მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ანტიქრისტეს სტანდარტები

კაცობრიობა თავისი ისტორიის დასასრულისკენ მიექანება. ამას არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი მამის, მღვდელ-მონაზონ სერაფიმ როუზის სიტყვები– “ახლა გაცილებით უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია” - გვახსენებს. მსოფლიოში ანტიქრისტეს სტანდარტების მასობრივი დანერგვისა და გავრცელების ტემპები ბოლო ჟამის სარწმუნო ნიშნებს იძლევა. რუბრიკით - “ანტიქრისტეს სტანდარტები” - ამ სტანდარტების დანერგვის სხვადასხვა შემთხვევებსა და გამოვლინებებზე გვინდა ვესაუბროთ საზოგადოებას

წინამდებარე წერილში არ ვისაუბრებთ ანტიქრისტეს რელიგიის – ეკუმენიზმისა და პანეკუმენიზმის - შესახებ, რომელსაც საქართველოში ლიბერალური ფრთის მრავალი მიმდევარი ჰყავს. ამ თემაზე ჩვენ არა ერთი წერილი გამოგვიქვეყნებია და საზოგადოებისადმი მიმართვა გაგვიკეთებია. ეკუმენიზმის სენით საქართველოში მრავალია დაავადებული, მათ შორის, სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც, რომლებიც თავისი სწავლებითა და ქმედებით აცდუნებენ საზოგადოებას, მრევლს, სემინარია-აკადემიის სტუდენტებს. ზოგიერთ მათგანზე ჩვენ ვწერდით, მომავალშიც დავწერთ და ვამხელთ ანტიქრისტეს რელიგიისადმი ლოიალურად განწყობილ სასულიერო პირებს, მათ შორის – იერარქებსაც.

ამ წერილში საუბარი გვექნება ანტიქრისტეს სტანდარტების გავრცელებაზე ე.წ. “ხელოვნების” ნიმუშების საშუალებით, რაც წიგნებისა და კინო-ტელეპროდუქციის სახით ვრცელდება მთელს მსოფლიოში. ამის მაგალითია დენი ბრაუნის წიგნი “და-ვინჩის კოდი” და მის მიხედვით გადაღებული ფილმი. ეს ნაწარმოები უკიდურესად მკრეხელურია, იგი დაუფარავ ღმრთის გმობას შეიცავს. მისი საშუალებით მკვიდრდება ანტიქრისტეს შემდეგი სტანდარტი: “ქრისტე არ იყო ღმერთი, ანუ მესია. იგი იყო კაცი. მესია უნდა მოვიდეს”. ეს მესია, სინამდვილეში ანტიმესია, ანუ, ანტიქრისტე იქნება! იმისათვის, რომ კაცობრიობამ ანტიქრისტე მესიად მიიღოს, საჭიროა ჭეშმარიტი მესია - ქრისტე - უარყოს. ამისთვის კი საჭიროა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარყოფა, რაც წარმოადგენს დასახელებული ნაწარმოების ძირითად მიზანს.

ქრისტეს ჯვრსმცმელების მიერ “ხელოვნების” ნაწარმოებების საშუალებით ამ ტიპის სტანდარტების დანერგვა საკმაო ეფექტურობით ხასიათდება: ამას ამტკიცებს სოციოლოგიური გამოკვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებით ითვისებს ქრისტეს უარყოფას და ხდება შებილწული სულისა და ცნობიერების მატარებელი.

შემაშფოთებელი იყო ფილმის - “და-ვინჩის კოდის” მსოფლიო პრემიერა, რაც ანტიქრისტეს მოციქულების მიერ ორგანიზებულ და მიზანმიმართულ აქციას წარმოადგენდა. ამ პრემიერამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პროტესტს არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ მუსულმანებიც გამოთქვამდნენ. ისინი მრავალ ქრისტიანზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ მართლმადიდებელზე, უფრო მეტად “ქრისტიანენი” აღმოჩნდნენ: მათ არ შეიწყნარეს თავისი რელიგიის წინასწარმეტყველის შეურაცხყოფა, მაშინ როდესაც ზოგიერთი მართლმადიდებელი, მათ შორის სასულიერო პირი, დუმდა, თან აცხადებდა, რომ ეს დუმილი “სამეუფო” გზით სიარულიაო. პირდაპირ ვეტყვით მათ: მათი დუმილი არა სამეუფო, არამედ ქრისტეს ღალატის გზით სიარულია, ვინაიდან, დუმილით გაიცა და დღესაც “დუმილით გაიცემა ღმერთი” (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი).

ზოგიერთი ამათთაგანი დუმილსაც არ დასჯერდა, ავად ამეტყველდა, ცილი დასწამა მათ, ვინც არ შეურიგდა ღმრთის გმობას და ქრისტეს მაგინებელი კინოთეატრის წინიდან ფეხი მანამ მოიცვალა, სანამ ფილმი არ მოიხსნა ჩვენებიდან, ვინც შეაგონებდა ფილმის გაშვების მესვეურებს, შეეწყვიტათ მისი ჩვენება., ვინც ათიათასობით მიმართვა გაავრცელა მოსახლეობაში, რომლითაც აფრთხილებდა საზოგადოებას, არ ენახათ ფილმი და ამით ღმრთის გმობის თანამონაწილენი არ გამხდარიყვნენ. ცილისმწამებლები კი (ერთ-ერთ სეანსზე საგანგებოდ მოსული “ჯეობარელებივით”) აგრესიულებს უწოდებდნენ არადადუმებულებს და ამტკიცებდნენ, რომ პროტესტის ხმამაღალი გამოხატვით, პირიქით, საზოგადოებაში ფილმის მიმართ ინტერესი იზრდებაო. ეს სიცრუეა! სინამდვილეში, პროტესტის ფორმა იყო უკიდურესად მშვიდობიანი: ხატების წინ განუწყვეტელი ფსალმუნება მიმდინარეობდა, ტარდებოდა სავედრებელი პარაკლისები, ერთ ინციდენტსაც არ ჰქონია ადგილი მთელი ორი კვირის განმავლობაში, ერთი სიტყვაც არა თქმულა ხმის აწევით.

ცილისმწამებლებმა თავიც კი არ შეიწუხეს იმისათვის, რომ გაერკვიათ, თუ როგორი დასწრება იყო ფილმზე, თორემ აღმოაჩენდნენ, რომ ორიოდე “მოწადინებული” სეანსის გარდა, უმეტეს დღეებში დამსწრეთა რაოდენობა იშვიათად აჭარბებდა 50-ს, უმთავრესად 20-40-ის ფარგლებში მერყეობდა, რასაც სალაროს მონიტორები თვალნათლივ აჩვენებდნენ (ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ “რუსთაველის” მხოლოდ ერთი კინოდარბაზი 405 ადგილიანია). აღარას ვამბობთ იმაზე, თუ ნახვის რამდენმა მსურველმა, წაიკითხა რა გამოფენილი ლოზუნგები და ხელში მირთმეული მიმართვა, უკან დააბრუნა უკვე აღებული ბილეთი ან სულაც არ აიღო იგი. ფილმის ჩვენება სრული ფინანსური კრახით დამთავრდა და კინოთეატრის მესვეურებმა ურჩობისათვის კარგი მაგალითი მიიღეს.

ის, ვინც დუმდა, მაგრამ სხვას არ განიკითხავდა, ღმერთმა შეუნდოს. ამათგან ვინც თანაუგრძნობდა არადადუმებულებს და ლოცვითაც შეეწეოდა, ღმერთმა შუწიროს. საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებამ წარმატებით ჩააბარა გამოცდა და ქრისტეს მაგინებელი ფილმის ნახვას თავი აარიდა. მრავალი თანაუგრძნობდა კინოთეატრ “რუსთაველის” წინ მდგარ პროტესტის მონაწილეებს, მრავალი ამხნევებდა მათ მანქანის სიგნალით. ისინი ევროპიდანაც გაამხნევეს ქართველებმა. აი, წერილი ირლანდიიდან: “ჩვენ, ირლანდიაში მყოფი ქართველები, დიდი ნოსტალგიითა და განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენს სამშობლოში მიმდინარე პროცესებს. საშინლად გვთრგუნავს მოვლენები, რომლებიც ერის სულიერ-ზნეობრივ და ეროვნულ ღირებულებათა დეგრადაციისაკენაა მიმართული. მთელი შემართებით ვდგავართ თქვენს გვერდით, ყველა გამოსვლებში და ამჟამად მიმდინარე, ფილმ “და ვინჩის კოდი”-ს ჩვენების წინააღმდეგ. ვლოცულობთ, რათა უფალმა შეგვაძლებინოს სრულიად საქართველოს ერთად დგომა ბოროტი ძალების დასაძლევად”. წერილს 14 ქართველი აწერს ხელს.

ზოგიერთ დადუმებულ და გულში თუ პირით ავადმეტყველ მართლმადიდებელს კი შევახსენებთ განმანათლებელ ლუკას სიტყვებს: “ჩვენ არა მხოლოდ უფლება არა გვაქვს წყვდიადის უნაყოფო საქმეებში მონაწილეობისა, არც გაჩუმების უფლება გვაქვს, როცა უსჯულოება ხდება, როცა ღვთის გმობა, ჩვენი სარწმუნოების აბუჩად აგდება გვესმის. პავლე მოციქული გვიბრძანებს, არ გავჩუმდეთ, არამედ ვამხილოთ. იყვნენ დიდი ადმიანები, რომლებსაც არ ეშინოდათ ემხილებინათ ყველაზე ძლევამოსილნიც კი”.

არდადუმება გარდამეტებული მოშურნეობა კი არა, მაცხოვრისა და მოციქულის ბრძანების შესრულებაა: "წმიდამან მაქსიმე თქუა: უფროჲსად ყოველი კაცი წმიდა იქმნების ჭეშმარიტებითა მით აღსარებითა სარწმუნოებისაჲთა. ტროიანე თქუა: გულსა შინა შენსა გაქუნდინ, ვითარცა გნებავს, არავინ გაყენებს. წმიდამან მაქსიმე თქუა: უფალმან და მაცხოვარმან ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაითა გულსა შინა ოდენ გვაქუნდეს სარწმუნოებაი, არამედ ესრეთ იტყვის: "რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათ.10,33); და წმიდაჲ მოციქული იტყჳს: "გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხოვრებელად" (რომ. 10,10); აწ უკუე ვინაჲთგან თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყჳან, რაჲთა სიტყჳთ და გონებით და ჴმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოვებელსა" (წმ. მაქსიმე აღმსარებელის ცხოვრება). ამგვარად, როცა სოფლის განმაცხოველებელს გმობენ, ამ შემთხვევაში დუმილი არის არა სამეუფო, არამედ ტროიანეს გზა.

საბედნიეროდ, ანტიქრისტეს სტანდარტების დამკვიდრების წინააღმდეგ მართლმადიდებლებმა, და არა მხოლოდ მათ, სათანადოდ აღიმაღლეს ხმა მთელს მსოფლიოში. აი, მაგალითები:

“ათენი, 17 მაისი 2006 წელი
...სამშბათს ათენის ცენტრის გავლით საბერძნეთის პარლამენტისკენ გაემართა ელადის ეკლესიის მორწმუნეთა საპროტესტო დემონსტრაცია, რომელშიც მართლმადიდებელი ბერები და მონაზვნებიც მონაწილეობდნენ. დემონსტრანტებს მოჰქონდათ საბერძნეთის დროშები, ჯვრები და პლაკატები წარწერით: “და-ვინჩის კოდი - მკრეხელობაა”.

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეკლესიაში საკვირაო მსახურების შემდეგ მორწმუნეებს დაურიგდათ ფილმის მამხილებელი ფურცლები. ელადის სინოდმა რომანის ავტორი, დენ ბრაუნი ეკლესიის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

იმავე დროს ინდოეთში მორწმუნეთა პროტესტის საპასუხოდ მთავრობამ დროებითი აკრძალვა დაადო ფილმის პრემიერას...

სამხრეთ კორეაში ფილმის ბოიკოტისკენ მოუწოდა ქვეყნის ქრისტიანულმა საბჭომ...

ტაილანდის ქრისტიანულმა თემებმა მთავრობის ცენზორებს მოუწოდეს, ფილმიდან მორწმუნეთა გრძნობების განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელი ბოლო 15 წუთის კადრები ამოჭრან...” (ინტერფაქსის ცნობა)

“მოსკოვი, 18 მაისი 2006 წელი
18 მაისს 18:30 პუშკინის მოედანზე მოეწყობა საპროტესტო აქცია, რომელიც ორგანიზებულია მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის მიერ და რომელიც ეძღვნება დ. ბრაუნის წიგნის “და-ვინჩის კოდის” ეკრანიზაციას, გვაცნობებს მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის პრეს-სამსახური.

აქციის მიზანია, მართლმადიდებელი საზოგადოების ყურადღება უფალ იესო ქრისტეზე თავდასხმების მზარდ ნაკადზე მიაქციოს. აქციის ორგანიზატორები ყურადღებას მთავარზე მიაპყრობენ: - «და-ვინჩის კოდი», ისევე, როგორც იუდას «სახარება», არის მასობრივი კულტურის იმ პროპაგანდისტულ ნაწარმოებთა ჯაჭვის რგოლი, რომლებიც მოწოდებულნი არიან, დაარწმუნონ მაყურებელი იმაში, რომ იესო ქრისტე - არის არა ღმერთკაცი და მხსნელი, რომელმაც თავისი ჯვარცმითა და მორწმუნეთა გამოხსნით დაუბრუნა ადამიანს შემოქმედდთან ურთიერთობის შესაძლებლობა მის მიერ დაფუძნებული ეკლესიის საშუალებით, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი. ის გაშმაგება, რომლითაც ამის დამტკიცებას ცდილობენ, ცდილობენ ქრისტეს ღმერთკაცობა გააქარწყლონ, საპირისპიროს ამტკიცებს, იმას, რომ იესო ქრისტემ ნამდვილად იხსნა კაცთა მოდგმა. ღმერთკაცის მიჩუმათებას და ცილისწამებას ესწრაფვიან ისინი, ვინც იგი ჯვარს აცვა, ვინც დღემდე ებრძვის ქრისტეს ეკლესიას, მიყავს რა კაცობრიობა დაღუპვისაკენ”.

“27 მაისი 2006, 12:42 უმე მპ-ს მიტროპოლირმა ეკლესიიდან განკვეთა ფილმ “და-ვინჩის კოდის” ყველა გამშვები და მაყურებელი.

მოსკოვი საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ოდესის ეპარქიის მმართველობის მდივანმა, ანდრეა ნოვიკოვმა განაცხადა, რომ ოდესისა და იზმაილის მიტროპოლიტმა აგათანგელოზმა (სავინმა) გამოაცხადა ფილმ “და-ვინჩის კოდის” გამქირავებლებისა და მაყურებლების ეკლესიიდან განკვეთის შესახებ. ასეთი განცხადება მან გააკეთა პრესკონფერენციაზე ოდესაში 26 მაისს, გვატყობინებს სა “რეპორტიორი”.

როგორც სააგენტო “რეპორტიორს” “უკრაინის მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის” ხელმძღვანელმა, ვალერი კაუროვმა აცნობა, მიტროპოლიტ აგათანგელოზმა ანათემას გადასცა პირები, რომლებიც მონაწილეობენ ““და-ვინჩის კოდის” გავრცელებაში, ასევე ისინი, ვინც ამ ანათემის გამოცხადების შემდეგ ფილმს ნახავენ, რადგან ფილმი “არღვევს ქრისტიანობის საფუძვლებს და გმობს სულიწმიდას”.

როგორც ვალერი კაუროვმა განაცხადა, “და-ვინჩის კოდის” შემქმნელების მთავარი მკრეხელური იდეა მდგომარეობს იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარყოფასა და იმის აღიარებაში, რომ ქრისტე უბრალო ადამიანი იყო, რომელიც თანაცხოვრობდა მარიამ მაგდალინელთან, რომელიც ეკლესიის მიერ წმინდანად და მოციქულთა სწორად არის მიჩნეული.

ვალერი კაუროვმა ხაზი გაუსვა, რომ ფილმის მიხედვით ქრისტეს და მაგდალინელს, თითქოს, ყავდათ შვილი სარა, რომლის შთამომავალმაც ჩვენს დრომდე მოაღწია და მალე გამოეცხადება მსოფლიოს.

ვალერი კაუროვმა გვაცნობა, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც ბრალეულნი არიან “და-ვინჩის კოდის”გავრცელებასა და ნახვა-ჩვენებაში, უნდა “შეინანონ აღსარებითა და ზიარებით”, რათა შეუერთდენ ეკლესიას”.

გავიხსენოთ გასული საუკუნის 90-ანი წლები, როდესაც უმსგავსი ფილმის გაშვება გადაწყვიტეს საბერძნეთში. მაშინ ათენში 100 000-ანი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც წინ 11 ეპისკოპოსი და 200 ბერი მიუძღოდა. თესალონიკში საპროტესტო გამოსვლაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ეკლესიის დიდი მამა წმ. ათონის მთიდან საგანგებოდ ჩამოსული პაისი ათონელი მონაწილეობდა. როდესაც შემდეგ მას ჰკითხეს, თუ რატომ მიატოვა მან თავისი კელია და რატომ გავიდა ერში, მან უპასუხა, რომ, მართალია, ლოცვა ყველაზე დიდი ძალაა ბოროტების წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ღმერთს გმობენ, ან ერს რყვნიან, აუცილებელია გამოხვიდე და ხმამაღლა ამხილო მგმობელები, რადგან, თუ ეს არ გააკეთე, ღმერთი პასუხს მოგთხოვს, ამას გარდა, ხალხმა ისიც შეიძლება იფიქროს, რომ, რადგან დუმს, მგმობელებს ხომ არ თანაუგრძნობსო.

დასარულ, ჩვენს თანმემამულე დადუმებულ ცილისმწამებელ მართლმადიდებლებს, რომლებმაც “ტროიანეს გზა” “სამეუფო გზად” მიიჩნიეს, შევახსენებთ სერაფიმ როუზის სიტყვებს: "ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა არც დრო-ჟამისაებრ იცვლება და არც იმას ცდილობს, რომ “სიფრთხილე” გამოიყენოს ფარისევლური თვითკმაყოფილების, უნდობლობის და განკერძოების შესანიღბად... “რეფორმისტული” სული ისე მოედო დღეს ქვეყანას, რომ ყოველი კაცი, “თანადროული სულისკვეთებით” ჩამოყალიბებული, ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას ფანატიზმისდაგვარ რადმე მიიჩნევს... ნუ გავრევთ ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ ზომიერებას ნელთბილობასთან, განურჩევლობასთან ან პოლიტიკურ უკიდურესობათა მიმართ რაიმე სახის კომპრომისთან”.

"ნელთბილობის სულს ვაჟკაცობა საერთოდ არა აქვს! ნეტავ კიდევ როგორ გვითმენს უფალი? უფლისადმი (დავამატებთ: მისი გმობის მიმართ-ა.უ.) გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისაკენ მივყევართ; მივყევართ რღვევამდეც" (პაისი ათონელი).

ეს რღვევა ანტირისტეს სტანდარტების გავრცელებასა და დამკვიდრებასაც გულისხმობს, რასაც დადუმებულ მართლმადიდებელთა უსულგულობა უწყობს ხელს.

2006 w. ivlisi