მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
ნათლობა ქსნის კოლონიაში
ა.წ. 17 აგვისტოს ქსნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოინათლა
5 მსჯავრდებული: სომეხი არტურ მატინიანი (ნათლობის სახელი - არტემი), ქურთი
ზურა ნამოევი (ნათლობის სახელი - ზაქარია), ბათუმელი ქემალ შარაშიძე (ნათლობის
სახელი - ანდრია), ლანჩხუთელი ნუგზარ წილოსანი (ნათლობის სახელი - ნიკოლოზი)
და ახმეტელი ადამ ფარეულიძე (ნათლობის სახელი – ადამი). ნათლობა ჩაატარეს
სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით
ისაკაძემ, თბილისის წმ. ნინოს ტაძრის მღვდელმა დავით ქვლივიძემ, მღვდლებმა
დავით ნოზაძემ და ვახტანგ დავითაშვილმა. ნათლობის შემდეგ წმინდა ზიარება მიიღო
20-მდე პატიმარმა.
რაოდენ სასიხარულოა,
როდესაც საპატიმროებში მსჯავრდებულები იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, ღრმა
სინანულით, ლოცვითა და მარხვით, აღსარებითა და ზიარებით. კითხვით მივმართეთ
დეკანოზ დავით ისაკაძეს:
მამა დავით,
უკვე რამოდენიმე წელია, რაც კოლონიებში პატიმრებს ნათლავთ და აზიარებთ. ქსნის
კოლონიაში უკვე გყავთ არც თუ მცირერიცხოვანი მრევლი. ალბათ დღევანდელი ნათლობაც
ამ მოღვაწეობის შედეგია
პატიმრების მონახულება და ნუგეშისცემა სახარებისეული მცნების აღსრულებაა. პატიმრებს
შორის ხშირია სწრაფვა ეკლესიისკენ, განწმენდისაკენ. იშვიათად მომისმენია ისეთი
ღრმა სინანულისეული აღსარებები, როგორსაც პატიმრები ამბობენ ციხეებში. სწორედ
ამ დროსაა საჭირო თანადგომა და მათი სწორ გზაზე დაყენება. ღმერთი სხვადასხვა
შემთხვევების მაგალითზე გვასწავლის, რომ თუ ჩვენ არ მივალთ პატიმრებთან და არ
ვუპატრონებთ მათ, მაშინ მოვლენ მგლები და წარიტაცებენ უპატრონო ცხვრებს.
მამა დავით,
სამწუხაროდ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული უნდობლობა ყოფილი პატიმრების
მიმართ. არადა ისინი, რომლებიც საპატიმროებში მოექცნენ, შეუდგნენ ქრისტეს,
შემდეგ განთავისუფლდნენ და გააგრძელეს ეკლესიური ცხოვრება, ნამდვილად იმსახურებენ
ნდობასა და სიყვარულს.
სახარება გვასწავლის, რომ ვისაც უფრო დიდი დანაშაული მიუტევა ღმერთმა, მან უფრო
მეტად შეიყვარა ღმერთი. ეკლესიის წმინდანთა შორის გამორჩეული წმინდანებია მარიამ
მაგდალინელი, მარიამ მეგვიპტელი, მოსე შავი და სხვა მრავალნი, ყოფილი მეძავნი,
მკვლელნი და ავაზაკნი. მოციქულ პავლეს, სავლედ მყოფობისას, ქრისტიანთა სისხლით
ქონდა ხელები გასვრილი. მაგრამ ქრისტემ მიუტევა მას, მოჰფინა ნათელი და მანაც
უსაზღვროდ შეიყვარა ქრისტე, დაითმინა მისთვის მრავალი ტანჯვა და მოწამებრივი
აღსასრული. დღევანდელ საზოგადოებას არაფერი აქვს საძრახად სათქმელი მოქცეული
პატიმრების მიმართ. გავიხსენოთ, რომ მაცხოვარმა პირველად სასუფეველში ავაზაკი
შეიყვანა, მასთან ერთად ჯვარცმული, რომელმაც შეინანა ავაზაკობა და აღიარა
ქრისტე სიტყვებით: "სასუფეველსა შენსა მომიხსენე, უფალო, ოდეს მოხვიდე
სუფევითა შენითა". ამ მაგალითით მაცხოვარმა დააცხრო ჩვენი ამპარტავნება
და გაგვაფრთხილა, არ დავემსგავსოთ მწიგნობრებსა და ფარისევლებს.
გვესაუბრება
მღვდელი დავით ქვლივიძე:
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მოძღვრები, მოუცლელები ვართ, ვალდებულები ვართ,
მივიდეთ პატიმრებთან, ამოვუდგეთ გვერდში, ვიხსნათ ისინი სასოწარკვეთისაგან, ვცეთ
ნუგეში და მივცეთ იმედი იმისა, რომ ისინი, თუკი ქრისტეს მცნებებით იცხოვრებენ,
არაფრით ნაკლებნი არიან სხვებზე. პატიმრები ელიან ამ ნუგეშს, ისინი
გამზადებული არიან ეკლესიისთვის, ოღონდ საჭიროა გონივრული მიდგომა და
მოთმინება. დავამატებ, რომ მრავალი მოქცეული პატიმართაგანი, სასჯელის მოხდის
შემდეგ, აგრძელებს ეკლესიურ ცხოვრებას და იჩენს უფრო მეტ მოშურნეობას, ვიდრე
სხვა მოქალაქენი.
გავესაუბრთ მსჯავრდებულ
ბადრის. მან აღნიშნა:
- სულმოუთქმელად ველით ხოლმე მამა დავითის ჩამოსვლას. ვემზადებით აღსარებისათვის,
ზიარებისათვის, ვკითხულობთ ლოცვებს, ვმარხულობთ ისე, როგორც გვაკურთხევს ხოლმე
მამა დავითი. აი, დღესაც მივიღეთ წმიდა ზიარება. ეს ჩვენთვის დიდი ნუგეშია.
კოლონიაში სულ უფრო მეტი პატიმარი მოდის ტაძარში, უნდა წესიერად ცხოვრება,
სურს, თქვას აღსარება და ყავდეს მოძღვარი. მამა დავითი, სხვა მამებიც მოდიან
ხოლმე ჩვენთან და დიდი მადლობას ვუხდით მათ ამისათვის.
მკითხველთათვის
აღვნიშნავთ, რომ ბადრი, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია, რც შეუდგა ქრისტეს და ცხოვრობს
ეკლესიურად, ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის დიდი ოსტატია. ვინც ავჭალის კოლონიაში
ბადრის მონაწილეობით პატიმრების მიერ აშენებულ და შემკულ ტაძარს იხილავს,
დარწმუნდება, რომ ესაა ხელოვნების იშვიათი ნიმუში. აქ, ქსნის კოლონიაში,
ბადრიმ უკვე დაასრულა კვეთა ტაძრის კარებზე, რომლის მსგავსს ადამიანი იშვიათად
შეხვდება. გაოცებას იწვევს ორნამენტთა მრავალფეროვნება და სინატიფე. პატიმართა
შორის, მოქცევასთან ერთად, მრავალი იწყებს ხელსაქმეთა კეთებას, კვეთას,
ხატწერას და სხვა.
პატიმართა ზიარების
შემდეგ მამა დავით ისაკაძემ უქადაგა მათ და დალოცა ისინი. მოგვყავს ეს
ქადაგება მცირე შემოკლებით: "გილოცავთ წმინდა ზიარების მიღებას. ღმერთს
დიდება და მადლობა იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ შევხვდით ერთმანეთს. უფალი და
მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე ამბობს – თუკი შენ პატიმარი მოინახულე, მე
მინახულე. ამიტომ ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, მოინახულოს პატიმარი და ნუგეში
სცეს. და ორმაგად სასიხარულოა ის, რომ ჩვენი შეხვედრა ლოცვითი და ევქარისტიული
ზიარებითი შეხვედრაა. თქვენ მოემზადეთ დღევანდელი დღისთვის, რათა გამხდარიყავით
აღსარებისა და ზიარების ღირსი. ამას განსაკუთრებული სიხარული მოაქვს ჩვენთვის.
თქვენ უკვე საკმაოდ კარგად გაერკვიეთ მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების
საფუძვლებში. ნუ იფიქრებთ, რომ რადგან პატიმრები ხართ, ამიტომ იმათზე
ნაკლებები ხართ, ვინც გარეთ არის. შეიძლება ადამიანმა მთელი ცხოვრება განვლოს
გარეთ, დიდი თანამდებობებიც ჰქონდეს, კაბინეტებში იჯდეს, დიდი ავტორიტეტიც
ჰქონდეს გარეთა სამყაროში, მაგრამ თუ ის ცხოვრობს მოუნანიებელი, აღსარება
უღქმელი და უზიარებელი, მისი საბოლოო ხვედრი ჯოჯოხეთია. თქვენ კი ეზიარებით
მაცხოვრის წმიდა ნაწილებს. ნუ იფიქრებთ, რომ გარიყულები ხართ
საზოგადოებისაგან. ეკლესია და მაცხოვარის ჩვენი, იესო ქრისტე თქვენთან არის.
და ეს ერთობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე იქნება მეორედ მოსვლა. ჩვენც თქვენთანა
ვართ, რამეთუ ეს არის ნება უფლისა – მოვინახულოთ პატიმარი და ნუგეში ვცეთ მას.
ხოლო თქვენი გამოსვლა ციხიდან იმით უნდა იყოს აღსანიშნავი, რომ გააგრძელებთ
ეკლესიურ ცხოვრებას და გააკეთებთ დიდი საქმეებს ეკლესიისა და ერისათვის. თქვენ
ეს ძალგიძთ. სახარებაში არის ერთი იგავი: ერთმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული,
ხოლო მეორემ უფრო დიდი დანაშაული. როდესაც ორივე სინანულით მივიდა უფალთან,
უფალმა ორივეს აპატია და კითხვა დასვა: ვინ უფრო შეიყვარა უფალიო, და იქვე
უპასუხა: მან უფრო შეიყვარა უფალი, რომელსაც უფრო დიდი დანაშაული ქონდა
ჩადენილი და მეტი ეპატია უფლისა მიერ სინანულის საფუძველზე. ასე, რომ ნუ
ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში, ვინც მძიმე დანაშაულით ხართ აქ, თქვენ უფრო
მეტად შეიყვარებთ ღმერთს, თუ სინანულით თხოვთ პატიებას. ეს არის სახარების
სწავლება, რომელიც არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ჩვენი ცხოვრების
ქვაკუთხედი. მინდა გითხრათ, რომ გარეთ მრავალნი, ვინც ცხოვრობს ეკლესიურად,
დიდი სიხარულით მოგელიან თქვენ, ქრისტეს მიერ სათნოებით, აღსარებითა და
ზიარებით განწმენდილებს. ისინი დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიგიღებენ, და
არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, ვინ ყოფილი პატიმარია და ვინ
აკადემიკოსი, მთავარია, თქვენს შორის იყოს ქრისტე. ღმერთმა დაგლოცოთ და
გაკურთხოთ, თმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენს ერთობას გაუმარჯოს იესო ქრისტეში."
ჩვენი წასვლის
დროც დადგა. პატიმრებს მრავალი შეკითხვა აქვთ ხოლმე მოძღვრებთან და ახლაც
შემოეჯარნენ მათ: ვინ შეკითხვებს სვამს, თუ რომელი წიგნები წაიკითხოს, როგორ
ილოცოს, როგორ მოემზადოს აღსარებისთვის, ვის თავისი ნახელავი ჯვარცმა თუ ნაწერი
ხატი მოაქვს საჩვენებლად, შესაფასებლად და რჩევების მისაღებად. ზოგს განცალკევებით
სურს საუბარი. საბედნიეროდ ამ ჯერზე ოთხი მოძღვარი ჩამოვიდა პატიმრებთან და
ახლა ყველა მათგანი ესაუბრება მსჯავრდებულებს. ჯერ კიდევ მოუქცევლები
გაუბედავად, ფრთხილად იწყებენ საუბარს, ნიადაგს სინჯავენ, თუ როგორ მოუსმენენ,
განიკითხავენ და დაამცირებენ თუ ნდობითა და სიყვარულით მიუდგებიან. ზოგში
აშკარად ჩანს, რომ უხეში და არდამთმობი იერის მიღმა დგას სასოწარკვეთილი,
მიუსაფარი მარტოსული, რომლის უხეშობა და უნდობლობა თავდაცვითი პოზაა ოდენ და
ეს პოზა ყინულივით დნება, როგორც კი ქრისტესმიერი სიყვარულით გაესაუბრები, კი
არ დაამცირებ, არამედ ეტყვი, რომ ჩვენ ყველა ავაზაკები ვართ, მეტ-ნაკლებნი,
მაგრამ მაინც ავაზაკნი, და რომ თუ არა ქრისტეს უსაზღვრო სიყვარული და
მოწყალება, ყველა უდიდეს სასჯელს ვიმსახურებთ, ოღონდ საჭიროა სინანული ჩვენი
ცოდვებისა გამო და ღვთის მცნებების აღსრულება, რათა მოვიპოვოთ მადლი და ნუგეში.
ასეთი საუბრების შემდეგ მრავალს ეხსნება უნდობლობა და იწყებს გულახდილ საუბარს
მოძღვრებთან და ფაქტიურად მზადებას აღსარებისათვის, ზიარებისათვის, მოუნათლავნი
კი – ნათლობისათვის. ღმერთმა უშველოთ მათ.
პატიმრებთან
გამომშვიდობება იყო გულმხურვალე, გამთბარი ქრისტესმიერი სიყვარულით, სევდანარევი
განშორებისა გამო და სავსე მომავალი შეხვედრის სიხარულით.
დაიბეჭდა გაზეთ „კვირის პალიტრაში“-ში2004 წ.
|