მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
სასურველი თუ რეალური?
საქართველოში
გამომავალ რუსულენოვან გაზეთ “АКЦЕНТ” -ის მიმდინარე წლის №20 (69) – ში
დაიბეჭდა გია დუგლაძის წერილი “საქართველოში კათოლიკები და მართლმადიდებლები
მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ”. სამწუხაროდ ბოლო წლებში
საქართველოში მომრავლდნენ “ოცდაათ ვერცხლად” ნაყიდი ორგანიზაციები და იუდას
მემკვიდრე თანამემამულენი, რომლებიც აშკარად თუ დაფარულად ებრძვიან მართლმადიდებლობას
და განამტკიცებენ ჩვენს ქვეყანაში: ვინ მწვალებლობას, ვინ სექტანტობას, ხოლო
ვინ აშკარა სატანიზმს.
წერილში მოთხრობილია
იმის შესახებ, თუ როგორ შენდება ლაგოდეხის რაიონის ერთ პატარა სოფელ
ხიზაბავრაში “კათოლიკური ეკლესია”, - რა სახსრებითა და რა ძალებით, ვისი ქმედებითა
და ვისი უმოქმედობით ხელშეწყობილი, როგორი დამოკიდებულებაა მოსახლეობის,
ადგილობრივი მართლმადიდებელი სამღვდელოების მხრიდან ამ მშენებლობისადმი.
წერილში, ამ სოფლის მაგალითზე, დახატულია თითქმის იდილიური სურათი
საქართველოში მართლმადიდებელთა და “კათოლიკეთა” თანაცხოვრებისა, ხელისუფლების
მხრიდან მათი ხელშეწყობისა და საპატრიარქოს მხრიდან შემწყნარებლობისა.
ჩვენ არ ვიზიარებთ
ბოლომდე თვალსაზრისს, რომ საქართველოში მართლაც ასეთი შეხმატკბილებული და
ჰარმონიული დამოკიდებულება სუფევდეს მართლმადიდებლებსა და მწვალებლებს შორის,
რასაც სინამდვილეში წარმოადგენს კათოლიციზნად წოდებული პაპიზმი. საქართველოს
მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს ჯერ არ დავიწყნიათ ის, რომ პაპიზმი,
როგორც მწვალებლობა და სულის წარსაწყმედელი მოძღვრება, ანათემასაა გადაცემული
მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. მაგრამ ვითარება მართლაც საგანგაშოა და ჩვენი
გამოხმაურება ზემოთ დასახელებულ წერილზე მოტივირებულია სწორედ იმ საშიში და
მაცდური ტენდეციით, რაც დაკავშირებულია პრობლემის ბოლომდე
გაუცნობიერებლობასთან საქართველოს მოსახლეობის მიერ. ამისათვის საჭიროა მოკლედ
გავაკეთოთ რამოდენიმე განმარტება.
1. მას მერე,
რაც ღმერთი ქალწულ მარიამისაგან განკაცდა, მან ქვეყნად მოიტანა ღვთის სიტყვა,
ჭეშმარიტი სწალება და დააფუძნა ამ ქვეყნად ეკლესია, რომლის თავს თავად ქრისტე
წარმოადგენს, რომელიც იმართება სულიწმიდის მიერ და რომელიც იქნება მებრძოლი,
ვიდრე მეორედ მოსვლამდე. ღმრთის ეკლესია, მისი დაფუძნებიდან ვიდრე მე-11
საუკუნემდე, 10 საუკუნის განმავლობაში, იყო ერთიანი და განუყოფელი, ანუ კათოლიკე
ეკლესია. დრო და დრო მის წიაღში ეშმაკისაგან ცდუნებული ადამიანები, უმეტესწილად
მაღალი წოდების სასულიერო პირები, ცდილობდნენ ღმრთის სწავლების ნაცვლად
შემოეტანათ ადამიანური სწავლება, რის შედეგადაც ჭეშმარიტება და ღვთის დოგმატები
იცვლებოდა სიცრუით და მწვალებლობით. მაგრამ ღვთის შეწევნით, ეკლესიის წმიდა
მამათა ღვაწლითა და ეკლესიის მრევლის თავდადებით, ეკლესია სძლევდა ხოლმე
მწვალებლობას და ინარჩუნებდა ერთიანობას. ყველაზე მზაკვრული ამ მაწვალებლობათა
შორის აღმოჩნდა პაპიზმი, რომელმაც შეცვალა ღვთის დოგმატი სულიწმიდის მამისაგან
გამომავლობის შესახებ, შეცვალა და დაამახინჯა წმინდა წერილი, დააფუძნა
ცრუეკლესია, რომლის მეთაურადაც, ქრისტეს მაგივრად, დაასახელა პაპი, მიიღო
პაპის შეუმცდარობისა და უცოდველობის დოგმატი, მიაწერა მას ღმრთის მრავალი
თვისება და ამ ცრუ სწავლებით წაიყოლია მრევლის უდიდესი ნაწილი და ქვეყნები
სულის წარსაწყმედელში. ასეთი ქმედებით ამ ცრუ ეკლესიამ დაარღვია ეკლესიის
ერთიანობა და დესტრუქციული მუხტის მატარებალმა, როგორც ავთვისებიანმა სიმსივნემ
მეტასტაზებით, შვა მრავალი მწვალებლობა და სექტანტობა. მზაკვრული იყო ამ
მწვალებლობის მიერ კათოლიკობის სახელის მითვისება, ვინაიდან ჭეშმარიტ კათოლიკე
(ერთიან) ეკლესიას მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს, რომელიც დარჩა და
ყოველთვის დარჩება ღვთის ეკლესიაში, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და ამიტომ ერთიანი
(კათოლიკე) და განუყოფელია, თვინიერ პაპიზმისა, რომელიც განვარდა ღვთის
ეკლესიიდან და შეცვალა იგი პაპის ეკლესიით, ამიტომ უპრიანია, თვითმარქვია ეკლესისას
პაპისტური ვუწოდოთ, ხოლო მის ცრუ მოძღვრებას – პაპიზმი.
2. პაპიზმი,
როგორც სატანის საუფლო, იმთავითვე უპირველეს და დაუძინებელ მტრად ექცა მართლმადიდებლობას.
ისტორიულად საქართველოსთვის დიდი იყო საცდური პაპიზმისკენ მიდრეკისა, რომელიც
განასახიერებდა პოლიტიკურ სიძლიერესა და კეთილდღეობას, დღევანდელი
გადასახედიდან კი ასევე -ცივილიზაციას, ჰუმანიზმსა და დემოკრატიას. ვინც
მიზეზ-შედეგობრიობის თვალსაზრისით დაკვირვებით გაანალიზებს პაპიზმის წარმოშობის
შემდგომი პერიოდის საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს, ის
აუცილებლად აღმოაჩენს ერთ კანონზომიერებას: ქვეყნის ხელისუფალთა თუ ეკლესიის
მღვდელმთავართა მიდრეკას პაპიზმისაკენ უმალ მოჰყვებოდა ხოლმე ურდოთა, უმეტესწილად,
მაჰმადიანთა მიერ ქვეყნის დარბევა და დანაწევრება. იცოდა რა ქართველთა მეტი
სიმტკიცე გამუსულმანების წინააღმდეგ და ცოდვილი სისუსტე პაპიზმისაკენ
მიდრეკილებისა, ღვთის ნებითა და დაშვებით საქართველო მოექცა მუსულმან სახელწიფოთა
და ტომთა აგრესიულ გარემოცვაში, რაც იქცა გარკვეულ ფარად და ბარიერად პაპიზმის
გავრცელებისა საქართველოში. ამგვარად ღვთის სასჯელში გამოვლინდა მისი წყალობა,
- საქართველომ განვლო მოწამებრივი გზა მუსულმანობასთან ბრძოლაში იმის
სანაცვლოდ, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, ქრისტიანობის სახელით ცდუნებულს,
მიეღო პაპიზმის ერესი. მე-17 საუკუნიდან კათოლიკე მისიონერთა მოღვაწეობისა და
გავლენის გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოში, მთავართა და უმაღლესი
სამღვდელოების წარმომადგენელთა მიდრეკა პაპიზმისაკენ და ლოიალიზმი აღკვეთილ
იქნა იმ სასჯელით, რასაც რუსეთის ანექსია ქვია, ხოლო მოგვიანებით, როცა თვით
რუსეთში პაპიზმის სინდრომმა საშიშ ზღვარს მიაღწია, იგი აღკვეთილ იქნა
ბოლშევიკური აგრესიითა და დიქტატურით. ამგვარად, ღმრთის დაშვებით, უმჯობესი
იყო მუსულმანობისა თუ ბოლშევიკური უღმერთობის წიაღში ყოფნა ამ წიაღიდან
თავდაღწევის გაუნელებელი სურვილის მატარებელ ქართველთათვის, ვიდრე ერთმოსახელე
ქრისტიანებთან, სინამდვილეში კი პაპიზმის მწვალებლობასთან შერწყმა. ასეთია
საქართველოს ისტორიის ლოგიკა და რეალობა.
3. პაპიზმის
თემა უკავშირდება ეკუმენიზმის თემას, რომელიც იყო და კვლავ რჩება პრობლემატურად
საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ წარმოჩინდა ათენისა და სრულიად ელადის
მთავარეპისკოპოსის, უნეტარესი ქრისტოდულოსის ვიზიტისას საქართველოში, რის
შესახებაც ჩვენ ვწერდით ჩვენი ბიულეტენის წინა ნომერში. პაპიზმის, ისევე
როგორც ეკუმენიზმის საფრთხე მომდინარეობს იმ ცრუ სწავლების დანერგვითა და
ქადაგებით, რომ თითქოს სულის ცხონება შესაძლებელია ქრისტესა და ქრისტეს
ეკლესიის გარეთ. სამწუხაროდ ამ აზრს ატარებენ და ხმამაღლა გამოთქვავენ საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის რიგი სასულიერო პირები.
პაპიზმისა და
ეკუმენიზმის თემა ქართველთათვის დიდი და უაღრესად რთული თემაა, რასაც მომავალშიც
არაერთხელ დავუბრუნდებით. ამჯერად შემოვიფარგლებით ზემოთქმულით და დავუბრუნდებით
გაზეთ “АКЦЕНТ” -ში გამოქვეყნებულ წერილს და ამ წერილში მოყვანილი
ცნობებისა თუ მოსაზრებების განხილვის გზით წარმოვაჩენთ იმ უბედურებას, რაც
შესაძლოა საბედისწეროდ იქცეს საქათველოსთვის.
განხილვის მეთოდი
ასეთი იქნება: ჯერ მოვიყვანთ ციტატას წერილიდან, რასაც ბრჭყალებში მოვაქცევთ,
და იქვე გავუკეთებთ მას კომენტარს.
1. ციტატა: “მთის
ამ სოფელში ცხოვრობს 45 ოჯახი. მათი უმრავლესობა – კათოლიკები, ანუ “ფრანგები”
არიან, როგორც მათ უწოდებენ საქართველოში”. (ციტატის დასასრული). ეს ცნობა
“ფრანგებად” წოდებასთან დაკავშირებით მართალია და ასახავს იმ მოვლენას, რომ ისტორიულად
ქართველთა ცნობიერებაში მართლმადიდებლობა და ქართველობა განუყოფელ ცნებებად
ჩამოყალიბდნენ, იმდენად, რომ ქართული გვარ-ტომის, მაგრამ არამართლმადიდებლური
აღმსარებლობის პირებს უწოდებდნენ: ზოგს ფრანგებს, ზოგს სომხებს და ზოგს
თათრებს.
2. ციტატა: “ხუთი
ოჯახი, როგორც ისინი (“გაფრანგებული” ქართველები) ამბობენ, “დაუბრუნდნენ”
მართლმადიდებლობას” (ციტატის დასარული). ეს ცნობა ასახავს ქართველ ხალხში
იმ ისტორიული მეხსიერების არსებობას, რომლის მიხედვითაც თვით “გაფრანგებულ”
ქართველებსაც ახსოვთ, რომ მათი წინაპრები მართლმადიდებელნი იყვნენ. ამიტომაც
იხმარება სიტყვა “დაუბრუნდნენ”.
3. ციტატა: “პირველად
საქართველოს მაცხოვრებლების მასიური მოქცევა კათოლიკობაზე დაიწყო მე-13 საუკუნეში.
სწორედ მაშინ, კათოლიკე მისიონერები, ძირითადად ფრანგები, პირდებოდნენ
ახლადმოქცეულებს რომის პაპის დაცვას თურქთა თავდასხმებისაგან” (ციტატის
დასასრული). უცნაურია, თუ როგორ ამხელენ პაპიზმის სიცრუეს და მზაკვრობას თავად
პაპიზმის მიმდევრები, ვინაიდან ის, თუ როგორ დაიცვა პაპმა და მისმა მიმდევარმა
სახელმწიფოებმა საქართველო თურქთა თარეშისაგან, და რა გამოიტანა
გაკათოლიკებულმა სულხან-საბამ იმ სახელგანთქმული ვერსალიდან, ეს საქართველოს
ისტორიაში ზედმიწევნითაა ცნობილი. საკვირველია ფრანგობაზე მიქცეულთა, პაპის
მიერ ცდუნებულთა და მოტყუებულთა უმეცრება, კიდევ რომ სჯერათ პაპის
უცოდველობისა და უცდომელობისა. ეს არის ისტორიული სიბეცე დაუმოძღვრავი ერისა.
4. ციტატა: “ჩვენ
მოველოდით წინააღმდეგობას ადგილობრივი სამღვდელოების წარმომადგენლებისაგან, მაგრამ
მათ, პირიქით, მოიწონეს ჩემი ჩანაფიქრი, ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი
ტრისტან კობახიძე, მშენებლობის ერთერთი ინიციატორი, ამჟამათ კი მშენებლობის
ხელმძღვანელი” (ციტატის დასასრული). სამწუხაროდ ეს ცნობა ასახავს იმ
სავალალო ვითარებას, რომ მწვალებლობათა და სექტების გავრცელების ერთ-ერთი
მთავარი წინაპირობაა მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივ წარმომადგენელთა
უმოქმედობა, ხშირ შემთხვევაში –უზნეობა, რაც აბრკოლებს და განარიდებს
ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჭეშმარიტი ეკლესიისაგან, რომელთაც შემდგომ,
უპატრონოდ დარჩენილებს, ეპატრონება მაცდური და მიჰყავს დასაღუპავში. ჩვენი
ეკლესიის წარმომადგენელთა ამ უმოქმედობას და ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივ
ქმედებებს ჩვენ განვიხილავთ უფრო დიდ დანაშაულად, ვიდრე ხელისუფლების
უმოქმედობასა და თავის მოქალაქეებზე არ ზრუნვას. ჩვენთვის მრავალი ფაქტია
ცნობილი საულიერო პირთა უზნეობების შესახებ და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების
ფარგლებში, ქრისტიანული წესის შესაბამისად, ვამხელთ ამ უზნეობას ეკლესიისა და
მრევლის წინაშე.
5. ციტატა: “ეკლესიას
ყველა ერთად უნდა აშენებდეს, - თვლის მიხეილი, მართლმადიდებელი მესხი, რომლის კათოლიკე
წინპრები გადმოსახლდნენ აქ 1918 წელს ასპინძიდან, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენ
ქრისტიანები ვართ და ვეხმარებით ქრისტიანებს” (ციტატის დასასრული). სწორედ
ამ საფრთხეზე მოგახსენებდით ზემოთ. იწოდებიან რა ქრისტეანებად, პაპისტები
მრავალს აცდუნებენ უმეცრებისა გამო. ამითვის კი ხელშემწყობ პირობებს ქმნის ის
გარემოება, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი სამღველოება არ მიდის მოსახლეობასთან,
არ უქადაგებს და არ განუმარტავს ჭეშმარიტებას, არ ეხმარება მას გაჭირვებაში,
პირიქით, პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით ხშირად ტვირთადაც აწვება
მის ისედაც ხელმოკლე ყოფას.
6. ციტატა: “მე
მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ჩემი ნაცნობები ხიზაბავრადან, რომელთანაც მე
ვსწავლობდი სკოლაში, კათოლიკები არიან, - უკვირს ირაკლის, ლაგოდეხელ მძღოლს, -
ვფიქრობ, თვით მათაც ცოტა ხნის წინ შეიტყვეს ამის შესახებ” (ციტატის დასასრული).
ხომ ხედავთ, - უპატრონოდ მიტოვებულებთან მივიდნენ მაცდუნებლები, აუხსნეს და
გააგებინეს, რომ ისინი “კათოლიკები” არიან. აი ეს არის მართლმადიდებელი
ეკლესიის მსახურთა დანაშაულებრივი უმოქმედობა.
7. ციტატა: “ჯერ
კიდევ ცოტა ხნის წინ ლაგოდეხის კათოლიკები დადიოდნენ მთელ ლაგოდეხის რაიონში მოქმედ
ერთადერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ცოტა ვინმე თუ აქცევდა ყურადღებას იმას,
რომ ისინი პირჯვარს ცოტათი განსხვავებულად იწერდნენ და მიმართავდნენ თავის
ლოცვებს სხვა წმინდანების მიმართ” (ციტატის დასასრული). გაუგონარი განუკითხაობაა.
ჩვენ ვსაყვედურობთ მართლმადიდებელ ღვთისმსახურებს, რატომ არ მიდიან ხალხთან,
არ უქადაგებენ ჭეშმარიტება და არ უპატრონებენ მათ. თურმე ამას ვინ ჩივის, გზას
აცდენილები თავისი ფეხით მისულან მართლმადიდებელ ეკელსიაში და როგორებიც
შევიდნენ ისეთებივე გამოვიდნენ, შესაძლოა კიდევ უფრო განმტკიცებულები თავის
მწვალებლურ რწმენაში, ვინაიდან წამოიწყეს საკუთარი “ეკლესიის” მშენებლობა,
რასაც, მათივე თქმით, ადგილობრივი სამღვდელოება მოწონებითაც შეხვედრია. რა
თქმა უნდა, ეს ფაქტები შესაძლოა ქრონოლოგიურად დაშორებულია ერთმანეთისაგან,
მაგრამ არსებითად მისი შინაარსი სწორედ ასეთია.
8.ციტატა: “მშენებლობა
დაიწყო ერთი წლის წინ, ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღო საქართველოს კათოლიკურმა
ეპისკოპატმა, რომელიც, თავის მხრივ, ფინანსდება ვატიკანის მიერ” (ციტატის
დასასრული). ასე ყიდულობს ვატიკანი ქართველთა სულებს “30 ვერცხლად”.
9. ციტატა: “კათოლიკური
ტაძრის მშენებლობასთან ერთად, თითქმის იმავდროულად, დაიწყო მეზობელ სოფელში მართლმადიდებელი
ეკლესიის მშენებლობა. მაგრამ მართლმადიდებლური ბაზილიკის მშენებლობა
მიმდინარეობს გაცილებთ ნელა – უკმარია ფული და ენთუზიაზმი” (ციტატის დასასრული).
აქ კომენტარი ზედმეტია!
10. ციტატა:
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთან ივლიან არა მარტო კათოლიკები, არამედ მართლმადიდებლებიც,
- ამბობს ტრისტან კობახიძე” (ციტატის დასასრული). ეს არის საფრთხე
პაპიზმისა, აცდუნოს დაუმოძღვრავი, უპატრონოდ მიტოვებული ხალხი, ფულითა და
შეპირებებით მიიზიდოს და დაეპატრონოს მათ სულებს. ასეთი საფრთხის პირობებში კი
საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი ხელს აწერს პაპისტებთან და სხვა
მწვალებლებთან ერთად დოკუმენტს პროზელიტიზმზე უარის თქმის შესახებ. ეს არის
ღალატი ქრისტეს ეკლესიისა და ხლხისა. აქ იჩენს თავს ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი
წარმომადგენლის მზაკვრული სიცრუე, როდესაც ცდილობს დააბრუნოს საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო ეკლესიათა ეკუმენურ საბჭოში იმ მოტივით, რომ
უქადაგოს ავადმადიდებლებს მართლმადიდებლობა, მაშინ, როდესაც ჩვენი ეკლესია
თავის ქვეყანაშივე ამბობს უარს გამოსტაცოს მომძლავრებულ მწვალებლებს
წარტაცებული თანამემამულენი.
11. ციტატა:
“ერთმა ქართველმა კათოლიკე მღვდელმა უკვე მიიღო ხარისხი პოლონეთში, საიდანაც
დაბრუნდება საქართველოში ორი წლის შემდეგ. მანამდე კი პოლონელ და იტალიელ
სასულიერო პირებს უწევთ ქართულის სწავლა” (ციტატის დასასრული). ქართველ
სასულიერო პირთა უმოქმედობის ფონზე შესაშურია მწვალებელ მსახურთა გარჯა და
გულმოდგინება.
12. ციტატა:
“ჩვენ არ ვითხოვთ ყველა ტაძრის დაბრუნებას, - ამბობს ციცინო ხითარიშვილი, -
მაგრამ ვერ დავრჩებით გულგრილნი, როდესაც ყოფილი კათოლიკური ეკლესიები პირდაპირ
მახინჯდება, როგორც ეს მოხდა გორში, სადაც ტაძრის ფასადს მისცეს მართლმადიდებლური
სახე” (ციტატის დასასრული). აი ასე მჟღავნდება პაპისტთა “ქრისტიანული
სიყვარული” მართლმადიდებელთა მიმართ. ამ ფრაზიდანაც გამოსჭვივის პაპიზმის,
როგორც მიწიერადქმნილი ორგანიზაციის ერთი დამახასიათებელი ნიშანი, თუ როგორ
ზრუნავს, მისი სახით, სულიერი სიმახინჯე გარეგნულ მშვენიერებაზე და როგორ ვერ
იტანს მართლმადიდებლობის ნიშან-თვისებას, დასძლიოს და უარყოს მიწიერი და
გარეგნული ბრწყინვალება. იმავე ციტატაში იგრძნობა მუქარის ტონი, რის საფუძვლიანობაში
ქვემოთ დავრწმუნდებით.
13. ციტატა:
“საქართველოს სამღვდელოებაში საკმაოდ ფრთხილად უკეთებენ კომენტარს
კათოლიკური ეპისკოპატის მოქმედებებს. სამღვდელოების უფრო მეტად კინსერვატული წარმომდგენლები
თვლიან, რომ დღეს სავსებით შეიძლება საუბარი კათოლიკურ ექსპანსიაზე. ამის
მიუხედავად, დღეს საუბარი შეიძლება უფრო თანამშრომლობაზე კათოლიკებსა და
მართლმადიდებლებს შორის, ვიდრე მათ დაპირისპირებაზე” (ციტატის დასასრული).
ე.ი წერილის ავტორის აზრით, ხსენებული “კონსერვატული” (ეს უკანასკნელი
დასაძრახი სიტყვაა მისთვის) წარმომადგენლები ვერ ქმნიან ამინდს საქართველოს
ეკლესიაში. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არიან, მათი აზრით, ისინი, ვინც ქმნიან
ამინდს? ერთ კონფლიქტურ შემთხვევაში, როდესაც პაპისტ მწვალებელთა ერთ-ერთ
ლიდერს საქართველოში, ე.წ. “მღვდელ” გაბრიელ ბრაგანტინის, რომელიც მის სამწყსოსთან
ერთად მესას ატარებდა, არც მეტი არც ნაკლები, მართლმადიდებელი ეკლესიის
შემოგარენში, მოსთხოვეს, დაეტოვებინა ეკლესიის სამფლობელო, მან მუქარით მოუგო,
რომ დარეკავს საპატრიარქოში და მოახსენებს (ვისაც ეგების) ამ არაკეთილმასპინძლური
დამოკიდებულების თაობაზე. სამწუხაროდ არიან საქართველოს ეკლესიაში საულიერო თუ
არასასულიერო პირები, რომელთა კეთილგანწყობითაც სარგებლობენ პაპისტები. მაგრამ
მაინც ვერ დავარქმევთ სიტუაციას “იდილიურს”, როგორც ეს პაპისტებს სურთ
წარმოაჩინონ. მაგალითისათვის, ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირში, პაპისტთა
ბუნაგში, მათ ე.წ. კატეხიზატორულ ცენტრში, მოხდა ადგილობრივი და თბილისიდან
Üჩასული სამღვდელოების და მრევლის მიერ პაპისტთა “სულიერი ხელმძღვანელის”
საქართველოში – ჯუზეპე პაზოტოს მხილება სოფლის მოსახლეობის წინაშე. თუმცა,
ვითარება რომ სავალალოა, ამის ნათელ გამოხატულებად იქცა ის მოვლენები,
რომლებიც წინ უძღოდნენ პაპის ვიზიტს საქართველოში, როდესაც ამ ვიზიტისადმი
უარყოფითი დამოკიდებულება ხმამაღლა ეკლესიის მსახურთაგან ბევრმა არ გამოხატა,
რითაც ცუდი სამსახური გაუწია ეკლესიასა და მრევლს და ხელი შეუწყო შემდგომში
პაპიზმის გავრცელებას საქართველოში.
14. ციტატა:
“ორ ქრისტიანულ კონფესიას შორის მკვეთრი წინააღმდეგობის არ არსებობის დასტურია
რომის პაპის ვიზიტი საქართველოში 1999 წელს. თბილისში მას შეხვდნენ არნახული
ტიუმფითა და სიხარულით. რიგი სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში
არ იყო რაიმე ექსცესები და საპროტესტო მიტინგები” (ციტატის დასასრული).
მიტინგებისა და ექსცესებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოში იყო რიგი
საპროტეტო გამოსვლებისა მართლმადიდებელ ღვთისმსახურთა მხრიდან ვიზიტის
დაუშვებლობასთან დაკავშირებით, ასევე საჯარო ლოცვები და პარაკლისები ჩვენი
ეკლესიის და მისი მრევლი დასაცავად. აშკარაა, რომ აქ წერილის ავტორი მისთვის
სასურველს სინამდვილედ მიიჩნევს. ამ ნებსითი თუ უნებლიე სიცრუის გამოსააშკარავებლად
მივიყვანთ ციტატას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლ ეკუმენიოსტურ გაზეთ
“რუსკაია მისლ”-იდან, რომელიც საქართველოში პაპის ვიზიტთან დაკავშირებით
წერდა: “მთელი ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანებისათვის სამწუხაროდ,
საქართველოში აღმოჩნდა შეუდარებლად უფრო რთული სიტუაცია, ვიდრე ის, რომელიც
ჩვენ სიხარულით და იმედით ვიხილეთ პაპის ამასაწინანდელი მოგზაურობისას
რუმინეთში”.
15. ციტატა:
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II მხრიდან ვიზიტისადმი არაკეთილგანწყობა
ძალიან გაზვიადებულია რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ” (ციტატის
დასასრული). აქაც წერილის ავტორი სასურველს სინამდვილედ მიიჩნევს. ჩვენ გვჯერა
ჩვენი პატრიარქის მართკვეთელობის, რომ იგი სწორ პოზიციას დაიჭერს პაპიზმის
ერესთან და ეკუმენიზმთან მიმართებაში.
16. ციტატა:
“საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე ესწრებოდა პაპის მესაზე, დგებოდა, სადაც და
როდესაც საჭირო იყო, ფეხდგომელამ წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა, რომელიც პაპმა
მჯდომარემ მოისმინა” (ციტატის დასასრული). როგორც ჩანს “გიორგიმ” ვერ
სძლია “ედუარდს” იქ, სადაც არ იყო ადგილი მისი, თორემ დიოკლიტიანეც ვერ დაუდგებოდა
წინ. ხედავთ, როგორი ხედვაა პაპისტებისა? პაპი ზის, პრეზიდენტი დგას.
ყველასთვის ცხადია, თუ რატომ ესმება ამას ხაზი. აქედან გამომდინარე, მათი
მუქარის ტონის მიზეზი, ზემოთ რომ აღვნიშნეთ, საცნაური ხდება.
დასასრულ გვინდა
აღვნიშნოთ, რომ წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის
კავშირი წინ აღუდგება მწვალებელთა მცდელობებს, გაავრცელონ თავიანთი ცრუ
სწავლებები და ორგანიზაციები საქართველოში. იგი დაიცავს მართლმადიდებელი მრევლისა
და თავისი თანამემამულეების უფლებებს მწვალებელთა მხრიდან ძალადობის, დენის,
მოსყიდვის, გადაბირებისა და მსგავსი ქმედებების შემთხვევაში. იგი არ იზიარებს
პროზელიტიზმის აკრძალვას, ექადაგოთ მწვალებლობაში მყოფ თანამემამულეებს
ჭეშმარიტება, რათა დაუბრუნდნენ ისინი ღვთის წიაღს და ამხელს ეკლესიის იმ
მსახურებს, სასულიერო თუ საერო პირებს, რომლებიც მფარველობენ პაპისტებს
საქართველოში.
ამ დოკუმენტით
საქართველოს ეკლესია, ფაქტიურად, უარს ამბობს თავის ისტორიულ მისიაზე
საქართველოში, უქადაგოს ავადმადიდებელ თანამემამულეებს ჭეშმარიტება და დაიხსნას
ისინი მწვალებელთა და სექტანტებთაგან
|