მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

შხამი ეკუმენიზმისა

ჟურნალი “ზღვარი”, თავისი შინაარსით მართლმადიდებლობის ზღვარს მიღმა მდგომი გამოცემაა. მისი პუბლიკაციების აბსოლუტური უმრავლესობა ანტიმართლმადიდებლურია, გვხვდება მწვალებლური მოსაზრებებიც. ჟურნალი განკუთვნილია საზოგადოების ფართო წრეებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისათვის - დიდი ოდენობით ვრცელდება უსასყიდლოდ - და მიზნად ისახავს ეკლესიის საწინააღმდეგო სწავლების გავრცელებას, ეკუმენისტური აზროვნებისა და ცნობიერების ფორმირებას. მისი პოლიგრაფიის ხარისხი გვაფიქრებინებს, რომ ეკუმენიზმის პროპაგანდითა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (შემდგომში – ემს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაბრუნებით სერიოზული ძალებია დაინტერესებული.

ჩვენ შევეცდებით, შეძლებისდაგვარად, ვამხილოთ “ზღვარის” პუბლიკაციები, ამჟამად კი შევეხებით N1(3) 2004-ში გამოქვეყნებულ მიმართვას საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებისადმი, რომელსაც ხელს აწერენ 2003 წლის 1-3 ივნისს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში გამართული სიმპოზიუმის მინაწილენი - თესალონიკის უნივერსიტეტის პროფესორები და ემს-ს საგანგებო კომისიის საინიციატივო ჯგუფის წევრები. როგორც ცნობილია, ემს-ში კომისია შეიქმნა იმ მიზნით, რომ შეესწავლა საკითხი მართლმადიდებელი ეკლესიების ემს-ის მუშაობაში მონაწილეობის შესახებ. მიმართვა, ფაქტობრივად, წარმოადგენს მოწოდებას საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებისადმი, რათა დაუბრუნდნენ ემს-ს.

მივყვეთ პუნქტობრივად მიმართვის ტექსტს და გავაკეთოთ კომენტარები. მიმართვაში ნათქვამია (ციტატა): “ქრისტიანებს შორის დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს, ჭეშმარიტებასა და ურთიერთგაგების მცდელობას. ამ მცდელობის უტყუარ მეგზურად უნდა ჩაითვალოს ის “კოინონის” (თანაზიარონის) გამოცდილება, რომელიც განუყოფელ ეკლესიაში არსებობს” (ციტატის დასასრული).

მართლმადიდებლობა და მართლმადიდებელი ეკლესია არასდროს განიცდიდა არც სიყვარულის, არც ჭეშმარიტების და არც ურთიერთგაგების მცდელობის ნაკლებობას, რასაც ვერ ვიტყვით მწვალებლობაში შთავარდნილ კონფესიებზე, რომლებმაც უარყვეს ჭეშმარიტება და ქრისტეს ეკლესია, შეინარჩუნეს ოდენ შინაარსგამოცლილი სახელწოდება და ატრიბუტები. მთელი ორი საუკუნის განმავლობაში შეაგონებდა მართლმადიდებელი ეკლესია მწვალებლობაში შთავარდნილ რომის ეკლესიას, თუ სიყვარულით, თუ ხვეწნა მუდარით, უარეყო ცდომილება და დაბრუნებულიყო ქრისტეს ეკლესიაში, მაგრამ უშედეგოდ. ამ სიყვარულის წილ ისტორიის მთელი შემდგომი პერიოდი წარიმართა რომის ეკლესიის დაუძინებელი მტრობით მართლმადიდებლობისადმი, რომელიც სავსეა მართლმადიდებელთა სისხლითა და ხოცვა-ჟლეტით, მართლმადიდებელი ეკლესიების დარბევითა და ღვთისმსახურთა განადგურებით. პაპიზმის მწვალებლობა ანათემას იქნა გადაცემული, რომელიც დღემდე მოქმედებს. შემდგომ პაპიზმა, ვითარცა ავთვისებიანმა სიმსივნემ მეტასტაზებით, შვა უამრავი მწვალებლობა - კონფესიები და სექტები. ამჟამად კი არის მცდელობა ყველა მათგანისა და მართლმადიდებელი ეკლესიების ემს-ში ერთად თავმოყრისა და ერთმანეთში გათქვეფისა, ერთგვარი ეკუმენისტური კოქტეილის მომზადებისა. რაც შეეხება თანაზიარობას, ამ სიტყვის ეკლესიოლოგიური გაგებით, განუყოფელი, ანუ მართლმადიდებელი ეკლესია ვერ იქნება თანაზიარი მწვალებლებლობისა, რისკენაც მიელტვის ეკუმენიზმი და ემს. ასეთია საეკლესიო სწავლება, რომლის უარყოფა მწვალებლობაა, ხოლო მისი პროპაგანდა – მწვალებლობის დანერგვის მცდელობა.

შემდეგ მიმართვაში აღნიშნულია (ციტატა): “მიუხედავად სირთულეებისა ამჟამიდელ ვითარებაში მრავალი დადებითი გამოწვევა შეინიშნება . . . პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მოვლენები ევროპაში ქმნიან ახალ მარჯვე პირობებს ეკლესიებს შორის კონსტრუქციული დიალოგისათვის . . . დღეს ყველა ქრისტიანული ეკლესიის წინაშე დგას იმპერატივი გავწიოთ ერთობლივი მოწმობა წუთისოფელში” (ციტატის დასასრული).

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ამოწმებდა ჭეშმარიტებას წუთისოფელში, განსხვავებით სხვა კონფესიებისა, რომლებიც ამკვიდრებენ ცრუ სწავლებებს. აქ ერთობლივ მოწმობაზე საუბარი ზედმეტია. შეინიშნება მცდელობა, აქციონ ემს ერთგვარ საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც შექმნის ერთიანობის ილუზიას და გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მოყვანილ ციტატაში გამოსჭვივის ეკუმენიზმის მწვალებლური მიზანი, რაზეც ცოტათი ქვემოთ გვექნება საუბარი.

შემდეგ (ციტატა): “მართლმადიდებელთა ემს-ში მონაწილეობის საგანგებო კომისიამ წარმოადგინა საფუძვლიანი ანგარიში, რომელიც მიღებულ იქნა ემს-ს ცენტრალური კომიტეტის მიერ. ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინადადებასა და საზრუნავს სერიოზულად მოეპყრონ და პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდონ; ეს შესაძლებლობა ასევე სრულიად გავრცელდება ბულგარეთისა და საქართველოს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიებზე” (ციტატის დასასრული).

გამოდის, რომ აქამდე არასერიოზულად ეპყრობოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წინადადებებსა და საზრუნავს და კომისიის დასკვნის შემდეგ პირობას დებენ, რომ სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეპყრობიან მას. ეს არის სატყუარა უმეცართათვის.

ვინც გაეცნობა ემს-ს საგანგებო კომისიის ანგარიშს, დაინახავს, რომ არავითარ სასიკეთო ძვრებს ემს-ში ადგილი არა აქვს. იგი თანახმიერია ემს-ს კონსტიტუციისა და ორივე მათგანში აღიარებულია ეკლესიათა სიმრავლე, რომელთაც გააჩნიათ თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები, აღიარებულია ჭეშმარიტების პლურალიზმი და ქრისტეს სხეულის მრავლობითობა (ანუ, რაც იგივეა, ერთიანი სხეულის ნაწილებად დანაწევრება), რაც წარმოადგენს მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის უარყოფას. ემს-ის იდეოლოგიის თანახმად, ეკლესიათა ერთობა მიიღწევა ურთიერთშემხვედრი მოძრაობის, მართლმადიდებლური ცნობიერების ლიბერალიზაციის გზით, ანუ მართლმადიდებლური სწალების უცვლელობა უნდა დაირღვეს და შევიდეს მასში კომპრომისული ხასითის ცვლილებები.

კომისია შეეცადა გამოსავალი ეპოვა იმ დაუძლეველი პრობლემიდან, რასაც ეწოდება ეკუმენისტური ღვთისმეტყველება, ანუ საღვთისმეტყველო ცნებების ინტერპრეტაციათა მრავალსახეობა და შეუსაბამობა, რაც, ეკუმენიზმის მამათა სრულიად მართებული აღიარებით, შეუძლებელს ხდის დიალოგის გაგრძელებისა და ზემოაღნიშნული ერთიანობის მიღწევის შესაძლებლობას. მოძებნილი “გამოსავალი” კი გულისხმობს, არც მეტი, არეც ნაკლები, ეკუმენისტური ღვთისმეტყველებისათვის დოგმატური საფუძვლის გამოცლას, ანუ ადოგმატური ღვთისმეტყველების შექმნას. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით კი ეკლესია, მისი ღვთისმეტყველება, დოგმატიკა, კანონიკა, და საზოგადოდ, მისი ყველა ელემენტი ეფუძნება ღვთის გამოცხადებას, ანუ ღვთიური წარმომავლობისანი არიან და მათი შეცვლა დაუშვებელია.

ეკუმენისტები თვლიან, რომ ემს-ის ფარგლებში შესაძლებელია ეკლესიათა გაერთიანება, რომელთაც ექნებათ ერთი სარწმუნოება, ერთი ნათლობა და ერთი ევქარისტია (სპეციალური კომისიის დასკვნითი ანგარიში, განყოფილებები A და B). მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების დაცვა და იმავდროულად “ერთიანი ქრისტიანული სარწმუნოების” დადასტურება შეუთავსებელია ერთმანეთთან. ამის მიღწევა წარმოადგენს ეკუმენიზმის მწვალებლურ მიზანს, რისკენაც მიისწრაფის ემს და რასაც მოუწოდებენ მიმართვის ავტორები საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ასეთი მწვალებლური იდეებისა და მისწრაფებების მხურვალე პროპაგანდისტია ჟურნალი “ზღვარი”, რაც მას აქცევს ეკლესიის საწინააღმდეგო და ანტიმართლმადიდებლურ გამოცემად..

მაგრამ ემს-სა და ჟურნალ “ზღვარის” ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული სიცრუე აქ არ მთავრდება. დღევანდელი ეკუმენიზმი დიდი ხანია, გაცდა “ქრისტიანთა ერთობის” იდეას და იქცა პანეკუმენისტურ მოძრაობად, ანუ “ქრისტიანული კოქტეილი” იქცა რელიგიათა აჯაფსანდალად, რომელშიც მართლმადიდებლებთან და ქრისტიანობად წოდებულ კონფესიაბთან ერთად რელიგიურ ვაკხანალიასა და ორგიებში მონაწილეობენ წარმართნი, ბუდუსტები და მუსულმანები, იუდეველები და სატანისტები, ჰომისექსუალთა ორგანიზაციები და შამან-ჯადოქრები. აქ ერთობლივ “ქრისტიანულ” ლოცვებს მოსდევს “განმწმენდელი ბოლით” დაბოლილი აბორიგენების რიტუალური როკვა, ჯადოქართა სულის გამოძახების სეანსები, ჰომოსექსუალთა რიტუალები და გალობად წოდებული ჯაზ-როკ მუსიკის ერთობლივი შესრულებები. აქ არის არა დიალოგი და მართლმადიდებელთა ჭეშმარიტებაზე მომაქცეველი ქადაგებები (პროზელიტიზმი აკრძალულია ემს-ში), არამედ საერთო მსახურება სატანისადმი. თავისი არსით ემს წარმოადგენს გენერალურ რეპეტიციას ანტიქრისტეს ეკლესიისა და ანტიქრისტეს მოძღვრების შექმნისათვის და მასში საქარველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მონაწილეობა ღალატია ქრისტეს ეკლესიისა და საქართველოს ეკლესიის მოწამებრივი ისტორიის მიმართ.

ვიხსენებთ ქ. თესალონიკში 1998 წლის 29 აპრილ – 2 მაისს ჩატარებულ მართლმადიდებელთა შეკრებას, რომელზეც მართლმადიდებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ეკლესიისადმი და მისი სწავლებისადმი და შეკრების საბოლოო დოკუმენტში, მე-13 მუხლის ბ) პუნქტში დაადასტურეს საეკლესიო სწავლებასთან სრულ თანხმობაში მყოფი გადაწყვეტილება, რომ: “მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში, და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიალებში”, რაც, თავისი არსით, არის ანტიეკუმენისტური და მართლმკვეთელური გადაწყვეტილება. და რაოდენ სამწუხაროა, რომ იმავე ქალაქში, მის უნუვერსიტეტში მოიძებნა რიგი პროფესორებისა, რომლებმაც ეკუმენისტებთან ერთად შეადგინეს ანტიმართლმადიდებლური მიმართვა და იმდენად გაკადნიერდნენ, რომ გაუგზავნეს იგი საქართველოსა და ბულგარეთის ეკლესიებს. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ თესალონიკის უნივერსიტეტში მართლმადიდებლური სულისკვეთება შესუსტებულია. ამიტომ მოვუწოდებთ ახალგაზრდობას, დაფიქრდნენ, მანამ გადაწყვეტდნენ, რომ ამ უნივერსიტეტში მიიღონ სწავლა-განათლება, ვინაიდან, როგორცა ჩანს, არსებობს საფრთხე, რომ იქაური პროფესორ-მასწავლებებისაგან მიიღონ სულის მომაკვდინებელი შხამი ეკუმენიზმისა და თავი, უფრო სწორად კი – სული საფრთხეში ჩაიგდონ.

წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი.

P.S. ღია მიმართვა თესალონოკის უნივერსიტეტისადმი.
საქართველოში რამოდენიმე ახალგაზრდას სურვილი ქონდა, სწავლა გაეგრძელებინა თქვენს უნივერსიტეტში, მაგრამ თქვენი პროფესორებისა და ეკუმენისტების მიერ შედგენილი ერთობლივი მიმართვის წაკითხვის შემდეგ, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, თავი შეიკავეს ამ განზრახვისაგან. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ჩვენ მივმართავთ სხვა ადგილობრივი ეკლესიების წევრებს, ახალგაზრდებს და ვამცნობთ თქვენი არამყარი მართლმადიდებლური პოზიციის შესახებ, რათა დაფიქრდნენ თესალონიკის უნუვერსიტეტში განათლების მიღებაზე.

დაიბეჭდა გაზეთ „Georgian Times“-ში №26(289),01.07.04