მთავარი
ჩვენს შესახებ
სიახლეები
მოვლენები
წერილები
ბროშურები
მიმართვები, ბუკლეტები
წიგნები
პერიოდული ბიულეტინი
მულტიმედია
თავჯდომარის გვერდი
მშკ გვერდი
ბმულები
კონტაქტები
|
მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი
მართლმადიდებელ
და რომაულ-კათოლიკურ (პაპისტურ) სარწმუნოებათა შორის განსხვავება ეხება ქრისტიანული
სარწმუნოების თვით დედაარსს და იმდენად არსებითია, რომ პაპიზმი და მართლმადიდებლობა
ორ სხვადასხვა რელიგიად წარმოგვიდგება. მართლმადიდებლობა რწმენას იმ სახით
ინახავს, როგორი სახითაც იგი უფალმა იესო ქრისტემ მოგვცა, იქადაგეს
მოციქულებმა, განმარტეს მსოფლიო კრებებმა, წმიდა მამებმა და ეკლესიის მოძღვრებმა.
ქრისტიანობა ღმრთივგამოცხადებულ რელიგიად გვევლინება და ადამიანთა მოსაზრებებით
მასში ცვლილებების შეტანა სცვლის ღმრთივ ბოძებულ ჭეშმარიტებას. იესო ქრისტემ
მოწაფეებს თავისი მოძღვრების უცვლელად დაცვა უანდერძა. მოციქული პავლე ამბობს:
„არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა,
რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩვენებულ იყავნ“ (გალ. 1.8). რომის ეკლესიამ, ამ
ცნების საპირისპიროდ, შეცვალა სახარებისეული ჭეშმარიტი სწავლება და მრწამსი,
დოგმატური სული წმიდის მამისაგან წარმომავლობის შესახებ, მიიღო პაპის
უცდომელობის დოგმატი, გამოაცხადა იგი ღმერთის ნაცვალად დედამიწაზე, ასევე
მიიღო სხვა ცრუ სწავლებანი, რითაც დაარღვია ეკლესიის ერთიანობა და მოციქულებრივი
მემკვიდრეობა, განეშორა ღმრთის ეკლესიას და იქცა მიწიერ ორგანიზაციად თავისი
ამბიციური მიზნების განსახორციელებლად – დაიკავოს მთელ ქრისტიანულ სამყაროში
უპირველესი და ხელმძღვანელი როლი და დაიმორჩილოს ყველა ქრისტიანი, პირველ
რიგში – მართლმადიდებლები; ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი მისი მიზანია
გახდეს მსოფლიოს ყველა ძირითადი რელიგიის მიმდევართა „სულიერი“ ბელადი და
წინამძღოლი. ცდომილობათა გამო პაპიზმი, როგორც მწვალებლობა, ჭეშმარიტმა
ეკლესიამ ანათემას გადასცა და ეს ანათემა დღესაც ძალაშია.
პაპიზმის ანტიეკლესიურობა
და ანტიქრისტიანულობა თვალნათლივ ჩანს:
1. პაპიზმის
მიერ უარყოფილია: ყოვლადწმიდა სამება, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი; საღმრთო
რჯულის პირველი მცნება; იესო ქრისტე, როგორც სამყაროს ერთადერთი მაცხოვარი და
კაცობრიობის მსაჯული, მხსნელი და მესია; საღმრთო გამოცხადება; ღმრთაებრივი
ზეშთაგონება; წმიდა სამების განუყოფელობა; ღმრთის ყოვლადსამართლიანობა;
ჭეშმარიტება ქრისტეს ეკლესიის შესახებ; ანტიქრისტე, როგორც ცრუ მესია.
შერყვნილი და დამახინჯებულია ღმრთის განგებით კაცობრიობის ხსნა და
განხორციელებული ძის მისია. უარყოფილია ჭეშმარიტი სწავლება: მომავალი საუკუნო
ცხოვრების, როგორც ღმერთის ცათა სასუფევლის შესახებ; იესო ქრისტეს, როგორც
ღმერთკაცის შესახებ; მისი განხორციელება სულიწმიდისა და ქალწულ მარიამისაგან;
მისი ყოვლადწმიდა დედის, როგორც ღმრთისმშობლისა და მარადქალწულის შესახებ.
2. პაპიზმმა
შეცვალა სახარებისეული სწავლება და დოგმატი სულიწმიდის გამომავლობის შესახებ, რითაც
დაამცირა სულიწმიდის მნიშვნელობა.
3. იგი აცხადებს,
რომ ეკლესიის თავი არის პაპი. ჭეშმარიტი სწავლებით ეკლესიის თავი თავად უფალი
ჩვენი იესო ქრისტეა. მცდარია პაპისტების მტკიცება, თითქოს უფალმა პეტრე
მოციქული, შემედგომში ქალაქ რომის ეპისკოპოსი, დაადგინა ეკლესიის მეთაურად და
ღმრთის მოადგილედ დედამიწაზე. მოციქულთათვის იესო ქრისტეა ერთადერთი მოძღვარი
და არა რომელიმე მოციქულთაგანი. ქრისტე ეუბნება მოციქულებს: „ხოლო თქუენ ნუ
იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ
ყოველნი ძმანი ხართ და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს
მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა“ (მათე. 23. 8-9). თავად მოციქულები პეტრეს
არ თვლიდნენ თავიანთ წინამძღვრად. ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იერუსალიმში
მოციქულთა კრებას წარმართავდა არა პეტრე მოციქული, არამედ იაკობი. (საქმე მოც.
15.13). რომის პაპს არც მოციქულთა შემდეგ პერიოდში თვლიდნენ მსოფლიო ეკლესიის
წინამძღვრად. მსოფლიო საეკლესიო კრებებზე, რომლებიც წარმოადგენენ მთელი
ეკლესიის ხმას, (და არა მხოლოდ რომელიმე ერთი ეკლესიის ხმას), რომის პაპს
პატრიარქების თანაბარი უფლებები განესაზღვრა. ღმერთკაცი იესო ქრისტე, როგორც
განკაცებული ღმერთი, ერთდროულად ყველგან და ყველასთან მყოფია, მას არავითარი
ნაცვალი და მოადგილე დედამიწაზე არ სჭირდება, რადგან თვითონაა ეკლესიის თავი.
4. 1870 წლის
ივლისში პაპ პიუს IX-ის მიერ მოწვეულმა ვატიკანის I-მა კრებამ მიიღო დოგმატი
„პაპის უცდომელობის შესახებ“ (533 ხმით 2-ის წინააღმდეგ), რომლის მიღებასაც
დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფვოდა პაპიზმი. ამ დოგმატის გამოცხადებამ თვით
კათოლიკურ სამყაროში გამოიწვია პროტესტი. უფალმა სარწმუნოების საკითხებში
შეუმცდარობა მიანიჭა მთელ ეკლესიას და არა რომელიმე ცალკეულ პიროვნებას. პავლე
მოციქული ამბობს, რომ ეკლესია არის „სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა“ (ტიმ.
3.15). „საქმე მოციქულთადან“ ჩანს, რომ მოციქულებმა მნიშვნელოვანი საკითხების
გადასაწყვეტად კრება მოიწვიეს, რომელზეც ერთობით (და არა ცალკეული
პიროვნებების ავტორიტეტით), დაამტკიცეს ეკლესიის სწავლება. თუკი სულიწმიდით
აღვსებულ მოციქულებს სჭირდებოდათ ერთმანეთის აზრის გაზიარება, რაღა უნდა
ვთქვათ რომის პაპებზე, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. არ არსებობს
ისეთი დანაშაული, რომის პაპებს რომ არ ჩაედინოთ: მკვლელობის ურიცხვი სახე,
ღალატი, ასობით ქალწულის შეცდენა, მიცვალებულთა გასამართლება, სოდომური ცოდვა
ბიჭუნებთან, სისხლის აღრევა, ვაჭრობა რითაც კი შეიძლება – სინდისით,
ტიტულებით, ინდულგენციებით; კოცონზე ადამიანის დაწვა; ინკვიზიცია, ჯვაროსნული
ლაშქრობები და მრავალი სხვა.
5. ცალკე უნდა
ითქვას ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ. პაპმა ინოკენტი III-მ (1198-1216 წწ)
მოაწყო 4 ჯვაროსნული ლაშქრობა, აიღო და დაანგრია კონსტანტინოპოლი. 1212 წელს
მოაწყო ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა – 30000 ბავშვს საფრანგეთიდან შეუერთდა
20000 ბავშვი გერმანიიდან. მათი უმრავლესობა დაიღუპა ალპებში, დაიხრჩო ზღვაში,
გადარჩენილები კი ეგვიპტეში მონებად გაიყიდა. პაპი გრიგოლ IX (1227-1241 წწ) –
მისმა არმიამ მარტო ერთ სოფელში დახოცა 6000 ქრისტიანი გლეხი (ამასაც
ჯვაროსნული ლაშქრობა ერქვა). პაპმა დალოცა ეს გამარჯვება. პაპის არმიამ –
ჯვაროსნებმა – სასტიკად დაარბიეს წმინდა ათონის მთის მონასტრები და სავანეები,
მათ შორის ქართველთა მონასტერი – ივერონი, დახოცეს მართლმადიდებელი ბერები,
ცდილობდნენ რა ძალადობის გზით მიეღებინებინათ მათთვის პაპიზმი.
6. კათოლიციზმის
ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ინკვიზიციას – საგანგებო საეკლესიო
საგამოძიებო სასამართლოს. ინკვიზიცია XIII ს-ში დაიწყო. დიდი ინკვიზიტორის
ტორკვემადას დროს ცოცხლად დაწვეს 10000-ზე მეტი ადამიანი. ესპანეთში
ინკვიზიციის პირველსავე წელს 1000-ზე მეტი ადამიანი ცოცხლად დაწვეს, აიყვანეს
ეშაფოტზე ან ნაჯახებით მოჰკვეთეს თავი. 1492 წელს გადაასახლეს ყველა ებრაელი –
170000 ოჯახი – მილიონამდე კაცი. დაახლოებით, 3 მილიონი მავრი და ებრაელი.
ინკვიზიციის ტრიბუნალის გენერალური ინსპექტორის ინსტრუქცია ასე თავდებოდა:
გასრისეთ ყველა, ვიზეც თქვენი ჯაშუშები მიგითითებენ – დამნაშავენი და უდანაშაულონი,
რადგან ჯობს ასი უდანაშაულო დაახრჩო, ვიდრე ცოცხალი დატოვო თუნდაც ერთი
დამნაშავე.
7. კათოლიკეთა
სწავლება წმიდანთა ზეკმარი დამსახურებებისა და ინდულგენციების თაობაზე,
რომელიც აღმოცენდა XIII-XIV საუკუნეებში, მიიჩნევს, რომ წმიდანებს იმაზე მეტი
კეთილი საქმეები აქვთ გაკეთებული, ვიდრე ეს მათი სულების ხსნისათვის იყო
საჭირო. ასე რომ, მათი მეტობა შეიქმს გარკვეულ „კეთილ საქმეთა საგანძურს“ და
პაპს უფლება აქვს, „მისცეს“ ეს კეთილი საქმე ინდულგენციის სახით იმ
ადამიანებს, რომელთაც კეთილ საქმეთა ნაკლებობა აქვთ. სხვა სიტყვებით, ინდულგენცია
არის ცოდვილთა გათავისუფლება სასჯელისაგან წმიდანთა ზეჯეროვანი დამსახურებების
ხარჯზე, მათი ცოდვების დაფარვით. თავდაპირველად ინდულგენცია ეძლეოდათ
ჯვაროსნულ ლაშქრობათა მონაწილეებს, ხოლო შემდეგ, იმ პირებს, რომელთაც ეკლესიის
წინაშე რაიმე დამსახურება ჰქონდათ; შემდგომში ინდულგენციები ფულზე იყიდებოდა
და „უცდომელი“ პაპების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ინდულგენციები იყიდებოდა
როგორც უკვე ჩადენილი, ასევე მომავალში ჩასადენი ცოდვების გამოსასყიდად. ასე
მაგალითად, ადამიანს შეეძლო წინასწარ გადაეხადა თანხა, ხოლო შემდეგ ჩაედინა
ცოდვები, რასაც ეს თანხა ეყოფოდა. ამისათვის შუა საუკუნეებში კათოლიკურ ეკლესიას
შემუშავებული ჰქონდა სპეციალური ნიხრები.
მოვიყვანთ ამ
ნიხრის ზოგიერთ მუხლს:
1. კლირიკოსი
მკვლელი შენდობას იღებს 27 ლირის გადახდით;
2. მამის, დედის
ან დის მკვლელობისათვის შენდობის მისაღებად ცოდვილმა უნდა გადაიხადოს 17 ლირა,
14 სოლდი და 6 დინარი;
3. საკუთარი
შვილის დამღრჩობი მამა ან დედა შენდობის მისაღებად იხდის 17 ლირას და 14 სოლდის;
4.
ეპისკოპოსის მიერ განკვეთა გამოისყიდება 45 ლირად;
5. პაპის ანათემა
გამოისყიდება 45 ლირად;
6. მკრეხელი,
ქურდი, ხანძრის გამჩენი, მძარცველი და სხვა მსგავსნი – შენდობას იღებენ 136
ლირად და 6 სოლდად;
7. მონასტრის
სიწმინდის „დაცვის მიზნით“ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ
მონასტერში შესვლა, მის ახლომახლო საკრავების დაკვრა. დამრღვევი 25 ოქროს
იხდის;
8. მრუშობაში
დაჭერილი მონაზონი 500 დუკატს იხდის.
ინდულგენციები
XVI საუკუნეში კათოლიკური ეკლესიის განხეთქილებისა და პროტესტანტიზმის აღმოცენების
უშუალო მიზეზი გახდა. ამჟამად ინდულგენციები ეძლევათ მოწყალების საქმეებში
მონაწილეობისათვის, გარკვეული რაოდენობის ლოცვათა წაკითხვისათვის და ა.შ.
აგრეთვე ეკლესიისათვის და ეკლესიის სხვადასხვა საჭიროებებზე ტარიფიცირებული
შემოწირულობებისათვის.
პაპიზმის ცრუ
სწავლებანი კიდევ მრავალს მოიცავს, მაგრამ ვფიქრობთ, მოყვანილიც საკმარისია, რათა
დავრწმუნდეთ პაპისტური ეკლესიის ბოროტებასა და მწვალებლობაში.
ისტორიულად საქართველოსთვის
დიდი იყო საცდური პაპიზმისკენ მიდრეკისა, რომელიც განასახიერებდა პოლიტიკურ
სიძლიერესა და კეთილდღეობას, დღევანდელი გადასახედიდან კი ასევე –
ცივილიზაციას, ჰუმანიზმსა და დემოკრატიას. ვინც მიზეზ-შედეგობრიობის
თვალსაზრისით დაკვირვებით გააანალიზებს პაპიზმის წარმოშობის შემდგომი პერიოდის
საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს, ის აუცილებლად აღმოაჩენს ერთ
კანონზომიერებას: ქვეყნის ხელისუფალთა თუ ეკლესიის მღვდელმთავართა მიდრეკას
პაპიზმისაკენ უმალ მოჰყვებოდა ხოლმე ურდოთა, უმეტესწილად, მაჰმადიანთა მიერ
ქვეყნის დარბევა და დანაწევრება. უწყოდა უფალმა ქართველთა მეტი სიმტკიცე
გამუსულმანების წინააღმდეგ და ცოდვილი სისუსტე პაპიზმისაკენ მიდრეკილებისა,
საქართველო მოაქცია მუსულმან სახელმწიფოთა და ტომთა აგრესიულ გარემოცვაში, რაც
იქცა გარკვეულ ფარად და ბარიერად პაპიზმის გავრცელებისა საქართველოში.
ამგვარად ღმრთის სასჯელში გამოვლინდა მისი წყალობა, – საქართველომ განვლო
მოწამეობრივი გზა მუსულმანობასთან ბრძოლაში იმის სანაცვლოდ, რომ შედარებით
უმტკივნეულოდ, ქრისტიანობის სახელით ცდუნებულს, მიეღო პაპიზმის ერესი და
საბოლოოდ დაღუპულიყო.
ცალკე საკითხია
ის სიცრუე, რომლითაც პაპიზმის მისიონერები ცდილობდნენ საქართველოს მოსახლეობის
ცდუნებას – ისინი პირდებოდნენ ახალმოქცეულებს თურქთა თავდასხმებისაგან დაცვას.
თუ როგორ დაიცვა პაპმა და მისმა ქვეშევრდომმა სახელმწიფოებმა საქართველო
თურქთა თარეშისაგან, და რა გამოიტანეს გაკათოლიკებულმა ქართველებმა იმ
სახელგანთქმული ვერსალიდან, ეს საქართველოს ისტორიაში ზედმიწევნითაა ცნობილი.
ახლანდელი პაპიზმი
– ეს არის ანტიქრისტიანული ნეოწარმართული რელიგია, რომელშიც ეთაყვანებიან
პაპსა და კათოლიკეთა გამონაგონ ღმერთ-კერპებს. ქრისტიანული ფრაზეოლოგიის საფარქვეშ
პაპიზმი მალულ ბრძოლას აწარმოებს ღმრთისა და მისი სიტყვის დამცველი
მართლმადიდებლობის წინააღმდეგ; პაპიზმის მიზანია მსოფლიო უნივერსალური
რელიგიის შექმნა, რომლის სათავეში პაპი იქნება, ხოლო მთავარი ამოცანა –
შიგნიდან დაშლა და შთანთქმა მართლმადიდებლობისა, როგორც პაპის „სულიერი
ბატონობის დამყარების გზაზე ძირითადი დაბრკოლებისა“. ამის ნათელი დასტურია
ვატიკანის II კრებაზე (1962-65 წწ) მიღებული ღვთისმგმობი, ჭეშმარიტების
უარმყოფელი და ანტიმართლმადიდებლური სწავლებანი, რომლის მიხედვითაც ვატიკანმა:
აღიარა ჭეშმარიტ „ცხოველ-შემოქმედად“ არაიპოსტასური ღმერთ-კერპები; გააიგივა
წარმართთა „უმაღლესი ღვთაება“ მამა ღმერთთან და მამა ღმერთი ძისაგან და
სულიწმიდისაგან დამოუკიდებლად მიიჩნია; განავრცო კაცთა მოდგმის მსაჯულის
ფუნქცია ალაჰზე; გაუთანაბრა წარმართობის დემონური ზემოქმედება სულიწმიდის
მადლსა და ქმედებას; გამოაცხადა ცხონების შესაძლებლობა ქრისტეს გარეშე. ვატიკანის
მიერ შექმნილმა ბიბლიურმა კომისიამ, რომელშიც იუდეველებიც შედიოდნენ,
განაცხადა, რომ იგი, და მაშასადამე ვატიკანი, უარყოფითად უყურებს ახალი
აღთქმის ზოგიერთ ნაწილს და ბოდიშს უხდის იუდეველებს, ამასთან იუდეველები
ტყუილად არ ელიან მესიას, რასაც უზარმაზარი სულიერი მნიშვნელობა აქვს და ა.შ.
თანამედროვე
მსოფლიოში პაპიზმი თამაშობს მეწინავე როლს ეკუმენისტურ მოძრაობაში, რომლის მიზანია
ანტიქრისტესათვის ტახტრევანის გამზადება. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და
ვატიკანის ჭეშმარიტი მიზნები და ამოცანები ერთი და იგივეა: შეიქმნას მსოფლიო
უნივერსალური წარმართული რელიგია და ანტიქრისტეს ეკლესია. მისი ერთ-ერთი
მთავარი ამოცანაა მართლმადიდებლობის ერთიანობის დარღვევა და მოშლა, მისი
მწვალებლობასა და წარმართობაში განზავება-გათქვეფა და თავისთვის დამორჩილება.
განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ერთ შემთხვევაში ამისკენ მიისწრაფის საბჭო,
ხოლო მეორე შემთხვევაში – პაპი.
ბოლო პერიოდში
გაძლიერდა ვატიკანის ემისართა საქმიანობა საქართველოში, არის მცდელობა სახელმწიფოთაშორისი
ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვონ პრივილეგირებული უფლებები თავის
მწვალებლობის გასავრცელებლად და მართლმადიდებელთა სულების წარსაწყმედად. ჩვენ
არავის მოვუწოდებთ კათოლიკეთა წინააღმდეგ ძალადობისაკენ: ინკვიზიცია
ეწინააღმდეგება ქრისტიანობის სულს. პირიქით, ჩვენ კათოლიკეებს უნდა მოვეპყროთ
თანაგრძნობითა და გულშემატკივრობით, ვილოცოთ მათთვის, როგორც ქრისტიანული
სარწმუნოებიდან მოწყვეტილ კერპთაყვანისმცემელთათვის – პაპიზმის
მსხვერპლთათვის, და თუ ღმრთის ნება იქნება, ვეცადოთ განვუმარტოთ მათ მათი
ცდომილება „სულითა მით მშვიდობისაჲთა“ (გალ. 6.1), გვახსოვდეს მოციქულის
დარიგება: „სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მიმართ“ (კოლ. 4.5), ჩვენ უნდა
დავეხმაროთ ლათინებს, რათა ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მაგრამ,
ამავე დროს უნდა განვეკრძალოთ მათ – არ შეიძლება მართლმადიდებელი დადიოდეს
კათოლიკურ ეკლესიაში სალოცავად, ეზიაროს კათოლიკურ „საიდუმლოებებს“ ან
მონაწილეობა მიიღოს მათთან ერთად ტაძრის გარეთ ლოცვებში. თუ ვინმე ილოცებს
უზიარებელთან ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს (წმ.
მოციქულთა კანონები, 10).
ძვირფასო თანამემამულენო,
მართლმადიდებლებო. ნუ დავუშვებთ პაპიზმის აგრესიას საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ნუ ცდუნდებით პაპისტების მიერ
შეპირებული კეთილდღეობითა და პოლიტიკური მფარველობით, ნუ გაყიდით სულებს 30
ვერცხლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმრთის რისხვა არ ასცდება ჩვენს ქვეყანას,
ქართველ ერს, რომელმაც შვა ამდენი ჭეშმარიტებისთვის მოწამე წმიდანი, დაიცვა და
დღემდე შეინარჩუნა ჭეშმარიტი ეკლესია და ჭეშმარიტი სწავლება სულის ცხონების
შესახებ. ნუ შედრკებით ძმანო და დანო, ვინაიდან ჭეშმარიტი ღმრთის მსასოებელ ერს
ღმერთი არ დატოვებს ნუგეშისა და წყალობის გარეშე.
|