიური გამოცემა, ჟურნალი
“ზღვარი”, რომლის მთავარი რედაქტორიც დასახელებულ წერილზე ერთერეთი
ხელმომწერთაგანია. ჟურნალი თავისი შინაარსით მართლაც მართლმადიდებლობის ზღვარს
მიღმა მდგომი გამოცემაა და მიზნად ისახავს ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების
გავრცელებას, ეკუმენისტური აზროვნებისა და ცნობიერების ფორმირებას. მისი
გამომცემლობა და პოლიგრაფიის ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ ეკუმენიზმის
პროპაგანდითა და ემს-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაბრუნებით
სერიოზული ძალებია დაინტერესებული. ისინი ხომ არ ფუთფუთებენ ახალგაზრდების
ზურგს უკან? სწორედ მათ და მათ მიერ ცდუნებულ ახალგაზრდებს უნდა გაეცეს პასუხი
მართლმადიდებლური გადმოცემის შეურაცხყოფის გამო.
დავუბრუნდეთ
სემინარისტთა წერილში ჩვენი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს. ისმის კითხვა: მართლაც
არიან თუ არა შეურაცყოფილნი მღვდელმთავრები აბრაამი და ზენონი? დიახ, არიან.
მათ თავადვე მიაყენეს საკუთარ თავს განუზომელი შეურაცხყოფა ანტიეკლესიური და
ეკუმენისტური გამონათქვამებისა და მოწოდებების გამო. როდესაც ეკლესიას უმაღლეს
სამღვდელო ხარისხში აჰყავს თავისი რომელიმე რჩეული შვილი, მას ავალებს
საეკლესიო სწავლების, წმ. გადმოცემის – დოგმატებისა და კანონების –
შეურყვნელად დაცვასა და შემდეგი თაობისათვის უცვალებლად გადაცემას. თუ ის ამ გზას
გადაუხვევს და მსოფლიო კრებათა მიერ აღსარებულ სწავლებას არასწორ მოსაზრებებს
შეურევს, ამით ღალატობს თავის უმაღლეს მოწოდებას, ღალატობს ქრისტეს და ჩრდილს
აყენებს თავსაც და ეკლესიასაც, ჩრდილს, რომელშიც ილანდება იუდას აჩრდილი.
თავის წერილში
სემინარისტები, ფაქტობრივად, იცავენ ეკუმენისტურ ე.წ. განშტოებათა თეორიას.
ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, თუ რა არის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის
მიუღებელი ეკუმენიზმსა და ემს-ში. ემს-ს კონსტიტუციასა და ემს-ს სპეციალური
კომისიის დასკვნით ანგარიშში, რომლებშიც გადმოცემულია ეკუმენიზმისა და ემს-ს
იდეოლოგია, მიზნები და ამოცანები, აღიარებულია ეკლესიათა სიმრავლე, რომელთაც
გააჩნიათ თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები, აღიარებულია ჭეშმარიტების
პლურალიზმი და ქრისტეს სხეულის მრავლობითობა, ანუ ერთიანი სხეულის ნაწილებად
დანაწევრება, რაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის უარყოფას.
ემს-ის იდეოლოგიის თანახმად, ეკლესიათა ერთობა მიიღწევა ურთიერთშემხვედრი
მოძრაობის, მართლმადიდებლური ცნობიერების ლიბერალიზაციის გზით, ანუ
მართლმადიდებლური სწალების უცვლელობა უნდა დაირღვეს და შევიდეს მასში
კომპრომისული ხასითის ცვლილებები.
ემს-ს ხსენებული
კომისია შეეცადა გამოსავალი ეპოვა იმ დაუძლეველი პრობლემიდან, რასაც ეწოდება
ეკუმენისტური ღვთისმეტყველება, ანუ საღვთისმეტყველო ცნებების ინტერპრეტაციათა
მრავალსახეობა და შეუსაბამობა, რაც, ეკუმენიზმის მამათა სრულიად მართებული
აღიარებით, შეუძლებელს ხდის დიალოგის გაგრძელებას მართლმადიდებლებსა და
არამართლმადიდებლებს შორის. კომისიის მიერ მოძებნილი “გამოსავალი” გულისხმობს,
არც მეტი, არც ნაკლები, ეკუმენისტური ღვთისმეტყველებისათვის დაოგმატური
საფუძვლის გამოცლას, ანუ ადოგმატური “ღვთისმეტყველების” შექმნას.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით კი ეკლესია, მისი ღვთისმეტყველება,
დოგმატიკა და კანონიკა ეფუძნება ღვთის გამოცხადებას, ანუ ღვთიური წარმომავლობისანი
არიან და მათი შეცვლა დაუშვებელია.
ეკუმენისტები
თვლიან, რომ ემს-ის ფარგლებში შესაძლებელია ეკლესიათა გაერთიანება, რომელთაც ექნებათ
ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლობა და ერთი ევქარისტია (სპეციალური კომისიის
დასკვნითი ანგარიში, განყოფილებები A და B). მართლმადიდებელი ეკლესიის
სწავლების დაცვა და იმავდროულად “ერთიანი ქრისტიანული სარწმუნოების” დადასტურება
შეუთავსებელია ერთმანეთთან. ამის მიღწევა წარმოადგენს ეკუმენიზმის მწვალებლურ
მიზანს, რისკენაც მიისწრაფის ემს.
ჩვენ ბრალს ვდებთ
ემს-ს იმაში, რომ იგი ამახინჯებს დოგმატს ეკლესიის შესახებ. ქრისტეს ეკლესია
უკვე არსებობს – ეს არის ერთი, წმიდა, კათოლიკე (ე.ი საყოველთაო და არა
“კათოლიკური”) და სამოციქულო ღმრთის მართლად მადიდებელი – წმ. მოციქულთა, მამათა,
მოწამეთა და ახალმოწამეთა ეკლესია. ღვთითაღთქმული ქრისტიანული ერთობა უკვე 20
საუკუნეა არსებობს ეკლესიაში! რომელი დებულებით აღიარებს ამ ჭეშმარიტებას ემს?
არცერთით! იქნებ ამ ჭეშმარიტებაში შეაქვთ ეჭვი ჩვენს სემინარისტებს? ნუ
იყოფინ! მაშ რატომ სახელდებენ ისინი ყოველგვარი განმარტების გარეშე მწვალებლურ
ორგანიზაციებს ეკლესიებად? მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ტერმინოლოგიის
აღრევა საღვთისმეტყველო ცნებებსა და ტრმინოლოგიაში. პაპიზმს, პროტესტანტიზმს
და ათასი ჯურის მწვალებლურ კონფესიებს (340-ზე მეტს) მხოლოდ შინაარსისაგან
დაცლილი ტერმინოლოგიაღა შემორჩა ქრისტიანული.
სემინარისტებს
არ მისწონთ გამონათქვამი, რომ ეკუმენიზმი ერესთა ერესია. XX საუკუნის უდიდესი მართლმადიდებელი
ღვთისმეტყველი, ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი) განმარტავს, რომ ემს “263 (დღეს
მეტია – მთ. შენ.) ერესისაგან შედგება, რომელთაგან თითოეული სულიერი
სიკვდილია” (წერილი სერბეთის წმ. სინოდის მიმართ, გაზეთი “ორთოდოქსოს ტიპისი”
1975 წ. 1 ივნისი). რომელი მათგანი აღიარებს მართლმადიდებლობას ერთადერთ
ჭეშმარიტ ეკლესიად და თავის თავს – მისგან გარეთ მდგომად? არც ერთი! ეკუმენიზმი,
ემს და მისი აპოლოგეტები არ აღიარებენ მართლმადიდებლობას ერთადერთ ჭეშმარიტ
ეკლესიად. სამწუხაროდ, სემინარისტთა წერილშიც შეინიშნება ამგვარი აზროვნების
კვალი. ეს არის საღმრთო ჭეშმარიტების შერყვნა, ანუ სემინარისტებისათვის არასასასურველი
ტერმინი – ერესი.
ემს-ში შესვლის
ძირითად არგუმენტად ხსენებულ მეუფეებსა და ყველა პროეკუმენისტს მოყავს ემს-ს
ტრიბუნიდან ქადაგების შესაძლებლობის გამოყენების აუცილებლობა. ეს შეგნებული თუ
შეუგნებელი ტყვილია. არავითარი ქადაგება ემს-ში არ ხდება. მეტიც, პროზელიტიზმი
(ქადაგება და ჭეშმარიტებაზე მოქცევა) ემს-ში აკრძალულია. იქ რომელი იერარქი
გაბედავს (ან გაუბედია) და იტყვის, რომ პაპისტები და იქ მონაწილე სხვა
ერეტიკოსები დიდი ხანია ანათემას არიან გადაცემულნი წმ. მამების მიერ?
პირიქით, ემს-ში მკვიდრდება ერთობლივი ლოცვებისა და ზიარების პრაქტიკა. მწვალებლებთან
ერთობლივი ზიარება მათთან მწვალებლობაში თანაზიარობაა და დაუშვებელია ეკლესიის
ნებისმიერი წევრისათვის. ასევე აკრძალულია ერთობლივი ლოცვები, რომლის
შემთხვევები უკვე ჩვენს დედაქალაქშიც გვხვდება და რაზეც ჩვენი სემინარისტები
კრინტსაც არ ძრავენ. ნუთუ იზიარებენ ასეთ პრაქტიკას? ნუთუ მათ არ იციან
მოციქულთა მე-10, მე-11, 45-ე და 65-ე, ასევე ლაოდიკიის 32-ე, 33-ე, 37-ე და
სხვა კანონები, რომლებიც კატეგორიულად კრძალავენ ნებისმიერ ლოცვით-რიტუალურ
ერთობას ერეტიკოსებთან?
სემინარისტები
და პროეკუმენისტები ჩვენ ხშირად ბრალს გვდებენ რადიკალიზმში და გვიწოდებენ ფანატიკოსებს,
ბნელებს და გაუნათლებლებს. მაგრამ ჩენი “ფანატიზმი” ხომ არა სცილდება
საეკლესიო სწავლების დაცვის ფარგლებს? ნუთუ მოციქულებიც და წმიდა მამებიც
ფანატიკოსები იყვნენ? ნუთუ ფანატიზმსა და უსიყვარულობაში უნდა დავადანაშაულოთ
სიყვარულის მოციქული იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც სხვა სარწმუნოების
მიმდევრებისთვის სალმის მიცემასაც გვიკრძალავს, ვინაიდან ამბობს: “რომელი
მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღვრებაÁ არა მოაქვნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა
თქვენთა და “გიხაროდენ” ნუ ეტყვით მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას “გიხაროდენ”
ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა” (2 ინ. 1, 10-11). ხოლო პავლე მოციქული
უმკაცრესად განსაზღვრავს “დაღათუ ჩვენ, გინათუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს
თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარეთ თქვენ, შეჩვენებულ იყავნ!” (გალ.
1,8). ჩვენ ხომ არცერთი ეკუმენიზმის მქადაგებელთათვის არ გვითქვამს “შეჩვენებულ
იყავ”, არამედ ქრისტესმიერი სიყვარულით, თუმცა კი პირდაპირობითა და
პირუთვნელობით, ვამხელთ მათ ცდომილებას და ყოველი პირადი შეხვედრის დროს ვემუდარებით
და ვთხოვთ, რათა დაუბრუბდნენ ეკლესიის სწავლებას. განა ცოდვაში მყოფისათვის
დაყვავებაა სიყვარულის გამოვლინება, ხოლო მხილება – ფანატიზმი და სიძულვილი?
პროეკუმენისტები
ავითარევან მოსაზრებას, რომ თუ ეკუმენიზმს მივიჩნევთ მწვალებლობად, მაშინ მართლმადიდებელ
ეკლესიათა უმრავლესობა მწვალებლური ყოფილა. ეს მცდარი ლოგიკაა. გამონათქვამი
ამ თუ იმ მართლმადიდებელი ეკლესიის ემს-ს წევრობის შესახებ შეეხება და ასახავს
მხოლოდ იურიდიულ მხარეს და არა ეკლესიოლოგიურს. მათ შევახსენებთ, რომ თვით
ეკლესიის ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც მწვალებლობის შემწყნარებელი
უმრავლესობის გვერდით იყვნენ მისი მოწინააღმდეგენიც და ამიტომ ეკლესია რჩებოდა
მადლმოსილად და არ იწოდებოდა მწვალებლურიდ. მეორეს მხრივ, ემს-ში მონაწილე
მართლმადიდებელ იერარქთა ეკუმენისტური მსოფლმხედველობა და მოსაზრებები მათი
პირადი ცოდვაა და არა მათი ეკლესიებისა, რომელთაგან ყოველში არსებობენ
ეკუმენიზმის მოწინაარმდეგენი, მართლმადიდებლობისა და ეკლესიის სწავლების
დამცველნი. ამიტომ არ არის მართებული გავწყვიტოთ კავშირი იმ ადგილობრივ
ეკლესიებთან, რომელთა ზოგოერთი (თუნდაც უმრავლესი) წარმომადგენელი მონაწილეობს
ეკუმენისტურ მოძრაობაში.
მაგრამ ემს-სა
და ეკუმენისტთა სიცრუე აქ არ მთავრდება. დღევანდელი ეკუმენიზმი დიდი ხანია,
გაცდა “ქრისტიანთა ერთობის” იდეას და იქცა პანეკუმენისტურ მოძრაობად, რომელშიც
მართლმადიდებლებთან და ქრისტიანულად წოდებულ კონფესიებთან ერთად რელიგიურ
ვაკხანალიასა და ორგიებში მონაწილეობენ წარმართნი, ბუდისტები და მუსულმანები,
იუდეველები და სატანისტები, ჰომისექსუალთა ორგანიზაციები და შამან-ჯადოქრები.
აქ ერთობლივ “ქრისტიანულ” ლოცვებს მოსდევს “განმწმენდელი ბოლით” დაბოლილ-დაბანგული
აბორიგენების რიტუალური როკვა, ჯადოქართა სულის გამოძახების სეანსები,
ჰომოსექსუალთა მსვლელობები და გალობად წოდებული ჯაზ-როკ მუსიკის ერთობლივი შესრულებები.
აქ არის არა დიალოგი და მართლმადიდებელთა ჭეშმარიტებაზე მომაქცეველი
ქადაგებები, არამედ საერთო მსახურება სატანისადმი. თავისი არსით ემს
ანტიქრისტეს ეკლესიის შექმნისათვის გენერალურ რეპეტიციას წარმოადგენს და მასში
საქარველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მონაწილეობა ქრისტეს ეკლესიისა
და საქართველოს ეკლესიის მოწამებრივი ისტორიის შეურაცხყოფაა.
წერილში სემინარისტები
გვევლინებიან მღვდელმთავართა დამცველებად, მაგრამ თვითვე შეურაცყოფენ
ხელაღებით ყველა მღვდელმთავარს, წმინდა სინოდს, როდესაც იზიარებენ აზრს, რომ
თურმე საქართველოს ეკლესიის ემს-დან გამოსვლის გადაწყვეტილება წმ. სინოდმა
მიიღო არა საეკლესიო სწავლების შესაბამისად, არამედ ზეწოლითა და შიშით.
გამოდის, რომ ჩვენი მრვდელმთავრები უპრინციპონი, სუსტნი და მშიშარანი არიან.
საბედნიეროდ ეს ასე არ არის. წმ. სინოდის 8. X. 1998 წლის სხდომაზე მიღებული
განჩინება წარმოადგენს ეკლესიის სწავლებისადმი ერთგულების გამოვლინებას და
სიმამაცეს, რაც შემდგომ პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა ჩვენი ეკლესიის
საჭეთმპყრობელმა, რომელზეც მსოფლიო ანტიქრისტიანული ძალების მხრიდან ხორციელდება
ზეწოლა და მუქარა, მოწოდება, რათა საქართველოს ეკლესია დაუბრუნდეს ემს-ს.
ერთერთ ეკუმენისტურ
შეხვედრაზე ეკუმენისტი ბასილ კობახიძე, რომელიც, სავარაუდოდ, ხელმომწერ
სემინარისტების თანამებრძოლი თუ არა, რიგ საკითხებში თანამოაზრე მაინც არის,
ხელაღებით ყველა მღვდელმთავარს ადანაშაულებდა ვერცხლისმოყვარეობაში. ჩვენ
ადგილზევე, დამსწრე საზოგადოების წინაშე ვამხილეთ იგი ცილისწამებასა დე
ეკლესიის მტრობაში. სემინარისტები კი სდუმდნენ და სდუმან ამაზე. ასეთ
შემთხვევაში დუმილი ხომ თანხმობის ნიშანია? მაშ ვინ შეურაცხყოფს მღვდელმთავრებს,
ჩვენ თუ ისინი?
ნიშანდობლივია,
რომ მეუფეების მისამართით გამოთქმული ჩვენი მამხილებელი არგუმენტები ხელაღებით
არავის უარუყვია. პრეტენზიები ძირითადად იმას შეეხება, რომ ჩვენ, მრევლის წარმომადგენლებს,
არა გვაქვს უფლება მივმართოთ იერარქს და მოვთხოვოთ პასუხი ანტიეკლესიური
გამონათქვამებისა და ქმედებების გამო. ასეთი მიდგომა უცხოა მართლმადიდებლობისათვის
და დამახასიათებელია პაპიზმისათვის. ეკლესიის ისტორია და წმიდა მამების
სწავლება საპირისპიროზე მიგვითითებს. მრევლი, სხეული ეკლესიისა და მისი
სისავსის განუყოფელი ნაწილი, არამც თუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა
ამხილოს ნებისმიერი წევრი ეკლესიისა არაეკლესიურ ქმედებაში. მრავლს ყოველთვის
ქონდა და ჩვენც ვიტოვებთ უფლებას, უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ შეძახილი
“ანაქსიოს!”, ვინაიდან ჩვენთვის ნებისმიერ პიროვნებაზე ძვირფასი თავად ეკლესია
და მისი სწავლებაა, ვინაიდან გვმართებს მონება ღმრთისა და არა კაცთა.
როგორც ხედავთ
პროეკუმენისტთა და ემს-ს აპოლოგეტთა იდეოლოგია ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას
და არ გააჩნია ჭეშმარიტი საფუძველი. მაგრამ ამ უსაფუძვლო იდეოლოგიის დამცველი
სემინარისტები სხვაშიც სცოდავენ – მათი პუბლიკაცია სავსეა ცილისწამებითა და
შეურაცხყოფით. ისინი ჩვენ გვიწოდებენ რუსოფილებს და დასავლეთოფობებს.
მოიყვანონ თუნდაც ერთი ჩვენი გამონათქვამი, რომელიც ამას ადასტურებდეს.
ეკლესიის შიგნით ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ეროვნებებად დაყოფა და
“ფილია-ფობიზმები”. ჩვენთვის არსებობს მართლმადიდებელი ერი და ნებისმიერი ეროვნების
წარმომადგენელი, რომელიც იცავს საეკლესიო სწავლებასა და მართლმადიდებლობას,
ძვირფასია ჩვენთვის, ისევე, როგორც მიუღებელია ნებისმიერი, თუნდაც
თანამემამულე, რომელიც უარყოფს ეკლესიის სწავლებას. ჩვენ არა ვართ მოწინააღმდეგენი
დასავლეთთან ურთიერთობისა ეკონომიკის და ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელიც არ
შერყვნის ჩვენ მართლმადიდებლურ ცნობიერებასა და სულიერებას. მაგრამ თუ
დასავლეთი ეკონომიკური და მატერიალური დახმარების სანაცვლოდ ჩვენი და ჩვენი შვილების
სულებს მოითხოვს და ჩვენს კანონზომიერ მართლმადიდებლურ უფლებებს შეზღუდავს, ანუ
მოითხოვს: მწვალებლური კონფესიების გავრცელების ხელშეწყობას საქართველოში, რელიგიურ
და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის საბაბით უმრავლესობის უფლებების უგულებელყოფას,
მოზარდი თაობის და ახალგაზრდობის ზნეობრივ გახრწნას, სასკოლო სწავლებიდან
საქართველოს ისორიის საკითხებისა და ჰაგიოგრაფიული ტექსტების ამოღებასა თუ
შემცირებას, მათ სანაცვლოდ კი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური
განათლებისა და უსაფრთხო სექსის ელემენტების სწავლების შეტანას, ჰომოსექსუალიზმის
პროპაგანდას, პროსტიტუციის ლეგალიზაციას, ქრისტიანობისთვის და ქართული
ტრადიციებისთვის მიუღებელი ქორწინებების პროპაგანდას და ა.შ., მაშინ ასეთი
ინტეგრაციის მოწინააღმდეგენი ვიქნებით. ჩვენთვის მიუღებელია დასავლეთის
ფსევდოღირებულებები, “თავისუფლების”, სინამდვილეში კი საკუთარი ვნებებისადმი
დამონების (მაგ., სექსუალური თავისუფლების) პროპაგანდა.
სემინარისტები
ვერ გრძნობენ ეკლესიის ისტორიის, საქართველოს ისტორიის სულისკვეთებას, რომელიც
ცალსახად ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ისტორიულად ქვეყნის წარმატება თუ წარუმატებლობა
უშუალოდ იყო და არის დაკავშირებული ეკლესიის წევრთა და ქვეყნის ხელისუფალთა
მართლმკვეთელობასთან. ეს ბიბლიური სიბრძნე უცხოა მათთვის და კაცობრიობის
ისტორიას შეყურებენ ობივატელისა თუ უნიჭო პოლიტიკოსების თვალებით, რომელთათვის
წარმატება-წარუმატებლობა მხოლოს ამქვეყნიურს, მატერიალურ ფასეულობებს
უკავშირდება. ისინი ვერ ხედავენ ბრიტანეთის, გერმანიის და ევროპის სხვა
“წარმატებული” ქვეყნების სულიერ სიღატაკესა და ნანგრევებს. ჩვენ გაკვირვებას
იწვევს ევროპის ქვეყნების გვერდით, ჩამონათვალში, მათ მიერ სომხეთის
მოხსენიებაც, თუმცა ამის გამო (მათივე წამხედურობით) არ დავდებთ მათ ბრალს
სომხოფილიაში.
ჩვენი რუსოფილობის
დასადასტურებლად სემინარისტები, სამწუხაროდ, არ ერიდებიან აშკარა ტყუილს. მათ
გაზეთ “მრევლის” ოთხი წლის წინანდელი პუბლიკაციიდან ციტატის სახით მოყავთ
გაყალბებული ტექსტი, კონტექსტის უგულებელყოფით, ახალმოწამეთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები
და დასკვნები.
მაგრამ ჩვენს
განქიქებაზე მეტად ჩვენთვის სამწუხაროა სემინარისტების მიერ წმ. მამა მარკოზ
ეფესელის შეურაცხყოფა, მისი ტექსტის დამახინჯებულად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად
მოყვანა, რის გამოც მათ მიერ წმ. მამა გამოყვანილია რომის პაპის მადიდებელ
პიროვნებად, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია - განხეთქილებაში მყოფ ეკლესიად.
ამას კი ვერავითარი საყმაწვილო სენითა და უმწიფრობით ვერ გავამართლებთ. რომის
ეკლესიის, პაპიზმის ერესი ეკლესიის მიერ მკაფიოდაა განმარტებული და სასულიერო
განათლების პრეტენზიის მქონე სემინარისტებს ელემენტარული ცოდნა მაინც უნდა
გააჩნდეთ ამის შესახებ. რომის ეკლესიის ძველ ღირსებებზე მეტყველ და მისი
უფლებების დამცველ სემინარისტებს რატომ ავიწყდებათ, რომ აღმოსავლეთის
(მართლმადიდებელი) ეკლესია მე-9 საუკუნიდან მოყოლებული მთელი ორი საუკუნის
განმავლობაში შეაგონებდა მწვალებლობაში შთავარდნილ რომის ეკლესიას, თუ
სიყვარულით, თუ ხვეწნა მუდარით, უარეყო ცდომილება და დაბრუნებულიყო ქრისტეს
ეკლესიაში, მაგრამ უშედეგოდ. ამ სიყვარულის წილ ისტორიის მთელი შემდგომი
პერიოდი წარიმართა რომის ეკლესიის დაუძინებელი მტრობით მართლმადიდებლობისადმი,
რომელიც სავსეა მართლმადიდებელთა სისხლითა და ხოცვა-ჟლეტით, მართლმადიდებელი
ეკლესიების დარბევითა და ღვთისმსახურთა განადგურებით. ნუთუ ისიც არ ახსოვთ
სემინარისტებს, რომ ათონის მთის მონასტრების დარბევისა და ბერ-მონაზონთა
მოწყვეტის დროს ლათინთა მიერ მოოხრდა ქართველთა ივერონის მონასტერი და დახოცილ
იქნა ქართველი ბერ-მონაზვნები? ნუთუ მათ სულსა და გულში არ მოძრაობს არც ცნება
და არც გრძნობა?
მათ ცილი დასწამეს
წმ. მარკოზ ეფესელს, რომლის მთელი ცხოვრება არის შეურიგებელი, უკომპრომისო ბრძოლა
პაპისტებთან, რომელიც ეუბნებოდა ლათინებს, რომ რაც მეტად გშორდებით, მით უფრო
ვუახლოვდები ღმერთსო, უწოდებდა მათ სქიზმატებსა და ერეტიკოსებს. ნუთუ არ სმენიათ
სემინარისტებს სხვა პაპიზმისა თუ ეკუმენიზმის მამხილებელი მამების სახელები, წმ.
ნექტარიოს პენტოპოლელი, ნეტარი ფილოთეოსი (ზერვაკოსი), ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი),
ნეტარხსენებული მრვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი, დიდი ათონელი ბერი,
ნეტარხსენებული პაისი, რომელიც ეკლესიის მტრებზე საუბრისას ეკუმენიზმს სიონიზმსა
და სატანიზმთან ერთად ერთ მწკრივში აყენებს?
დღეს მრავალი
მართლმადიდებელი ალბათ კარგად ხვდება, რომ ჩვენი ეკლესია დიდი საშიშროების
წინაშე დგას. ავანსცენაზე გამოჩნდენ სასულიერო თუ არასასულიერო პირები, ვინც
აშკარად ემტერება ჩვენი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიერ არჩეულ
მართლმკვეთელურ კურსს. ცილისმწამებლობენ ისინიც, ვისაც თავისი დუმილისა და
უმოქმედობის გამართლება სურს. დუმან, ვინაიდან შეიყვარეს წუთისოფელი. დღეს დუმილი
კი ღალატის ტოლფასია. მათი მისამართით ამბობს წმ. მოციქული: “სიცოცხლის ამას
მუძღურებასა არა თავს-იდებენ. არამედ გულის თქუმისაებრ თავისა თვისისა შეიკრებდენ
მოძუღუართა ქავილითა ყურისაÁთა: და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი
გარემიიქცნენ და ზღაპრებსა მიექცნენ” (2 ტიმ. 4,3-4)
სემინარისტების
წერილი მთავრდება მოწოდებით – “ყველაფერში სიყვარული”, რაც სავსებით არ ეთანადება
მათივე წერილის შინაარს, სავსეს ღვარძლით, სიძულვილითა და ცილისწამებით.
ამბორისთვის გამზადებულებს, გვინდა მოვუწოდოთ, რომ გულისხმა ყონ და უარყონ
პროეკუმენისტური და ანტიეკლესიური მოსაზრებები, რათა გავერთიანდეთ ქრისტეს
სარწმუნოებაში, რომლის გარეშეც არ არსებობს არც ერთობა და არც სიყვარული. წინააღმდეგ
შემთხვევაში მათი ამბორი ეკლესიას ექცევა იუდას ამბორად, ხოლო სიყვარული –
ფარისევლობად და სიძულვილად.
დაიბეჭდა
გაზეთ “24 საათში” N112. 13.05.2004.
|