მთავარი
ჩვენს შესახებ

სიახლეები
მოვლენებ
წერილები
ბროშურები

მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი

მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები

 

ნუ იქმნებით მონა კაცთა" (1 კორ. 7,23)

2001 წელს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მერთლმადიდებელ ეკლესიასა და რამდენიმე კონფესიას შორის ხელმოწერილ იქნა ერთი ფრიად საეჭვო დოკუმენტი, რომლის მიხედვით თითოეული ხელმომწერი მხარე "მოვალეობას იღებს თავიანთ მრევლზე პასტორალური ზრუნვა წარმართოს პროზელიტიზმის ყოველგვარი ფორმის გარეშე". მან, გასაგები მიზეზების გამო, შეშფოთება გამოიწვია ეკლესიის მრევლში, რომელმაც წერილით მიმართა მამა ზენონ იარაჯულს – საპატრიარქოს მხრიდან ხელშეკრულების ხელმომწერს, და რამდენიმე საკითხის განმარტება ითხოვა.

"საპატრიარქოს უწყებანში" გამოქვეყნებულ საპასუხო წერილს მამა ზენონის ნაცვლად ხელს საპატრიარქოს პრესცენტრი აწერს. მის ავტორად ჩვენ უპირველესად პრესცენტრის უფროსს – მამა დავით შარაშენიძეს მოვიაზრებთ და წინამდებარე წერილის ერთ-ერთ ადრესატად სწორედ მას მივიჩნევთ.

აქ ჩვენ არ შევეხებით პროზელიტიზმის თემას, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდებით მომავალში, დღეს კი გვსურს შევეხმიანოთ, ჩვენის აზრით, ჩვენი ეკლესიისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს – ურთიერთმიმართებას ეკლესიის მრევლსა და იერარქიას შორის.

სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი შეხედვით არგუმენტირებულ საპასუხო წერილს წინ უძღვის წმ. მამებისეული სულისკვეთებისაგან ძალიან შორს მდგარი შესავალი ნაწილი, რომელშიც ვკითხულობთ: "არც ერთი მოძღვარი და ეპისკოპოსი არ არის ვალდებული უპასუხოს ამა თუ იმ შეკითხვას, თუ მას თან არ ახლავს რომელიმე მოძღვრის კურთხევა და მისი პირადი მონაწილეობა... ეკლესიაში ერის ადამიანი არ შეიძლება მოძღვრის გარეშე არკვევდეს სარწმუნოებრივ საკითხებს, ეს სასულიერო პირების პრეროგატივაა, რადგანაც ღმერთისგან მათ აქვთ მიცემული ძალაუფლება სწავლებისა და საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისა, ხოლო ერის ადამიანი, რომელიც ამ ფუნქციაში იჭრება, ეკლესიის გარეშე თვითონ აყენებს თავის თავს და, ამდენად, ეკლესია მოვალე არ არის პასუხი გასცეს მას (იხილეთ ტრულის კრება, 64-ე მუხლი)". მკითხველს ვთხოვთ ყურადღება მიაქციოს, თუ როგორ შეპარულად აიგივებს წერილის ავტორი სარწმუნოებრივი საკითხების გარკვევას სწავლებასა და საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებასთან და იქვე, საკუთარი მსჯელობისათვის დამაჯერებლობის მისაცემად, "იმოწმებს" შეუვალ ავტორიტეტს – რჯულის კანონს.

ისეთ ოფიციალურ ორგანოს, როგორიც საპატრიარქოს პრესცენტრია, ალბათ მეტი დაკვირვება მართებდა რჯულის კანონის მოცემული მუხლის დამოწმებისას, რისთვისაც საკმარისი იყო წერილის ავტორს უბრალოდ ბოლომდე ჩაეკითხა მოცემული კანონი განმარტებითურთ, რადგან მოყვანილი კანონი სწორედ რომ საპირისპიროზე მეტყველებს. მოვუსმინოთ რჯულის კანონის განმმარტებელს – დალმატია-ისტრიის ეპისკოპოსს ნიკოდიმოსს: "...ამ შემთხვევის გარდა (საუბარია საჯარო, საეკლესიო ქადაგებებზე-ავტ.) ერის კაცებს არ ეკლრძალებათ და, როგორც ზონარა აღნიშნული კანონის განმარტებისას ამბობს, "არც შეიძლება აეკრძალოთ" სარწმუნოებრივი საკითხების სწავლება... ეკლესია ყოველთვის მადლიერებით იღებდა, საეკლესიო იერარქია კი არასოდეს თვლიდა საკუთარი უფლებების ხელყოფად, როდესაც ცალკეული განსწავლული და ღვთისმოსავი ერისკაცები მონაწილეობას იღებდნენ საეკლესიო მეცნიერების სხვადასხვა დარგის დამუშავებაში". (აღნიშნული კანონი სრულად, განმარტებითურთ, იხილეთ ქვემოთ).

როგორც ვხედავთ, რჯულის კანონი სწორედ რომ საპირისპიროს გვასწავლის, ვიდრე ამას პრესცენტრი ქადაგებს. საინტერესოა, რას დაეყრდნო წერილის ავტორი საკუთარი სწავლების ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ქადაგებისას? პაპისტურ ეკლესიოლოგიას ხომ არ დაესესხა, რომელიც საკუთარ საკრებულოს "მასწავლებელ" და "მოსწავლე" ნაწილებად ყოფს და არათუ სარწმუნოებრივი საკითხების გამოძიებას, არამედ დამოუკიდებლად წმ. წერილის კითხვასაც კი უკრძალავს საკუთარ მრევლს, - აქაოდა, პაპისგან განსხვავებული აზრი არავის დაებადოსო.

რჯულის კანონის არამართებულ ციტირებას რომ თავი დავანებოთ, პრესცენტრის მოყვანილი მსჯელობა წარმოშობილ საკითხთან მიმართებაში სრულიად უადგილოა. პრესცენტრი ამბობს: "ეკლესიაში ერის ადამიანი არ შეიძლება მოძღვრის გარეშე არკვევდეს სარწმუნოებრივ საკითხებს, ეს სასულიერო პირების პრეროგატივაა, რადგანაც ღმერთისგან მათ აქვთ მიცემული ძალაუფლება სწავლებისა და საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებისა". სად სარწმუნოებრივი საკითხების გარკვევა და სად სწავლებისა და საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულების ძალაუფლება. ვინ ეცილება სამღვდელოებას საჯარო საეკლესიო ქადაგებებსა და საიდუმლოებათა არსრულებში? აქ ელემენტერულ აბრუნდისთან - თაღლითურ ხრიკთან გვაქვს საქმე, ერთი დებულება მეორეთი შეიცვალოს.

ჩვენთვის ცნობილია მამა დავით შარაშენიძის პირადი პოზიცია ეკლესიის მრევლთან მიმართებაში (სამწუხაროდ, ამ საკითხში მისი თანამოაზრეა ეპისკოპოსთა და სამღვდელოების დიდი ნაწილი): მრევლი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს სამღვდელოებასა და ეპისკოპოსს, თუ ისინი დოგმატურად მცდარ სწავლებას, ანუ ერესს არ ქადაგებენ. საკითხისადმი ასეთი მიდგომით არათუ მეორე პლანზეა გადატანილი, არამედ საერთოდ უგულებელყოფილია ისეთი უდიდესი მხარე ეკლესიის ცხოვრებისა, როგორიცაა კანონიკა. ანუ, ხატწერის, საეკლესიო არქიტექტურის, გალობის, საეკლესიო კალენდრის და უამრავ სხვა საკითხში დღევანდელი საეკლესიო იერარქია ცდილობს აბსოლუტური განმგებლობის უფლება მიისაკუთროს. ანუ, მათეული სწავლებით, ხვალ ეპისკოპოსთა კრებამ რომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ეკლესიის ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლის, ან ეკუმენურ მსოფლიო ეკლესიათა საბჭოში დაბრუნების შესახებ, ეკლესიის მრევლი ვალდებულია უსიტყვოდ დაემორჩილოს მას, ვინაიდან ეს საკითხები დოგმატურ სფეროს არ მიეკუთვნებიან. ასეთი სწავლება სრულიად მიუღებელია მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და მართლმადიდებელი მრევლისათვის, - "ეკლესიის სხეულისათვის", როგორც მას აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქები უწოდებენ 1848 წ. 6 მაისის ეპისტოლეში.

საკუთარი სიტყვა რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს, მოვუსმინოთ ეკლესიის ხმას – წმ. მამათა სწავლებას. ვნახოთ, თუ როგორ უცხოა და მიუღებელი მისთვის მოძღვრისადმი მრევლის უსიტყვო, ბრმა მორჩილების იდეა, რომელსაც ასე გულმოდგინედ უკიჟინებენ ეკლესიის მრევლს ჩვენი თანამედროვე მოძღვარნი.

"ჭეშმარიტი კანონების დაცვა საკუთარი მოვალეობისადმი ყურადღებიანი ყოველი ადამიანის ვალია; განსაკუთრებით კი მათი, რომლებიც განგებულებით მოწოდებულნი არიან სხვათა ხელმძღვანელობისათვის," – ამბობს წმ. ფოტი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი (Догматические Послания Православных иерархов 17-19 веков о Православной вере. ТСЛ, 1995. С.249.).

გადავშალოთ ღვთისმსახურის სამაგიდო წიგნი (ტ. 4 – მოსკოვის საპატრიარქო, 1983. გვ. 331): "არა აქვს რა მიცემული ხელმძღვანელობის ნიჭი, "ღვთის ერს" 1 აქვს ნიჭი განსჯისა და გამოძიებისა, რაც გულისხმობს მსახურების განსაკუთრებულ სახეს, რომელიც ეკუთვნით არა ცალკეულ წევრებს ეკლესიისა, არამედ ღვთის მთელ ერს, ანუ ეკლესიის ყველა წევრს მათ ერთობლივ ქმედებაში". "ხოლო წინასწარმეტყველნი ორნი გინა სამნი იტყოდედ, და სხუანი იგი სცნობედ" (1 კორ. 14,29). ("წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, ხოლო დანარჩენმა კი განსაჯონ". – იმავე მუხლის ახალი ქართული თარგმანი). "ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი შეიკრძალეთ" (1 თეს. 5,21). ერს, როგორც ვხედავთ, ევალება განსჯა და გამოძიება იმისა, რაც ხდება ეკლესიაში. აქვს რა განსჯისა და გამოძიების ქარიზმა, ერი (ანუ ეკლესიის მრევლი – ავტ.) ამოწმებს, რომ ყოველივე, რაც ხდება ეკლესიაში მწყემსების წინამძღოლობით, ხდება ღვთის ნების თანახმად, სული წმიდის გამოცხადებით. ძველ ეკლესიაში ყველა საეკლესიო აქტი, იქნებოდა ეს საიდუმლოთა აღსრულება, ეკლესიაში კათაკმეველთა, მონანულთა მიღება, ერეტიკოსთა განკვეთა და ა.შ., სრულდებოდა ერის მონაწილეობით... საეკლესიო ხელისუფლება ეპისკოპოსთა სახით არ იყო შეზღუდული ერისკაცთა ნებით, ისევე როგორც ერი არ იყო შეზღუდული მის წინამძღოლთა ნებით".

"შევთხოვ საღმრთო ერს, წმიდა ერს, რომ მტკიცედ დაიცვან საეკლესიო გადმოცემები, რამეთუ განგდება უმნიშვნელო გადმოცემებისა, როგორც ქვებისა შენობიდან, მალე დასცემს მთელ შენობას. ვიყოთ ურყევნი, მოუდრეკელნი, აუღელვებელნი, დამყარებულნი მტკიცე კლდეზე – ქრისტეზე" – გვმოძღვრავს წმ. იოანე დამასკელი.

აქვე გვსურს ორიოდე სიტყვით შევეხოთ "საპატრიარქოს უწყებანში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს ბაღდათისა და ვანის ეპისკოპოს ანტონისთან, რომელშიც მეუფე მრევლის "ხარისხის მატების" მეტად ორიგინალურ, ეკლესიაში მანამდე არგაგონილ მეთოდს სთავაზობს სხვა ეპარქიების ეპისკოპოსებს და უზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ უნდა მოიყვანოს ეპისკოპოსმა საკუთარი სულიერი შვილები იძულებით მორჩილებაში. ვრცელი გამოხმაურება ამ ინტერვიუზე ცალკე ბროშურად გამოიცა და ამაზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. მეუფე ანტონს და მისი მოღვაწეობის მეთოდების განვრცობის მსურველთ კი უკომენტაროდ მოვუყვანთ ნაწყვეტს მოწამე ეპისკოპოსის, წმ. კიპრიანე კართაგენელის წერილიდან: "ეპისკოპოსად ჩემი ხელდასხმის დღიდან ურყევ კანონად დავიდე არაფერი მომემოქმედებინა მხოლოდ ჩემი შეხედულების მიხედვით, თქვენი (სამღვდელოების) რჩევის და ერის თანხმობის გარეშე" (იხ. ღვთისმსახურის სამაგიდო წიგნი. ტ.4. მოსკოვის საპატრიარქო, 1983. გვ. 331).

წინამდებარე წერილს, რომელშიც შევეცადეთ ჩვენი ძალების სადარი პასუხი გაგვეცა საეკლესიო იერარქიისა და მრევლის ურთიერთობის საკითხის არასწორი გაგების დამამკვიდრებელთათვის, დავასრულებთ ამონარიდით XIX საუკუნის ოქროპირად წოდებული წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილიდან: "ჭეშმარიტი მორჩილება ღვთის მორჩილებაა, ერთადერთი ღვთისა. ის, ვინც უძლურია თვითონ, საკუთარი ძალებით გასწიოს ეს მორჩილება, დახმარებისათვის მიმართავს ადამიანს, რომლისთვისაც ღვთის მორჩილება მეტად არის ნაცნობი... თუ წინამძღვარი ეძებს საკუთარი თავისადმი და არა ღვთისადმი მორჩილებას, - ის არ არის ღირსი იწოდებოდეს მოყვასის წინამძღვრად! იგი არ არის ღვთის მსახური! იგი ეშმაკის მსახურია. მისი იარაღი ბადეა მისი! "ნუ იქმნებით მონა კაცთა" (1 კორ. 7,23)".

ავთანდილ დარდაგანიძე --------------------------

1 ღვთის ერი – მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი (იხ. მოციქულთა 39-ე კანონი)

ტრულის კრების ¹ 64 კანონი:

ერისკაცს არ შეეფერება ერის წინაშე სიტყვის თქმა (ქადაგება) ან სწავლება-დამოძღვრა და ამგვარად მოძღვრის პატივის დასაკუთრება. იგი ღვთის მიერ მისთვის დადგენილ წესს უნდა მორჩილებდეს და ყური მზად უნდა ჰქონდეს იმათი სიტყვის სასმენად, ვისაც მოძღვრის მადლი აქვს მიღებული, და მათგან უნდა ისწავლოს საღვთო მოძღვრება, რადგან ერთ საერთო ეკლესიაში ღმერთმა სხვადასხვა ნაწილი შექმნა მოციქულის სიტყვისამებრ (1კორ.12,12; 12,27), რომელსაც განმარტავს გრიგოლ ღვთოსმეტყველი, ნათლად გვიხსნის მათ წესს და ამბობს ასე: ,,განწესებულს მივსდიოთ, ძმებო, ეს წესიერება დავიცვათ: რომელიმე ჩვენთაგანი ვიყოთ ყური, რომელიმე _ ენა, სხვა _ ხელი და სხვა კიდევ სხეულის სხვა ნაწილი. ერთნი უნდა ასწავლიდნენ და სხვანი სწავლობდნენ". და შემდეგ კიდევ ამბობს: ,,ზოგი სწავლობს კეთილი რწმენით, ზოგი მხიარულად გასცემს, ზოგი კი გულმოდგინედ ემსახურება. ნუ ვართ სუყველა ენაგანმზადებულნი, ნუ ვართ ყველა მოციქული, წინასწარმეტყველი და ყველა ნუ ვიძლევით განმარტებებს". და შემდეგ: ,,რატომ ჰყოფ შენ თავს მწყემსად, როდესაც ცხვარი ხარ. რატომ ხდები თავად, როცა ფეხად ხარ გაჩენილი, რატომ იწყებ მხედართმთავრობას, როცა რიგითი მხედარი ხარ?" და სხვა ადგილას ამბობს: ,,სიბრძნე გიბრძანებს შენ, ნუ ხარ სიტყვაში თავდაუჭერელი" (ეკლესიასტე 5,1) ,,ნუ გაეჯიბრები უსახსრო მდიდარს" (იგავ. 23,4) ‘ნუ ეძებ ბრძენზე უფრო ბრძნობას".

თუ ვინმემ შეურცხყოფით შეცვალოს ეს კანონი, ორმოცი დღე უზიარებელ იყოს.

განმარტება:

,,მოძღვრის პატივი", რომლის შესახებაც საუბარია ამ კანონში, არის უფლება საღმრთო ერის დამოძღვრისა და საღმრთო დოგმატების განმარტებისა, უფლება, რომელიც სულიწმინდის მადლით მინიჭებული აქვთ მხოლოდ მღვდელმთავრებს და მათ, ვისაც მათგან აქვთ დავალებული ეს საქმე. შესაბამისად, აქ, მკაცრი გაგებით, საუბარია დოგმატური შინაარსის საჯარო ქადაგებაზე (ხაზგასმა-რედ.). ასეთი ქადაგებების წარმოთქმის, სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებსა და ზნეობაში ერის დამოძღვრის უფლება ეკლესიის დამაარსებელმა გადასცა მოციქულებს (მთ. 28, 19), მათ კი თავის მხრივ _ თავის მოწაფეებს (რომ.10,15; 1 ტიმ. 3,2). მაშასადამე, ღვთაებრივი სიმართლით, ეპისკოპოსებისა და მათ მიერ უფლებამოსილი სამღვდელოების გარდა, სხვას არავის აქვს უფლება წარმოთქვას დოგმატური შინაარსის საჯარო ქადაგებები. უნდა მივიჩნიოთ, რომ აღნიშნული კრების პერიოდში ზოგიერთი ერისკაცი ისაკუთრებდა ,,მოძღვრის პატივს" და სახალხო შეკრებებზე საჯაროდ წარმოთქვამდა დოგმატური შინაარსის ქადაგებებს. ამან მიიქცია ტრული კრების მამათა ყურადღება და მათ წმ. წერილზე, კერძოდ კი კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველისეულ განმარტებაზე დაყრდნობით, აუკრძალეს ერისკაცებს დოგმატურ ჭეშმარიტებებზე საჯარო ქადაგებები, რამეთუ ამით ირღვეოდა ,,თვით უფლის მიერ ჩვენთვის გადმოცემული განჩინება". დაუმორჩილებელთ კანონი ზიარებისაგან განაყენებს 40 დღით.

აღნიშნულ კანონში სიტყვები ,,ერის წინაშე" მიანიშნებს, რომ აკრძალვა, რომლის შესახებაც საუბარია, ეხება საჯარო ქადაგებას, კერძოდ კი საეკლესიო ქადაგებებს სარწმუნოებრივ საკითხებზე. მაშასადამე, ამ შემთხვევის გარდა ერისკაცებს არ ეკრძალებათ და, როგორც ზონარა აღნიშნული კანონის განმარტებისას ამბობს, ,,არც შეიძლება აეკრძალოთ" სარწმუნოებრივი საკითხების სწავლება და მათ ირგვლივ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა; და რომ ეკლესია არა თუ არ კრძალავდა, არამედ პირიქით, გარკვეულწილად განაწესებდა კიდეც ამას, ეს ჩანს კურთხევაში მოცემულ ახალდაქორწინებულთა, აგრეთვე ნათლობისას მიმრქმელთა მიმართ დარიგებებში, რომელთა თანახმად ისინი უნდა იყვნენ სარწმუნოებისა და ზნეობრიობის მასწავლებელნი ცნობილ ფარგლებში. ეკლესია ყოველთვის მადლიერებით იღებდა, საეკლესიო იერარქია კი არასოდეს თვლიდა საკუთარი უფლებების ხელყოფად, როდესაც ცალკეული განსწავლული და ღვთისმოსავი ერისკაცები მონაწილეობას იღებდნენ საეკლესიო მეცნიერების სხვადასხვა დარგის დამუშავებაში; როდესაც ისინი, როგორც მასწავლებლები სკოლებში, როგორც ოჯახის უფროსები, როგორც სხვადასხვა საზოგადოებათა წარმომადგენლები მიისწრაფოდნენ იმისაკენ, რომ მათს ხელმძღვანელობას დაქვემდებარებულ პირებს შეეთვისებინათ ქრისტიანული სწავლება და ეცხოვრათ ამ სწავლების მიხედვით.

ტრულის კრების ამ კანონს არ ეწინააღმდეგება დღემდე შემორჩენილი ის ძველი ტრადიციაც, რომლის მიხედვით, ღვთისმოსავ და ეკლესიის ერთგულ ერისკაცებს ნება ეძლევათ წარმოთქვან სიტყვა წესის აგებისას ტაძარში, ან მიცვალებულის დასაფლავებისას სასაფლაოზე, რამეთუ აღნიშნული კანონი მიმართულია ერისკაცთა მხრიდან ,,მოძღვრის პატივის" და, საერთოდ, საეკლესიო მასწავლებლობის თვითნებითი მისაკუთრების წინააღმდეგ და, მაშასადამე, იმ აზრის წინააღმდეგ, რომ თითქოს ერისკაცები, როგორც უფლებით სამღვდელოების თანასწორები, უფლებამოსილნი არიან საჯაროდ იქადაგონ ეკლესიაში. ამასთან, ერთადერთი სრულუფლებიანი მასწავლებელი ეკლესიაში ეპისკოპოსია, რომელიც, მღვდელმთავრის ხელისუფლებით შემოსილი, უფლებას აძლევს მისდამი დაქვემდებარებულ პირთ, იქადაგონ ეკლესიაში. იგი უფლებამოსილია ნებისმიერ პიროვნებას დართოს ან აუკრძალოს ქადაგება საღვთისსამსახურო რიტუალების აღსრულებისას, ტაძარში იქნება ეს თუ ტაძრის გარეთ; წინასწარ დაუქვემდებაროს ცენზურას კრებულის წინაშე საქადაგებლად წარმოსაქმნელი ყოველი სიტყვა. მისი ამ უფლებიდან გამომდინარე ეპისკოპოსი უფლებამოსილია (თუკი, რა თქმა უნდა, ამით არ შეილახება მხოლოდ იერარქიის კუთვნილი ,,მოძღვრის პატივი") ნება დართოს ღვთისმოსავ ერისკაცს, წარმოთქვას სიტყვა წესის აგების დროს ან დასაფლავებისას, თუკი წინასწარი გაცნობისას დარწმუნდება, რომ ამ სიტყვაში არაფერია ისეთი, რაც შეურაცხყოფს ეკლესიის სიწმინდეს ან მის რომელიმე წეს-ჩვეულებას. ეპისკოპოსის ასეთი ნებართვის გარეშე, რომელიც ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის საგანგებოდ უნდა გაიცეს, ერისკაცთაგან არავის აქვს ქადაგების უფლება, ეკლესიაში იქნება ეს თუ, საერთოდ, რომელიმე ნაკურთხ ადგილზე (მაგ. სასაფლაოზე).