მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
ათენისა და სრულიად ელადის
მთავარეპისკოპოს, უნეტარეს ქრისტოდულოსის ვიზიტთან დაკავშირებით
სულიერო დანო და ძმანო!
2002 წლის
შემოდგომის შემოსვლა საქართველოში დიდი დღესასწაულით აღინიშნა: 20 საუკუნის
შემდეგ საქართველოს კვლავ ეწვია "მოციქულთა უპირატეს წოდებული" ანდრია,
ამჯერად წმინდა ნაწილების სახით, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანა ათენისა და
სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა ქრისტოდულოსმა. მოციქულ ანდრიას
კვლავ შემოსვლა საქართველოში უდიდესი სასწაულია, ღვთის წყალობაა ჩვენი
ეკლესიისა და მისი მრევლისათვის. საქართველოს ეკლესიას, რომელიც მრავალწლიანი
ბოლშევიკურ-კომუნისტური დევნა-შევიწროებიდან თავდაღწეული კვლავ შეუდგა სულიერი
აღმავლობის გზას, სწორედ ახლა სჭირდება ზეციურ ძალთა და წმინდანთა შემწეობა,
რათა მტერმოძალებულს არ აებნეს ჭეშმარიტების გზა და არ დაეკარგოს ამ გზის
ვიწრო და ძნელად სავალი ბილიკები. სწორედ ასე აღიქვა საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მრავალმა წარმომადგენელმა ანდრია
პირველწოდებულის კვლავ მობრძანება საქართველოში, ვითარ შეჰღაღადა მას: "მეუფესა
ყოველთასა ევედრე ანდრია, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩუენთა
დიდი წყალობა ".
ჩვენ
მადლიერები ვართ ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსის, უნეტარესი
ქრისტოდულოსის, რომელმაც აღასრულა ღვთის ნება, საქართველოს ეკლესიის თხოვნა და
საქართველოში ჩამოაბრძანა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის შემწისა და დიდი ქომაგის,
მოციქულ ანდრიას წმინდა ნაწილები.
საქართველოს
საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საზეიმო შეხვედრა, რომელზეც უნეტარესმა
ქრისტოდულოსმა წარმოთქვა სიტყვა. ამ გამოსვლაში, რომელიც გამოქვეყნდა
საპატრიარქოს უწყებანში ("საპატრიარქოს უწყებანი", N37) ჩვენი
ყურადღება მიიპყრო უნეტარეს ქრისტოდულოსის იმ სიტყვებმა, რომელიც შეეხება
მართლმადიდებელი ეკლესიის საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებში, მათ შორის
მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში, მონაწილეობის მიზანშეწონილობას:
"ჩვენი
ეკლესია, გარკვეულწილად, კონსერვატორულია, როგორც, ალბათ, ნებისმიერი
მართლმადიდებელი ეკლესია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან იზოლაციის გზით უნდა
იაროს. . . ამისათვის საბერძნეთის ეკლესია ყოველთვის ცდილობს, იყოს სხვადასხვა
საერთაშორისო, ევროპული გაერთიანების წევრი, ვინაიდან ამ გაერთიანებაში მონაწილეობა
მას საშუალებას აძლევს, ყოველნაირად დაამოწმოს ჭეშმერიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება.
. . უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობა სხვადასხვა რელიგიური მრწამსის
ქვეყნებთან, მის წარმომადგენლებთან, მუდმივი კონტაქტი სხვადასხვა რელიგიებთან
. . . ჩვენი ეპოქა – ეს არის სხვადასხვა ხალხების ურთიერთშეხვედრის დრო.
ამიტომ იზოლაცია არის საფრეთხე და ამით ბევრი რამ შეიძლება დავკარგოთ. . .
მინდოდა მეთხოვა ჩვენი დელეგაციის ერთ-ერთი წევრისათვის, კალიმატას ეკლესიის წარმომადგენელისათვის,
მოეთხრო თავისი საქმიანობის, იმ მნიშვნელოვანი ბრძოლების შესახებ, რომელიც
მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში მოღვაწეობის დროს უწევს."
ამგვარად,
სხვადასხვა საერთაშორისო, მათ შორის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში (ემს), ამ
ეკუმენურ ორგანიზაციებში, მონაწილეობის მიზანშეწონილობა იმით არის
დასაბუთებული, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მის შემადგენლობაში შემავალმა
ადგილობრივმა ეკლესიებმა, უნდა გამოიყენონ ეკუმენური საბჭოს ტრიბუნა
ჭეშმარიტების საქადაგებლად, სხვა რელიგიების წარმომადგენელთა დასამოძღვრად,
რათა მოაქციოს ისინი.
რა თქმა
უნდა, ასეთი რანგის სასულიერო პირის ყოველ სიტყვას, წარმოთქმულს ასეთი რანგის
შეხვედრაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა, წონა და მიზანმიმართულობა აქვს.
ამიტომ უნეტარეს ქრისტოდულოსის ეს სიტყვები ჩვენ აღვიქვით, როგორც მოწოდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, თავი ანებოს იზოლაციონიზმს და
დაუბრუნდეს მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს.
წმ. დავით
აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება მიიჩნევს, რომ
ყოვლად გაუმართლებელია ასეთი მიდგომა და ყოვლად დაუშვებელია საქართველოს
ეკლესიის კვლავ ემს-ში დაბრუნება, ეკლესიისა, რომელმაც დიდი მსხვერპლის ფასად,
ღვთის შეწვნითა და მისი კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია
II-ის თავდადების წყალობით დააღწია თავი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს. მაგრამ,
სამწუხაროდ, კვლავ წამოიმართნენ შინა და გარე ძალები, რომლებიც ახორციელებენ
მიზანმიმართულ ზეწოლას ეკლესიასა და მის პატრიარქზე, რათა დაუბრუნონ
საქართველოს ეკლესია ეკუმენურ საბჭოს.
რამდენად
გამართლებულია თვალსაზრისი, რომ საქართველოს ადგილობრივმა ეკლესიამ ემს-ს
ტრიბუნა უნდა გამოიყენოს ჭეშმარიტების საქადაგებლად, რათა მოიმოწაფეოს
ავადმადიდებლები, მაშინ, როდესაც ამ ეკუმენურ საბჭოში მრავლად დარჩნენ
მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, რომლებმაც არათუ ვერ მოიმოწაფეეს
გზას აცდენილები, არამედ, პირიქით, მწვალებლებთან, სატანისტებთან და
შამანებთან ერთად აღასრულებენ ე.წ. მსახურებებს, სინამდვილეში კი – სატანისტურ
რიტუალებს. ამის მრავალი მაგალითი და შემაძრწუნებელი ფაქტი არსებობს. ასეთი
ხასიათი მიიღო და ასეთი ფორმით დამკვიდრდა ეკუმენურ საბჭოში სხვადასხვა
რელიგიური ჯგუფების ძმობა-ერთობა და მისხალისოდენა ნაბიჯიც არ გადაუდგამთ
მწვალებლებსა და სატანისტებს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ.
ჩვენ არ
ვფიქრობთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა არ უნდა უქადაგონ
გზასაცდენილებს ჭეშმარიტება, მაგრამ, მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს ტრიბუნა
ამისთვის ყოვლად გამოუსადეგარია, ვინაიდან მსოფლიო მონსტრებს პროზელიტიზმი
ისეთ იარაღად აქვთ მომარჯვებული, რომ მართლმადიდებელთ მოსპობილი აქვთ
ყოველგვარი საშუალება, "მოიმოწაფეონ წარმართნი", ხოლო მწვალებლებს
გზა აქვთ ხნილი არათუ იქადაგონ, არამედ განახორციელონ კიდეც ექსპანსია თვით
მართლმადიდებელი ქვეყნების შიგნით. ამ ექსპანსიის სამწუხარო მაგალითები თვით
ჩვენს ქვეყანაში არსებობს. სწორედ ამის დსტურია ცრუეკლესიის წარმომადგენლებთან
ერთად ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლის მიერ ეკლესიის სახელით ხელმოწერილი
დოკუმენტი პროზელიტიზმის შესახებ, მწვალებელთა მიერ შექმნილი ეპარქიები
საქართველოში და სხვა მრავალი.
ამ
მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობს პაპისტური ცრუ ეკლესია. ნუთუ
დაგვავიწყდა, რომ იგი ანათემას არის გადაცემული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ
და ეს ანათემა დღესაც ძალაშია. ამ ფაქტის იგნორირება პოლიტიკური, ეკონომიკური,
მერკანტილური თუ კონიუნქტურული მოსაზრებებისა და პოზიციების გამო ფრიად
საშიშია მართლმადიდებელი ეკლესიისა და მართლმადიდებელი მრევლისათვის.
ისტორიულად საქართველოს ყოველ ასეთ მიდრეკილებას და მოძრაობას სავალალო
შედეგები მოჰქონდა როგორც სულიერი დეგრადაციის თვალსაზრისით, ასევე
სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით.
ამგვარად,
ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში საქართველოს
ეკლესიის დაბრუნება ყოვლად დაუშვებელია, ხოლო ამის განხორციელების მსურველთა
და მოწადინეთა საყურადღებოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ამ ბოროტი ჩანაფიქრის
აღსრულება უდიდესი ღალატი იქნება ქრისტესი, მისი ეკლესიისა, მართლმადიდებელი
მრევლისა და ქვეყნისა.
წმ. დავით
აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება წინ აღუდგება
ეკუმენიზმის ქადაგების, ეკუმენური ურთიერთობების განვითარებისა თუ ეკუმენურ
ორგანიზაციებში შესვლის ნებისმიერ მცდელობას. იგი მოუწოდებს ყველას, ვინც
ირწმუნა ღვთივბოძებული ჭეშმარიტება, რომ მართლმადიდებლობა წარმოადგენს
ერთადერთ გზას სულის ცხონებისაკენ, გავერთიანდეთ ეკუმენიზმის, ამ მეტად საშიში
მოვლენის, ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლაში.
|